in

როგორ უნდა გადაწყვიტონ სააგენტოებმა, ვინ წავა კანის ლომების ფესტივალზე?

ინდუსტრიის ძირითადი ღონისძიებები და მასთან დაკავშირებული მოგზაურობა იყო და კვლავ რჩება რეკლამაში მუშაობის მთავარ უპირატესობად. ასევე, ის ერთგვარ პრესტიჟის ნიშნად განიხილება: კანის ლომებზე, ინდუსტრიის მექაში, წასვლა თავისთავად მაღალი სტატუსის სიმბოლოა. მათთვის, ვინც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფება, ეს შეიძლება, პროგრესის მანიშნებელი იყოს, ხოლო სხვები ამას გარკვეულ მოვალეობადაც მიიჩნევენ.

თუმცა ცხადია, როდესაც სააგენტო იღებს ფესტივალზე მონაწილეობას, მისი ყველა წევრი ვერ გაემგზავრება კანში. ამ დროს კი გუნდის წევრები რთული არჩევანის წინაშე დგანან — კონკრეტულად ვინ უნდა გაემგზავროს ფესტივალზე დასასწრებად?

სტატიაში რამდენიმე სპეციალისტი საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ კომპანიებმა კანში წასვლის პრობლემა. 

ჯოშ გოლდენის, Quad მარკეტინგის დირექტორის, თქმით, ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, ვინ მიიღებს ყველაზე დიდ სარგებელს იქ ყოფნით — სწავლის გამოცდილება უნიკალურია კანისთვის, მრავალი ბრენდისა და სტრატეგიული პარტნიორის გაცნობის კუთხით. ასევე, შესაძლებელია, კომპანიებთან ან კონკრეტულ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობის მიღწევა.

ცხადია, აქ უფროსობაზე არ არის საუბარი… არამედ, საუბარია იმაზე, ვინც შრომისმოყვარეობით გამოირჩევა, ადვილად ამყარებს კომუნიკაციას და მის საუბარს გარკვეული დადებითი შედეგები მოჰყვება.

ჯონ ბრაშის, Brash-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, აზრით, მოვლენების ან დაჯილდოების საღამოების განხილვისას, შეიძლება, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ადამიანების გარიყვას, განურჩევლად მიზეზისა, უკმაყოფილების გამოწვევა და შიდა პოლიტიკის არევა შეუძლია… როგორც ბრაში ამბობს, თავად ხშირად ამბობდა უარს გარკვეულ ღონისძიებებზე დასწრებაზე, რათა ვიღაც სხვისთვის გამოეთავისუფლებინა ადგილი — ანუ, მისთვის, ვინც ნამდვილად სანაქებოა, კარგად იყენებს გამოცდილებას და ამტკიცებს, რომ გუნდის მთავარი ნაწილია.

ჰანა ვიერსმა, Uxus-ის ოპერაციების მენეჯერი კი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. როგორც ჩანს, მის კომპანიაში საკმაოდ დიდი ბიუჯეტია იმისათვის, რომ თანამშრომლებმა სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება შეძლონ. ამგვარად, ინიციატივა გუნდში რჩება — ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი საინტერესო ივენთს აღმოაჩენენ, შეუძლიათ, კომპანიის ხარჯებითვე დაესწრონ მას. თუმცა არის ისეთი ღონისძიებებიც, სადაც ხელმძღვანელები წყვეტენ, გუნდის რომელი წევრი უნდა წავიდეს, რაც ერთგვარი ჯილდოს პრინციპის მატარებელია.

როგორც ტანია ბრუკფილდი, Elvis-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, ინდუსტრიის ღონისძიებებზე დასწრება ძალიან შთამაგონებელია. მისი თქმით, „ელვისი“ ძალიან დემოკრატიულია, რის გამოც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრ კონკურსს ატარებს და, შესაბამისად, სააგენტოს ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება. მათ შრისაა SXSW, Creative Week ნიუ იორკში და ISE Amsterdam. აქ თითოეული წევრი აფიქსირებს თავის აზრს, თუ ვინ სად უნდა წავიდეს.

Media.Monks-ის მთავარი მარკეტინგის ოფიცერი, კიტ რიჩლინგი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ ვინ დაესწრება ღონისძიებებს, არასდროს არის ადვილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამყარო ამდენი ნიჭიერი ადამიანითაა სავსე. რიჩლინგის თქმით, ისინი კომპანიაში იმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს, მოცემულ მომენტში რა მიზნების მიღწევა სურთ. „ჩვენი თანამშრომლები აქტიურად ესწრებიან რეგიონულ შემოქმედებით შეხვედრებს. ასევე, ისინი ბევრ მონაცემს ფლობენ მედიისა და ტექნიკური სერვისებიდან, რადგან კრეატიულობისა და რეკლამის როლი მუდმივ განვითარებაშია“. 

ხოლო Dentsu-ს მდგრადობის დირექტორი, ანა ლუნგლი მდგრადობაზე ამახვილებს აქცენტს. იქიდან გამომდინარე, რომ მდგრადი განვითარება დღევანდელი სამყაროს განუყოფელ და აუცილებელ ნაწილად იქცა. მისი საჭიროება და მნიშვნელობა უზომოდ დიდია, ამიტომაც, კომპანია იმაზე ზრუნავს, რომ კანის ფესტივალზეც სწორედ ის ადამიანები წავიდნენ, ვინც ამ ხედვას იზიარებს. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მესიჯების სადემონსტრაციოდ, რადგან შემოქმედებითი იდეები საგრძნობლად ცვლის ადამიანების ქცევას და საბოლოოდ, საზოგადოების კულტურას აყალიბებს.

Cannes Lions 2022-ზე გრან-პრი უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად შექმნილმა ციფრულმა ხელსაწყომ აიღო!

CRISPR თერაპიით პაციენტების განკურნება შეძლეს