12
ოქტ
2018

ვიტნი ვულფი – 29 წლის ამერიკელი ბიზნესვუმენის ისტორია

12 ოქტ 2018

თუკი დღევანდელ ურთიერთობებს, კერძოდ, მათ ისტორიებს თვალს გადავავლებთ, შევამჩნევთ, რომ მათი გარკვეული ნაწილი ინტერნეტის მეშვეობით დაიწყო. „ონლაინ“ სივრცემ, რასაკვირველია, ცხოვრება გაამარტივა და ეს შეეხო ადამიანების პირად ცხოვრებასაც. თუ აქამდე სასიყვარულო და არა მხოლოდ სასიყვარულო ამბები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იწყებოდა, ახლა, ხშირად, მათი დაწყებისა და განვითარების საფუძველი სოციალური ქსელები და გაცნობითი აპლიკაციები ხდება. როდესაც ამგვარ აპლიკაციებზე ვიწყებთ საუბარს, აუცილებელია, ვახსენოთ საერთაშორისო ბრენდად ქცეული გაცნობითი პლატფორმა, სახელად „Bumble“. ჩვენ სწორედ მის შემქმნელ 29 წლის მილიონერ ქალბატონზე, ვიტნი ვულფზე მოგიყვებით.

ვიტნი ვულფი წარმოშობით არის ამერიკელი, დაიბადა იუტაში (ამერიკის ერთ-ერთი შტატი), ქონების დეველოპერის, მაიკლ ვულფის დიასახლისის, კელი ვულფის ოჯახში. იზრდებოდა დასთან – დანიელთან ერთად. როგორც ვიტნი ამბობს, მას ჰქონდა საკმაოდ კარგი ბავშვობა და ამაში დიდი როლი ითამაშა დედამისმა, რადგანაც იგი არ მუშაობდა და მუდამ მასთან ატარებდა დროს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა Southern Methodist University-ში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. შემდგომ კი სწავლა განაგრძო სორბონას უნივერსიტეტში.

19 წლის ასაკში ვიტნიმ დაიწყო ბამბუკის ჩანთების ბიზნესი, რომლებიც სატარებლად იყო მარტივი და მსუბუქი, ამით სურდა, დახმარებოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე საგნების ტარება არ შეეძლოთ. მისი ჩანთები ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ისეთმა „სელებრითებმა“ შეიძინეს, როგორებიც რეიჩელ ზუ და ნიკოლ რიჩი არიან. ამავე პერიოდში, ვულფი თანამშრომლობდა ცნობილ სტილისტთან პატრიკ ოდენკამფთან, რათა შეექმნა არაკომერციული ორგანიზაცია, სახელად “Help Us Project”, რომლის მიზანიც ადამიანთა დახმარება იქნებოდა. ორგანიზაციამ საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვულფმა იმოგზაურა სამხრეთ აზიაში. მისი ამ მხარეში მოგზაურობა საინტერესოა იმ კუთხით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ობოლთა თავშესაფარში და აქაც ხალხის დახმარებაზე იყო ორიენტირებული. ალბათ, ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ ვიტნის, როგორც სიკეთის მკეთებელ ადამიანს საზოგადოება ძალიან აფასებს.

