in

რომელმა ქვეყნებმა აჩვენეს ყველაზე დიდი ციფრული პროგრესი 2020 წელს?

ახლა, როგორც არასდროს, ციფრულმა შესაძლებლობებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქვეყნის ზრდისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართულებით. საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან და მიჰყვებიან წარმატებული ქვეყნები ციფრულ ევოლუციას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

2020 წლის განმავლობაში, პანდემიამ გლობალური ეკონომიკის 4.4%-ით შემცირება გამოიწვია. ამავე დროს, მსოფლიოში დაჩქარდა დიჯიტალიზაციის ტენდენცია, რამაც თითქმის ყველა სფერო მოიცვა – იქნება ეს დისტანციური მუშაობა თუ სწავლა. სამწუხაროდ, ფიზიკური ცხოვრებიდან ციფრულ ცხოვრებაზე გადასვლას ყველგან ეფექტური შედეგი არ მოჰყოლია. და მაინც, რა არის საჭირო უფრო წარმატებული შედეგისთვის?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და Digital Evolution Scorecard-ის მესამე გამოცემის შესაქმნელად (2015 და 2017 წლებში HBR–ში გამოქვეყნებული ადრინდელი გამოცემების შემდეგ) ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლა და მასტერქარდი თანამშრომლობდნენ.

2020 წლის გამოცემას ახლავს ინტერაქტიული პოლიტიკის სიმულატორი და გთავაზობთ ეკონომიკის ანალიზს 160 ინდიკატორის კომბინაციის საფუძველზე, ოთხი ძირითადი მამოძრავებლის მიხედვით: მიწოდების პირობები; მოთხოვნის პირობები; ინსტიტუციური გარემო; ინოვაცია და ცვლილებები. მათ საკუთრებისა და საჯარო მონაცემების კომბინაცია 45-ზე მეტი სხვადასხვა მონაცემთა ბაზიდან მოიპოვეს, აგრეთვე, ფლეტჩერის სკოლის ციფრული პლანეტის გუნდმა განახორციელა კვლევა, რათა შემდეგ კითხვებზე მიეღოთ პასუხები:

მიწოდების პირობები – რამდენად განვითარებულია ინფრასტრუქტურა (ციფრული თუ ფიზიკური) ციფრული ეკოსისტემის ხელშესაწყობად? ეს შეიძლება მოიცავდეს გამტარუნარიანობას, ელექტრონული კომერციის შესასრულებლად საჭირო გზების ხარისხსა და ა.შ.

მოთხოვნის პირობები – რამდენად არსებობს საზოგადოებაში ციფრულ ეკოსისტემაში ჩართვის სურვილი? აქვთ მათ შესაბამისი უნარჩვევები და პირობები?

ინსტიტუციური გარემო – მხარს უჭერს თუ არა ქვეყნის კანონები (და მისი მთავრობის ქმედებები) ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას? რამდენად დაცულია მონაცემთა ბაზის ბარიერები?

ინოვაცია და ცვლილებები – როგორია ინოვაციების ეკოსისტემის ძირითადი მონაცემები – ნიჭი და კაპიტალი; პროცესები – უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა; და შედეგები – ახალი, მასშტაბური ციფრული პროდუქტები და მომსახურება.

კვლევის ფარგლებში, წლების განმავლობაში ცვალებადი და ამჟამინდელი „ციფრული სამყაროს“ მდგომარეობა ოთხ კატეგორიად დაიყო:

1) კატეგორია, რომელშიც შედის ეკონომიკა, როგორც არსებული მაღალი ციფრული უნარით, ასევე ძლიერი ციფრული შესაძლებლობების განვითარებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი ქვეყნის ეკონომიკა: სამხრეთ კორეა, სინგაპური და ჰონგ კონგი, როგორც ამ ინდექსის მუდმივად საუკეთესო შემსრულებლები. მათ მთელ მსოფლიოს აჩვენეს, როგორც სწორი ადაპტირება, ასევე ინოვაციების ინსტიტუციური მხარდაჭერა. და მაინც, რა არის საჭირო ასეთი წარმატებისთვის?

