in

Whispp-ის აპლიკაცია მეტყველების დარღვევის მქონე ადამიანებს საუბარში ეხმარება

მეტყველების დარღვევა დღეს უამრავ ადამიანს აქვს, Whispp კი სწორედ მათთვისაა. ჰოლანდიური AI სტარტაპია, რომელიც პოზიციონირდება, როგორც ლიდერი ხმის ტექნოლოგიებში — რეალურ დროში დახმარებას გვთავაზობს აპლიკაციით, რომელიც ჩურჩულს ხმამაღალ მეტყველებად აქცევს სატელეფონო ზარებისთვის. 

თუმცა სულ ახალი სტარტაპი არ გეგონოთ, 2018 წელს შეიქმნა, სანამ AI ტალღა წამოვიდოდა და დღემდე რჩება ერთ-ერთ წამყვან კომპანიად დამხმარე ტექნოლოგიურ პროდუქტებში, რომლებიც აუდიოზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტს სატელეფონო ზარებისა და ხმოვანი შეტყობინებებისთვის იყენებს. მართალია, დღეს AI ყოველ ახალ პროდუქტში ინტეგრირდება, მაგრამ Whispp მათ შორის ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებით გამორჩეულ ადგილს იკავებს. ასე იგი Innovation by Design Awards 2024-ის გამარჯვებულიც გახდა… 

სტარტაპის თანადამფუძნებელი და CEO კი ჯორის კასტერმანია, რომელსაც თავად აქვს მეტყველების დარღვევა. აპლიკაციის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოაჩინა, რომ ჩურჩულმა, შესაძლოა, ენაბორძიკობის პრობლემა საშუალოდ 85%-ით შეამციროს. ასეა ყელის კიბოს ან სპაზმური დისფონიის მქონე ადამიანებშიც, ჩურჩულით საუბარი ნაკლებად ღლის მათ — Whispp კი სწორედ ამ კომფორტს ქმნის. 

აპლიკაცია ინდივიდებს შეუფერხებლად საუბრის საშუალებას აძლევს ჩურჩულით, მათი ბუნებრივი ხმის გაძლიერებით ან სულაც აპლიკაციაში დაყენებული AI ხმით. მეტიც, მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარი ვოკალის მქონე ავატარი თავიანთი ხმოვანი ჩანაწერებითვე ავარჯიშონ.

თანაც ასინქრონული ხმოვანი ტექსტური შეტყობინებები უფასოა აპლიკაციაში, თუმცა სატელეფონო ზარებისთვის მომხმარებლებს 19 დოლარის გადახდა მოუწევთ. 

ჩვენი დიდი გაბედული ოცნებაა, რომ Whispp-ის დამხმარე ხმოვანი ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იყოს ყველა სმარტფონსა და ლეპტოპში მსოფლიოს მასშტაბით, რათა შევქმნათ მეტად ინკლუზიური სამყარო. ამისთვის, გვჭირდება და გვსურს პარტნიორობა მობილური ქსელის ოპერატორებსა და უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან მსოფლიოში, — აცხადებს კასტერმანი.

YouTube არხის განვითარების რჩევები თვით YouTube-სგან

QFrame-მა კლასიკა და თანამედროვეობა ერთ ჩარჩოში მოაქცია