მეწარმეობის სწრაფად ცვალებად სამყაროში, წარმატება ხშირად დამოკიდებულია იმის ცოდნაზე, თუ როდის უნდა გამოიყენო გაფართოების შესაძლებლობა და როდის უნდა დაელოდო სწორ დროს. ისმის კითხვა: რომელი მიდგომა სჯობს სტარტაპის წარმატებისკენ რბოლაში „სწრაფი და ბობოქარი“ თუ „ნელი და მდგრადი“? 2018 წლის წიგნში “Blitzscaling”, რეიდ ჰოფმანი და კრის იე, სილიკონის ველიდან ამტკიცებენ, რომ სიჩქარე არის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა დღევანდელ ეკონომიკაში. კომპანიები კი, როგორიცაა Facebook და Uber წარმოადგენენ წარმატებულ მაგალითებს, რომლებმაც სწრაფად აჯობეს კონკურენტებს ბაზრის დომინირებისთვის.
სამწუხაროდ, ამ სწრაფმა და ბობოქარმა მიდგომამ მრავალი კომპანია მიიყვანა მარცხამდე. ალტერნატიული მიდგომაა ნელი და მდგრადი გზის არჩევა. მაშინ, როცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ უფრო ნელი მოძრაობა კონკურენტებს უპირატესობის მოპოვების საშუალებას აძლევს, ზოგიერთმა კომპანიამ მიაღწია უზარმაზარ წარმატებას მოთმინებით და ზრდის სტრატეგიულად დაგეგმვით. მაგალითად მოვიყვანოთ PillPack, ონლაინ აფთიაქის სტარტაპი 2013 წელს დაარსდა. ის შემდგომში Amazon-მა შეიძინა 2018 წელს. PillPack შეიქმნა MIT Hacking Medicine ჰაკათონიდან 2013 წელს და ვრცელი ექსპერიმენტირება გაიარა. სტარტაპი მონაწილეობდა Techstars აქსელერატორში და თანამშრომლობდა IDEO-სთან პროდუქტის დიზაინისთვის. ნიუ-ჰემფშირში ექსპერიმენტული მაღაზიის მეშვეობით იდეების ვალიდაციის შემდეგ, 2016 წელს, მასშტაბირებაზე დაიწყეს მუშაობა. ეს კი გულისხმობდა თანამშრომლების დამატებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, PharmacyOS-ის გაშვებას და 100 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღწევას. ამრიგად, PillPack-ის წარმატება დაფუძნებული იყო გულმოდგინე დროის განსაზღვრასა და სისტემატურ ექსპერიმენტირებაზე.
ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების გათვალისწინებით, ცხადია, რომ მასშტაბირების დროის შერჩევა კრიტიკულია, მაგრამ რთული გასაგები და შესასწავლი. ამ გაცნობიერებამ მიგვიყვანა საინტერესო კითხვამდე: როდის უნდა გაიზარდონ სტარტაპები?
ადრეული მასშტაბირების რისკები
უახლეს კვლევაში, მკვლევრებმა გააანალიზეს ფართომასშტაბიანი მონაცემები Burning Glass Technologies-იდან და Crunchbase-იდან. ეს მონაცემები მოიცავდა 6.3 მილიონ სამუშაო განცხადებას 2010-დან 2019 წლების შუალედში და გამოქვეყნებული იყო 38,217 აშშ-ში დაფუძნებული სტარტაპის მიერ. აღმოაჩინეს, რომ მასშტაბირებისას სტარტაპები ჩვეულებრივ ქირაობენ თავიანთ პირველ მენეჯერს და გაყიდვების სპეციალისტს მზარდი სამუშაო ძალის კოორდინაციისთვის და მომხმარებელთა ბაზის გასაფართოებლად. ამ მიგნების გათვალისწინებით, ვაკანსიის პირველი განცხადებები ჩაითვალა ამ ორი როლისთვის თანამშრომლების ძიების დაწყების დროდ. ანალიზმა აჩვენა, რომ ადრეული მასშტაბირება (დაფუძნებიდან პირველი 12 თვის განმავლობაში) წარუმატებლობის რისკს ზრდის 20-დან 40%-მდე. თუმცა, ასევე აღმოაჩინეს, რომ როდესაც სტარტაპები რთავენ ექსპერიმენტირებას A/B ტესტირების მეშვეობით, ადრეული მასშტაბირების უარყოფითი ეფექტი წარუმატებლობის ალბათობაზე მცირდება.
რა არის მამოძრავებელი ძალა მასშტაბირების სიჩქარეს, ექსპერიმენტირებასა და წარუმატებლობას შორის დინამიკაში? ეს დაიყვანება ერთ გადამწყვეტ საფუძვლამდე, რომელსაც ყველა სტარტაპმა უნდა გაუმკლავდეს: ვალდებულების რისკი. მასშტაბირება მოითხოვს იდეის, სტრატეგიის ან პროდუქტის მიმართ ვალდებულებას, მაშინაც კი, თუ ის სრულად არ არის დახვეწილი. რისკი, რომელიც ამ ვალდებულების საფუძველშია, იზრდება, როდესაც სტარტაპები ნაადრევად მასშტაბირდებიან, რადგან ისინი საკუთარ თავს კონკრეტული მიმართულებით ბოჭავენ მანამ, სანამ სრულად განავითარებენ თავიანთ კონცეფციას.
საპირისპიროდ, როდესაც სტარტაპები იღებენ დროს მასშტაბირებისთვის, ისინი თავიდან იცილებენ ნაადრევი ვალდებულების რისკს. ეს მიდგომა მათ საშუალებას აძლევს ექსპერიმენტირებისთვის, იდეის დახვეწისთვის და დროთა განმავლობაში გაუმჯობესებებისთვის.
განსაკუთრებით პლატფორმული კომპანიებისთვის, ნაადრევმა მასშტაბირებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს წარმატებას. ამ კომპანიებს ხშირად სჭირდებათ მეტი დრო ექსპერიმენტირებისთვის, სწავლისთვის და თავიანთი ბაზრის ორივე მხარეს არსებული კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების გასაგებად.
რა უნდა გაითვალისწინონ ანტრეპრენერებმა
ნუ იჩქარებთ ადრეულ მასშტაბირებას. პირველ რიგში, სტარტაპებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ადრეული მასშტაბირებისას. მიუხედავად სწრაფი ზრდის მიმზიდველობისა და გაბატონებული ნარატივისა, რომ სწრაფი და მძვინვარე არის საუკეთესო გზა სტარტაპის წარმატებისკენ, მნიშვნელოვანია ფრთხილად მიუდგეთ ადრეულ მასშტაბირებას.
ცადეთ ექსპერიმენტირება. მნიშვნელოვანია ექსპერიმენტირების კულტურის გამოყენება და A/B ტესტირების სტრატეგიული გამოყენება. სტარტაპის ზრდის დინამიკურ ლანდშაფტში, სხვადასხვა კონცეფციით, სტრატეგიითა და მომხმარებელთა სეგმენტებით ექსპერიმენტირება საშუალებას აძლევს მეწარმეებს შეაგროვონ ღირებული ინფორმაცია და დაადასტურონ ვარაუდები მასშტაბირების ძვირადღირებულ პროცესზე ვალდებულების აღებამდე.
წყარო: HBR