Leavingstone რომ დამფუძნებლებმა დატოვეს, ეს, ალბათ, უკვე ყველამ იცით. საინტერესოა, საით და რატომ გაფრინდნენ თოლიები, ან რა ხდება ახლა სააგენტოში?! უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კრეატიულ ციფრულ სააგენტოში?! „ლივინგსტონი“ 2010 წელს, ვახო ვახტანგიშვილმა, ირაკლი თევზაძემ, გიორგი ბურჭულაძემ და ლევან ლეფსვერიძემ შექმნეს . . . შემდეგ იყო დიდი გზა – ალბათ, ბევრი მარცხი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გამარჯვება შინ თუ გარეთ, მათ შორის შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი Cannes Lions-ის ბრინჯაოს ლომი, თანაც ორჯერ! გავიდა დრო და 9 წლის თავზე, ოთხივემ ერთად სააგენტო დატოვა. . .
ყველაფერი კი იმ წერილით დაიწყო, ერთ დღეს, „ლივინგსტონის“ ყველა თანამშრომელმა რომ მიიღო.
„მოგეხსენებათ, წელიწადზე მეტია, ცვლილებებისთვის ვემზადებოდით, დავიგეგმეთ საერთაშორისო ექსპანსიაზე, გადავახალისეთ მოწყობა, გერმანელი კაცი [ფოლკერ ვრაგე] სრული დატვირთვით ჩამოვიყვანეთ . . . მართვის სადავეები ლიდერშიფს და ახალ CEO-ს გადავულოცეთ. სრულიად ჩამოვცილდით კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტს და სიამაყით სავსე თვალებით გიყურებთ გვერდიდან“.
ეს რომ რომელიმე ჰოლივუდურ ფილმში მომხდარიყო, წერილს ემოციები – ჩახუტება და ცოტა ცრემლი მოჰყვებოდა. მაგრამ რადგან საქმე ყველაზე რეალური თოლიების შემქმნელებს, Leavingstone-ის დამფუძნებლებს ეხებოდა, „ბევრი მითქმა – მოთქმა გამოიწვია, მაშინვე გაჩნდა კითხვები: სად წავიდნენ?, რატომ წავიდნენ? ნუთუ, მართლა წავიდნენ?“.
მოდით, დავიწყოთ წასვლით: ვახო ვახტანგიშვილი BOG-ის გუნდს შეუერთდა. ირაკლი თევზაძემ „ლივინგსტონის“ ამჟამინდელ სტარტაპებში გადაინაცვლა. დანარჩენებზეც გზადაგზა გიამბობთ. თუმცა, სააგენტო მათთვის მაინც ყველაზე მთავარია – „გადამდგარი ოთხეული“ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში რჩება, როგორც თავად ამბობენ, ძირითადი საფიქრალი „Leavingstone-ის განვითარება და ახლებური მოწყობაა, ახალი ჰორიზონტების ძიება და აღმოჩენაა.

„ეს ნაბიჯი სპონტანურად არ გადაგვიდგამს. წელიწადნახევრის წინ, მივიღეთ გადაწვეტილება: შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, დავიწყეთ გუნდების ფორმირება, მოვიწვიეთ CEO ფოლკერ ვრაგე, დასავლური გამოცდილებით და „ლივინგსტონის“ საერთაშორისო სააგენტოდ ფორმირების სურვილით. და, დღეს ჩანაფიქრი უკვე სისრულეშია მოყვანილი. ჩვენი მოტივაცია და მამოძრავებელი ოცნება ყოველთვის იყო, აგვეშენებინა ძლიერი და დამოუკიდებელი „ლივინგსტონი“ – სააგენტო, რომელიც ათწლეულების ან, თუნდაც, ასწლეულების განმავლობაში განაგრძობს წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას. ამიტომაც, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ჩვენი ფიქრი და ძალისხმევა მივმართოთ დამოუკიდებელი „ლივინგსტონის“ განვითარებისკენ და არა ყოველდღიური ოპერაციების შესრულებისკენ“.
