12
Jul
2019

სად ხარ შენ? – ანა ღვინიანიძე, #აზრები

12 Jul 2019

M2


ეს #აზრები გულწრფელობის წესებს ეხება. ანუ, იმას, თუ როგორ შეგვიძლია გულწრფელობა.

იმისთვის, რომ მე გაგანდოთ, რას ვფიქრობ, რას განვიცდი და რას შევიგრძნობ, მინდა, ვიცოდე, რომ თანაგრძნობას მივიღებ, თავს შეიკავებთ ჩემი დაცინვისა და გაკიცხვისაგან და ეცდებით, ის გაიგოთ, რისი თქმაც მინდა. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ბევრს ველი. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ის მცირედია, რაც გულწრფელობისთვის მჭირდება.

ვიცი, რთულია. მცირედია, მაგრამ რთულია.

გულწრფელად რომ ვთქვა, რას განვიცდი, მშვიდი გარემო მჭირდება. სასურველი იქნება, თუ თანაბრად განათებულ, თუნდაც, მშვიდი მუსიკისაგან თავისუფალ გარემოში მოგითხრობთ ჩემს აზრებზე, ემოციებსა და ქცევებზე. ვისურვებდი, მობილური ტელეფონიც და სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც საუბარს შემაწყვეტინებდა, ოთახიდან გაგეტანათ. თუ მნიშვნელოვან ზარს ელოდებით, სხვებისთვის გეთხოვათ, ეპასუხათ.

#აზრები მეტყველებაზე.

მე თქვენზე განაწყენებული ვარ. როგორ შემიძლია, ეს გითხრათ?

იქნებ, ასე გითხრათ? 

„საშინლად მოიქეცი. ასე არ უნდა მოქცეულიყავი.“ 

ან, იქნებ, ასე სჯობს? 

„გულდასაწყვეტია, როგორც მოიქეცი.“ 

ან, სულაც, ასე?

„სირცხვილია. ასე როგორ უნდა მოქცეულიყავი?“

რას მივაღწევ, თუ განაწყენებას ასე გამოვხატავ? იმ შემთხვევაში, თუ პირველ ფორმულირებას გამოვიყენებ, სავარაუდოდ, ბრალეულობის განცდა დაგეუფლებათ, განსაზღვრული წესები დაარღვიეთ. შესაბამისად, მე გტუქსავთ იმისთვის, რომ ეს წესები ვერ დაიცავით. თუმცა, ბუნდოვანია, უშუალოდ, რომელი ქცევა რომელ წესს არ შეესატყვისებოდა.

მეორე ფორმულირება დაგაეჭვებთ, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ იფიქრებთ: „რას ნიშნავს, რომ რაღაც გულდასაწყვეტია? ზოგადად, გულდასაწყვეტია?“ 

„სად ხარ შენ ამ ყველაფერში?“

Gilbert Garcin

მესამე ფორმულირება, გარდა იმისა, რომ სირცხვილის აღძვრისკენაა მიმართული, ბრაზსაც გამოიწვევს, რადგან არავის გვიყვარს, როდესაც გვარცხვენენ. მით უმეტეს, როდესაც გვარცხვენენ ისე, რომ არ გვიზუსტებენ, მაინც რა არის შემარცხვენელი ჩვენს ქცევაში. იმ შემთხვევაში, თუ მესამე ფორმულირებას გამოვიყენებ, შესაძლოა, ეს თავდასხმად აღიქვათ და ემოციების ისეთი ნაზავი აღვძრა თქვენში, რომელიც, ვეჭვობ, არაფერში დაგვეხმარება.

შესაძლოა, თქვენ მკითხოთ: „რა გინდა ჩემგან?“ ან „რისი თქმა გინდა ჩემთვის?,“ ან „რას ელოდი ჩემგან?“ და ამ გადამწყვეტ წამსაც კი ვერ შევძლო, ვიყო გულწრფელი – მცდარი ნაბიჯით დავიწყე.

