in

როგორ ვადევნოთ თვალი Artemis II-ის ისტორიულ მისიას

Orion უკვე კოსმოსშია, Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარისკენ მიემართება და ამ ისტორიული მოგზაურობის თვალყურის დევნება დედამიწიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია. NASA-მ შექმნა სპეციალური პლატფორმა, რომელიც საზოგადოებას კოსმოსური ხომალდის რეალურ დროში გაკონტროლების საშუალებას აძლევს. დაახლოებით 10-დღიანი სატესტო ფრენის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს მობილური აპლიკაცითა თუ ბრაუზერით შეუძლია ნახოს, თუ რა მანძილითაა დაშორებული ეკიპაჟი დედამიწას. შეგახსენებთ, რომ ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან მეთაური რიდ ვაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.

ეს ახალი სისტემა კოსმოსის რთულ მისიას რიგითი მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადს ხდის. ხომალდზე დამონტაჟებული სენსორებიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით, პლატფორმა ჰიუსტონის მართვის ცენტრში შემავალ ინფორმაციას ამუშავებს და მარტივ ვიზუალებად გარდაქმნის. იმის ნაცვლად, რომ ეკიპაჟის ადგილსამყოფლის წარმოდგენა ვცადოთ, შეგვიძლია რეალურ დროში დავინახოთ მათი გადაადგილების ტრაექტორია, მანძილი და მისიის მთავარი ეტაპები. სიახლის გამოსაცდელად საკმარისია NASA-ს აპლიკაციის გადმოწერა ან პირდაპირ ვებსაიტზე შესვლა.

პლატფორმაზე მონაცემების განახლება 1-ელ აპრილს, ოთხშაბათს, ხომალდის აფრენიდან დაახლოებით ერთ წუთში დაიწყო და ცოცხალი ინფორმაციის მიწოდება მისიის დასრულებამდე, ანუ ორიონის დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებამდე და წყალში დაშვებამდე გაგრძელდება. ონლაინ სივრცეში მომხმარებლებს შეუძლიათ ზუსტად ნახონ, თუ სად იმყოფება ხომალდი და თვალი ადევნონ მის რვიანის ფორმის მარშრუტს.

NASA-მ ვებსაიტი ისე შეიმუშავა, რომ ის რუკაზე არსებულ პატარა წერტილზე ბევრად მეტს აჩვენებს. სისტემა გამოყოფს მისიის საკვანძო მომენტებს და მიუთითებს მთვარის მნიშვნელოვან ობიექტებზე, მათ შორის აპოლოს პროგრამის დაშვების ისტორიულ ადგილებზე. ეს მაყურებელს საშუალებას აძლევს, დააკავშიროს დღევანდელი მისია, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში აპოლონის ტყუპისცალი დის სახელი ჰქვია, მთვარის ზედაპირის კვლევის პირველ ეპოქასთან.

მსგავსი ფუნქციებია ინტეგრირებული NASA-ს აპლიკაციაშიც, თუმცა მას დამატებული აქვს გაფართოებული რეალობის ტრეკერი. კალიბრაციის შემდეგ, აპლიკაცია ტელეფონის სენსორებს იყენებს და გიკარნახებთ, თუ როგორ ამოძრაოთ მოწყობილობა ისე, რომ ეკრანზე გამოსახული ნიშნულები ზუსტად დაემთხვეს ორიონის რეალურ მდებარეობას.

წყარო: Mashable

თბილისში აფილირებული მარკეტინგის მასშტაბური კონფერენცია G GATE CONF 2026 გაიმართება

და მაინც, რა არის სილამაზე? – კლინიკა „კანი” და „კანი ესთეტიკის” ხედვა