და რა ხდება „ლივინგსტონში“ თოლიების გადაფრენის, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ხელმძღვანელობიდან წასვლის შემდეგ?!
ეკო ჩუბინიძე (Leavingstone-ის კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი): ახლა სააგენტოში წლის ყველაზე დატვირთული პერიოდი გვაქვს. ოფისში უკვე ისმის სხვადასხვა ბრენდებზე მორგებული საახალწლო განწყობის ტექსტები, მათ შორის არის „ზუმერი“. ცოტა ხნის წინ „დავლონჩეთ“ სტარტაპი VVine. ალბათ, ბევრმა უკვე გაიცანით დაკარგული შოთას ისტორია. სიახლეები გვაქვს საერთაშორისო ფრონტზეც. ჩვენი კლიენტების სიას SIEMENS შემოუერთდა. ამის გაგონებაზე, ყველა გვეკითხება „ის SIEMENS?” – კი, ზუსტად ის SIEMENS. გერმანიის ოფისთან ძალიან საინტერესო პროექტის ვებპლატფორმაზე ვმუშაობთ, რომელსაც გეგმის მიხედვით, ამ წლის ბოლომდე დავასრულებთ.
სიახლეებთან ერთად, ალბათ, ისიც გაინტერესებთ, რას ფიქრობენ სააგენტოს თანამშრომლები და როგორ აგრძელებს Leavingstone ცხოვრებას, დამფუძნებლების წასვლის შემდეგ?!

ამ კითხვაზე პასუხი სუბიექტური რომ არ ყოფილიყო, რამდენიმე „გზადშემოფეთებულ“ „ლივინგსტონელს“ ჰკითხა და ყველასგან იდენტური პასუხი მიიღო.
„ ეს ცვლილება, პირველ რიგში, იმიტომ იყო სწორი და დროული, რომ თანამშრომლების უმეტესობას არც კი უგრძვნია რამე თუ შეიცვალა. მგონია, რომ ეს ნებისმიერი ლიდერისთვის მიღწევაა – შექმნა ისეთი გარემო, რომელსაც უკვე შენ გარეშე შეუძლია არსებობა და განვითარება. პირადად მე, ორი დაკვირვება მაქვს და მეტწილად CEO-სა და ლიდერშიპის გუნდს ეხება. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ სააგენტოს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა გაიზარდა. ეს ყველაფერი იმას ჰგავს, მშობლების სახლიდან რომ მიდიხარ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ. პასუხისმგებლობას თან მოჰყვება ძალიან დიდი ცნობისმოყვარეობა – „აბა, ჩვენ რა შეგვიძლია?“ – ცნობისმოყვარეობა არის ის, რაც „ლივინგსტონს“ ამოძრავებს“, – ამბობს ეკო ჩუბინიძე.
ხელმძღვანელობასთან ერთად, შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურაც. სოციალური მედიისა და კრეატივის გუნდების გაერთიანების შემდეგ, სააგენტოში ორი კრეატიული დირექტორის, ბექა ადამაშვილის და პავლე გაბრიჭიძის გუნდები ჩამოყალიბდა. „ლივინგსტონში“ ფიქრობენ, რომ ახალი მენეჯმენტი საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილები იყვნენ და თითოეული ბრენდის გარშემო შეკრან გუნდი, კომუნიკაციის ყველა ეტაპი ერთად დაგეგმონ და ყველა პლატფორმაზე ბრენდის კონსისტენტურობა უზრუნველყონ. დამოუკიდებელ გუნდად ჩამოყალიბდა Online Advertising Unit, რომელიც ეტაპობრივად იზრდება და სააგენტოს მედია განთავსების შესაძლებლობებს გააძლიერებს.