ან ავირჩიო ასეთი გზა:

პირველ რიგში, ვცადო, დავფიქრდე, თქვენმა რომელმა ქცევამ გამანაწყენა, გამაბრაზა ან გამაღიზიანა.

შემდეგ, განვსაზღვრო, რას ველი გულწრფელობისგან. იმას, რომ თქვენი ქცევა ერთბაშად შეიცვლება? იქნებ, ეს, ამ ეტაპზე მაინც, შეუსაბამო მოლოდინია?

შეიძლება, იმაზეც მეფიქრა, როგორ გადმომეცა თქვენთვის ის, რასაც განვიცდი. მაგალითად, მეცადა, მეცნო და სწორად დამესახელებინა ემოცია, რომელიც თქვენმა ქცევამ აღძრა ჩემში. იქნებ, ის, რასაც ბრაზს ვუწოდებ, სასოწარკვეთაა? ან, იქნებ, მარცხის განცდა მაქვს? იქნებ, გავნაწყენდი, დავსევდიანდი? ან, იქნებ, რამდენიმე ემოცია ერთად დამეუფლა?

კარგი იქნებოდა, თუ იმაზეც დავფიქრდებოდი, როგორ მოვიქეცი და რა ვიფიქრე თქვენს ქცევაზე. მეფიქრა, როგორ აღმეწერა თქვენთვის მოვლენების განვითარება, როგორ განმემტკიცებინა ჩემი აზრები ფაქტებით. კარგია, თუ გეტყვით, რომ „მე მახსოვს, რომ შენ ასე და ასე მოიქეცი,“ „როგორც მახსოვს, ესა და ეს მითხარით,“ რადგან ჩემი მეხსიერებაც ზოგჯერ მატყუარაა და შეიძლება, მე მცდარად დავიმახსოვრე რაღაც. 

ან, იქნებ, ჩემზე მესაუბრა. მაგალითად, მეთქვა: „მე გამანაწყენა შენმა უპასუხოდ დატოვებულმა წერილმა,“ „მე შემრცხვა, როდესაც ჩემს პრობლემებზე სხვა მეგობრების თანდასწრებით დაიწყე საუბარი,“ „მე ვბრაზობ იმაზე, რომ არ შემატყობინე შეხვედრის გაუქმებაზე.“

ურიგო არ იქნება, თუ ვეცდები, წარმოვისახო, რა შედეგს ველოდები ჩემი გულწრფელობისგან და დავფიქრდე, რამ შეიძლება შემიშალოს ხელი გულწრფელობაში. მაგალითად, იქნებ, მარცხის განცდა მეუფლება, როდესაც ჩემს გულწრფელობას ისე ვერ იგებენ, როგორც მინდა, გაიგონ? იქნებ, ველი, რომ ადამიანი, რომელთანაც გულწრფელად საუბარი მსურს, უგულებელმყოფს, დამამცირებს ან მომავალში ზიანის მიყენებისთვის გამოიყენებს ჩემს გულწრფელობას? იქნებ, მჯერა, რომ ადამიანი, რომელთანაც გულწრფელად საუბარს ვგეგმავ, მაინც ვერ გაიგებს, რისი თქმაც მინდა? ან, რამდენად გონივრულია ამ ადამიანთან გულწრფელობა?

როგორ ვმოქმედებ, როდესაც ვთვლი, რომ უგულებელმყვეს, ან, როდესაც მექმნება განცდა, რომ ისე არ ესმით, როგორც მე მინდოდა, გაეგოთ, რას ვგრნობ, რას ვფიქრობ, როგორ ვიქცევი. იქნებ, ძლიერი ბრაზი მეუფლება, იქნებ, ვღიზიანდები და ვტირი?

მოკლედ, უკეთესი იქნება, თუ წარმოვიდგენ, როგორ მოვიქცევი, თუ მოლოდინი გამიცრუვდა.

სად ვარ მე ჩემს სიტყვებში?

და, თუ შესაძლოა, მოლოდინი გამიცრუვდეს, შემიძლია, გულწრფელი ვიყო?


ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი

განხილვა