  • ციფრული სამომხმარებლო ინსტრუმენტების (ელექტრონული კომერცია, ციფრული გადახდები, გასართობი და ა.შ.) მიღების გაფართოება.
  • ციფრული ნიჭის მოზიდვა, ტრენინგი და შენარჩუნება.
  • ციფრული მეწარმეობის წამოწყება.
  • სწრაფი, უნივერსალური, ფართოხაზოვანი ინტერნეტით უზრუნველყოფა.
  • ციფრული საქონლის, მომსახურების ან მედიის ექსპორტის სპეციალიზება
  • ინოვაციების კოორდინაცია უნივერსიტეტებს, ბიზნესებსა და ციფრულ ხელისუფლებას შორის.

2) კატეგორია, რომელშიც შედის შეზღუდული ციფრული ინფრასქტრუქტურის მქონე, მაგრამ სწრაფად ადაპტირებადი (სწრაფად ახერხებს დიჯიტალიზაციას) ეკონომიკა. მაგალითად, ჩინეთის ციფრული ევოლუცია მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ყველა სხვა ეკონომიკისა, რაც დიდწილად განპირობებულია სწრაფად მზარდი მოთხოვნისა და ინოვაციების კომბინაციით. ინდონეზია და ინდოეთი ასევე ამ ჯგუფის გამორჩეული წევრები არიან, რომლებიც დიდი ეკონომიკის მიუხედავად, მესამე და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. სწრაფად მზარდი ციფრული ინდექსი, პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენისთვის და გრძელვადიანი ტრანსფორმაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

აი, რა ხდის ამ კატეგორიის ქვეყნებს წარმატებულს:

  • მობილური ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესება უფრო ფართოდ გავრცელებისთვის.
  • ინსტიტუციური გარემოს გაძლიერება და ციფრული რეგულაციების შემუშავება
  • ციფრულ საწარმოებში ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული R&D დაფინანსება, ციფრული ნიჭის მომზადება და ციფრული პროგრამების სამუშაო ადგილების შესაქმნელად გამოყენება.
  • ნაბიჯების გადადგმა ციფრული საშუალებების ხელმისაწვდომობის უთანასწორობის შესამცირებლად სქესის, კლასის, ეთნიკური და გეოგრაფიული საზღვრების მხრივ.

3) მესამე კატეგორიას ახასიათებს ეკონომიკა, რომელთა უმეტესობა ევროკავშირშია და აქვთ განვითარებული ციფრული ლანდშაფტები, მაგრამ ნაკლებ იმპულსს ავლენენ უწყვეტი წინსვლისთვის. ნაწილობრივ, ეს გამოწვეულია ზრდის ბუნებრივი შენელებით, რომელიც თან ახლავს სიმწიფეს. ამ ზონაში ბევრმა განზრახ აირჩია ზრდის შენელება, რათა უზრუნველყოს მათი პასუხისმგებლობისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესება. იმპულსის აღსადგენად (ამ ღირებულებების შელახვის გარეშე) ამ ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ:

  • ინვესტიციების გაგრძელებას ინსტიტუციონალურ საფუძვლებში, მარეგულირებელ გარემოსა და კაპიტალის ბაზრებზე მიმდინარე ინოვაციების მხარდასაჭერად.
  • ციფრული შესაძლებლობების ინკლუზიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ყველა მომხმარებლის დაცვას კონფიდენციალურობის დარღვევისგან, კიბერშეტევებისა თუ სხვა საფრთხეებისგან.
  • ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების მოზიდვას, ტრენინგსა და შენარჩუნებას, ხშირად საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირების გზით.
  • ახალი ტექნოლოგიური ნიშების იდენტიფიცირებასა და ამ სფეროებში ინოვაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