„ახალმა ხელმძღვანელობამ ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს და რისი შექმნა სურს. სააგენტოს ერთად ვმართავთ, ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ და გადაწყვეტილებებსაც ერთად ვიღებთ. აქ მთავარი ნდობა და პატივისცემაა. ჩვენი მიზანია, ყველა ბედნიერი იყოს და ეს განცდა მუდმივად იზრდებოდეს. გვჯერა, რომ ბედნიერი ადამიანები კარგად მუშაობენ, კარგ მუშაობას კი ყოველთვის წარმატება მოაქვს. Leavingstone, მომავალში, კიდევ უფრო ერთიანი და კრეატივსა და ინოვაციებზე კონცენტრირებული იქნება. ამ გზაზე დამფუძნებელთა სრული მხარდაჭერა გვაქვს“,- ამბობს „ლივინგსტონის“ CEO ფოლკერ ვრაგე.
რაც შეეხება „ლივინგსტონის მომავალს“, ამბობს, რომ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი სააგენტოს შექმნა სურს.
„ შესაძლო ეს, ვიღაცისთვის უცნაური იყოს და სულაც არ ჰგავდეს ბიზნესგეგმას. მე კი მჯერა, რომ ეს ერთადერთია, რისი კეთებაც ღირს. Leavingstone-ის მომავალი არის სააგენტო, სადაც მთავარი ნდობა და ორმხრივი მხარდაჭერაა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, ცნობისმოყვარე და კრეატიული ადამიანებით, რომლებიც ყოველთვის პოულობენ ეფექტურ გადაწყვეტებს დამკვეთის პრობლემაზე. ჩვენ გვინდა, ყოველ დღე გავიზარდოთ, როგორც პროფესიონალები, როგორც ორგანიზაცია და როგორც პიროვნებები. და თუ ამას შევძლებთ, წარმატება ლოგიკური შედეგი იქნება“.
„ლივინგსტონი“ რომ „პლანეტაზე ყველაზე ბედნიერ სააგენტოდ“ იქცეს, მათი აზრით, კომპანიის განვითარება და ახლებური მოწყობაა საჭირო. ამისთვის სამი მიმართულება გამოყვეს:
- „კულტურის შენება – „ლივინგსტონში“ ასზე მეტი თანამშრომელია და ჩვენი სურვილია, ფორმალურად თუ არაფორმალურად, მოვახერხოთ მათი შთაგონება, იმ ენერგეტიკის, ხედვისა და ღირებულებების გაზიარება, რაც კომპანიის დნმ-ში გვაქვს ჩადებული.
- პროფესიული ზრდის ხელშეწყობა – კარიერული ზრდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, შევქმენით „ლივინგსტონის აკადემია“, რომელიც უკვე „გაეშვა“ და პირველ კურსს ვახო ვახტანგიშვილი კითხულობს. ასევე, მიმართულებების მიხედვით, კონკრეტულ ადამიანებს ვუწევთ მენტორობას, ვუზიარებთ გამოცდილებას, დეტალურად ვუყვებით ჩვენს ხელში გავლილი პროექტების ნიუანსებს, განვიხილავთ წიგნებს და ვარჩევთ სასარგებლო ვიდეოებს.
- ახალი ლიდერების ინტეგრაცია – “ჩვენს ახალ CEO-სა და გუნდის ლიდერებს ვაცნობთ პარტნიორ კლიენტებს. თითოეულ კლიენტთან გვაქვს პირადი შეხვედრები, რათა განვუმარტოთ, რომ ძველებურად პასუხს ვაგებთ „ლივინგსტონის“ გაკეთებული საქმის ხარისხზე და ბოლომდე ვენდობით ახალი გუნდის პროფესიონალიზმს. ასევე, დავრწმუნდეთ, რომ მათი მოლოდინი ყველა ასპექტში გამართლებულია“.
„ლივინგსტონიდან“ დამფუძნებელების ოფიციალურად წასვლის შემდეგ, დაახლოებით, ერთი თვე გავიდა. ამ გადაწყვეტილების შეფასება და გამართლებულ ან პირიქით, გაუმართლებელ მოლოდინებზე საუბარი, ალბათ, უკვე შეიძლება. ამ გადმოსახედიდანაც ოთხივე თანხმდება, რომ მენეჯმენტის ცვლილება სწორი, საჭირო და დროული გადაწყვეტილება იყო. ფიქრობენ, რომ ეს სააგენტოს შემდგომი გაფართოებისა და განვითარებისთვის აუცილებელი იყო, უფრო მაღლა ფრენის სწავლას კი დამოუკიდებლად ფრენა სჭირდება.