4) და ბოლოს, ამ კატეგორიას, რომელიც მოიცავს აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, ახასიათებს როგორც არსებული ციფრული შესაძლებლობების, ასევე სამომავლო განვითარების იმპულსის ნაკლოვანებები. მათ სხვა ქვეყნებისგან უნდა მიიღონ ციფრული ეკონომიკის განვითარების მაგალითი და პრიორიტეტი უნდა წარმოადგენდეს:

  • გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება ძირითადი ინფრასტრუქტურული ხარვეზების მოსაგვარებლად.
  • ინსტიტუციური გარემოს შექმნა, რომელიც მხარს დაუჭერს ციფრული პროდუქტებისა და მომსახურების უსაფრთხო, ფართო მომხმარებელთა მიღებას, განსაკუთრებით, რომლებიც პროდუქტიულობასა და სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
  • ინიციატივების (განსაკუთრებით სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობის გზით) ხელშეწყობა, რომლებიც ინვესტიციას უკეთებენ მოსახლეობის ისტორიულად დაუცველი ფენების ციფრულ ხელმისაწვდომობას.
  • პროგრამების პოპულარიზაცია, რომლებიც გადაუდებელი საჭიროებების დროს გამოიყენება და, შესაძლოა, ციფრული ინსტრუმენტების ფართო მიღებისთვის კატალიზატორი გახდეს.

კვლევის დროს, რა თქმა უნდა, შეისწავლეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგებიც. როგორც აღმოჩნდა, ციფრული ევოლუცია ეკონომიკური მდგრადობის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია, მაგრამ ის არ წარმოადგენს პანაცეას.

2020 წელს ციფრული სამყაროს ათვისების საუკეთესო მაგალითები აჩვენა სამხრეთ კორეამ და ტაივანმა, სადაც კომპანიებმა ადვილად შეძლეს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, საჯარო სექტორის დიდ ნაწილს გააჩნდა ციფრული ტრანსფორმაციის გამოცდილება და ხელმისაწვდომობა.

ვიეტნამმა კი დაბალი მაჩვენებელი აჩვენა ციფრულ ევოლუციურ ბარათზე, მაგრამ პანდემიის გავლენა მის ეკონომიკაზე ჯერჯერობით მოსალოდნელზე მცირეა. ვიეტნამი ერთადერთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაა, რომელიც მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის გზას ადგას.

ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ციფრულად განვითარებულმა ეკონომიკამ, ეკონომიკური ვარდნა განიცადა. მთავრობის რეაგირება პანდემიაზე არანაკლებ ოპტიმალური იყო, მაგრამ აშკარაა ზარალი, რომელიც ლოკდაუნმა გამოიწვია.

პანდემიის გავლენის გარდა, ამ ანალიზმა ასევე აჩვენა კიდევ რამდენიმე გრძელვადიანი ტენდენცია იმის თაობაზე, თუ როგორ ახდენენ ყველაზე წარმატებული ქვეყნები ციფრულ ევოლუციას:

1) მონაცემთა მეტი კონფიდენციალურობა და ნაკლები მონაცემთა პროტექციონიზმი.

2) მობილური ინტერნეტით სარგებლობა აუცილებელია – მაგრამ არა საკმარისი.

3) ინოვაციურ-ინკლუზიური ვაჭრობა.

მართალია, თითოეული ქვეყანა უნიკალურია და არ არსებობს მთელ მსოფლიოზე მორგებული კონკრეტული, ზუსტი შეხედულებები, თუმცა მაინც შესაძლებელია გარკვეული „ჩარჩოს“ შექმნა, რომელიც მმართველებს დაანახებს, როგორ უნდა განავითარონ ქვეყნის ციფრული დონე.

წყარო: HBR



„ვცდილობთ, ადამიანებს შევუქმნათ საკუთარი იდეების და პირადი განვითარებისთვის საჭირო სივრცეები“ – უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“

მართლა „კაი“ გამოვიდა