ირაკლი თევზაძე: [ჩვენი] ძირითადი ჩვენი მიზანი იყო, კომპანიას დამოუკიდებლად გაეგრძელებინა ფრენა და სწრაფვა იმ მიზნებისკენ, რითაც ის ძირითადი ხაზი, რაც მუდმივად ჩვენთან ასოცირდებოდა – კრეატიულობა და ციფრული მიმართულება- უფრო განმტკიცებულიყო და გაფართოებულიყო. [ამიტომ] შესაბამის ნაბიჯებზე დავიწყეთ ფიქრი და ეს იდეა დღეს უკვე რეალიზდა.
გიორგი ბურჭულაძე: იმის გაცნობიერება და გადაწყვეტილების მიღება, რომ ის კი არ აკეთოს ამიერიდან, რაც მე მინდა, არამედ თავისუფლად განვითარდეს, აზრის ისეთივე საკვანძო ცვლილებაა, როგორიც მშობელი-შვილის ურთიერთობაში დგება და მშობელი, რომელიც ახერხებს, დათმოს აღმზრდელის როლი, ნდობით განიმსჭვალოს შვილის მიმართ და აღუთქვას სიყვარული და თანადგომა, რჩება მუდამ სასარგებლო მეგზურად. ამ გადმოსახედიდან უკვე ბევრი ცვლილება მიმდინარეობს „ლივინგსტონში“, რომელსაც მენეჯმენტი ამუშავებს, პერიოდულად გვიზიარებს, ჩვენ რჩევებითა და გამოცდილებით ვამარაგებთ, ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და ნერგავენ. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია და შესანიშნავი რიტმითა და ხალისით მიმდინარეობს.
ვახო ვახტანგიშვილი: გადაწყვეტილება სწორია! ეს ის მდგომარეობაა, როდესაც არ ვიცით საიდან და როგორ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ სრულიად მართლები ვართ საკუთარ თავთან. სირთულეს რაც შეეხება, ხანდახან იღვიძებს ხოლმე ჩემს გონებაში სახიფათო მომავლის ვერსიები, მაგრამ ძალიან მალე ღრუბელივით გადაივლის იმის გააზრებით, რომ „ლივნგსტონის“ ამჟამინდელ „ლიდერშიპს“ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომელთა ცოდნა, უნარები, ხედვა და სიყვარული, რაღა თქმა უნდა, საქმის და უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის, იმდენად ძლიერია, რომ ვერანაირი ხიფათი ვერ დააბრკოლებს. უფრო სწორად, ვერ დაგვაბრკოლებს, რადგან „ერთხელ ლივინგსტონელი ყოველთვის ლივნიგსტონელია”, მათ შორის ჩვენც, მიუხედავად იმისა, თუ რომელ განედზე ვიმყოფებით.
ლევან ლეფსვერიძე: ვფიქრობ რომ ახლა, „ლივინგსტონი“ არის საუკეთესო პოზიციაში – აქვს ყველა წინაპირობა, რომ დამოუკიდებლად გაუძღვეს პროცესებს და დაიპყროს წარმატების ახალი მწვერვალები. ჩვენ კი გადავინაცვლებთ მენტორების როლში, რაც გულწრფელად რომ ვთქვა მე თვითონ ყოველთვის მაკლდა. რთულია გამოცდილების გარეშე, მარტო გზის გაკვლევა. მინდა, რომ ამ თაობის „ლივინგსტონელებს“ მაღლა ფრენის პროცესი გავუმარტივო და მაქსიმალურად ავარიდო სირთულეებს. ბედნიერად ვიგრძნობ თავს, თუ მათთვის ის ზურგის ქარი აღმოვჩნდები, რაც ჩვენ არასდროს გვიგრძნია.
ავტორი: ლილე ხმალაძე