ვიტნი ვულფის კარიერული აღმასვლა იწყება 22 წლის ასაკიდან. ამ პერიოდში შეუერთდა Hatch Lab-ს (ფრედ ჰაჩინსონის კიბოს კვლევითი ცენტრი). მალევე იგი ჩაერთო ახალ სტარტაპში, სახელად Cardify, რომელსაც მართავდა შონ რედი. თუმცა, ცოტა ხანში ეს სტარტაპი დახურეს. 2012 წელს ვულფი და რედი გაერთიანდნენ, რათა დაეარსებინათ გაცნობითი აპლიკაცია, სახელად Tinder. საინტერესოა ამ სახელის წარმომავლობა: მის შემქმნელებს სურდათ, აპლიკაციისთვის ისეთი სახელი დაერქმიათ, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ცეცხლთან, რადგანაც ურთიერთობები, როგორც წესი, ასოცირდება ხოლმე ცეცხლის გაჩაღებასთან. თავდაპირველად, გადაწყვიტეს, დაერქმიათ „Matchbox”, თუმცა, შემდგომ აზრი შეიცვალეს და დაარქვეს “Tinder”, რაც ადვილად აალებად საგანს ნიშნავს. თანადამფუძნებლის გარდა, ვიტნი ვულფი იყო აპლიკაციის მარკეტინგის ვიცე – პრეზიდენტიც. ამ აპლიკაციის გავრცელებასა და პოპულარიზაციაში მას დიდი დამსახურება აქვს. კერძოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი აპლიკაციას ავრცელებდა კოლეჯების კამპუსებში, მოუწოდებდა საკუთარ მეგობრებს, გადმოეწერათ და დარეგისტრირებულიყვნენ Tinder-ზე, ასევე აქვეყნებდა სოციალურ ქსელებში ინფორმაციას მის შესახებ. თუმცა, მისი მოღვაწეობა Tinder-ში არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ვულფმა კომპანია დატოვა 2014 წელს დიდი დაძაბულობის ფონზე. მას უთანხმოება მოუვიდა თავის ყოფილ შეყვარებულთან, ჯასთინ მეთინთან, რომელიც, ამავდროულად, იყო მისი უფროსიც. მცირეხნიანი ურთიერთობის შემდგომ ჯასთინმა დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ვულფისთვის. კომპანიის დატოვების შემდგომ, ვიტნიმ შეიტანა სარჩელი Tinder-ის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების მიზეზით. ამის გამო მან, მალე, მან მილიონ დოლარზე მეტი ანაზღაურება მიიღო.

ჯასთინ მეთინი და ვიტნი ვულფი

Tinder-იდან წამოსვლა ვულფის კარიერისთვის სრულიადაც არ აღმოჩნდა შემაფერხებელი. პირიქით, გზა გაუხსნა ახალი შესაძლებლობებისკენ. გაცნობათა აპლიკაციის “Badoo”-ს დამფუძნებელმა, ანდრეი ანდრეევმა ვულფს შესთავაზა მსგავსი ახალი პლატფორმის შექმნა, ამიტომაც იგი მალევე 2014 წლის დეკემბერში საცხოვრებლად გადავიდა ტექსასში და ანდრეევთან ერთად შექმნა აპლიკაცია Bumble, რომელიც ქალებს უფრო მეტი კონტროლის საშუალებას აძლევდა, განსხვავებით სხვა ტრადიციული გაცნობის აპლიკაციებისგან. უნდა ითქვას, რომ ამ პლატფორმის შექმნაში დიდი როლი ითამაშა მისმა ურთიერთობამ და დაპირისპირებამ ყოფილ შეყვარებულთან. Bumble-ში პირველ ნაბიჯს დგამს ქალი. ვულფის თქმით, კაცმა უნდა იცოდეს, რომ მას წერს დარწმუნებული და თავდაჯერებული ქალბატონი და რომ მას უნდა მოეპყროს კარგად. „ვწყვეტთ თუ არა ჩვენ სამყაროს პრობლემებს იმით, რომ Bumble-ში პირველ ნაბიჯს ქალი დგამს? რასაკვირველია, არა. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ფაქტორი გვეხმარება არქაული ნორმების დავიწყებაში“ – აცხადებს ვულფი. აპლიკაცია წყვილებს თავად სთავაზობს შეხვედრის ადგილებს იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ ისინი და შემდგომ, სურვილის შესაბამისად, ხვდებიან ერთმანეთს. აქვე უნდა ვთქვათ ვიტნის სიტყვებიც, რომლებშიც კარგად ჩანს თუ რა იყო Bumble-ის შექმნის ერთ-ერთი მოტივაცია: „თუკი მე შემეძლო მემოგზაურა მთელ მსოფლიოში, დამეფუძნებინა საკუთარი კომპანიები, რატომ არ შემეძლო გამება საუბარი სიმპათიურ ბიჭთან ჩემს კოლეჯში? თუკი მე პირველ ნაბიჯს გადავდგამ, აღმიქვამენ, როგორც გიჟს, მხოლოდ იმის გამო, რომ მინდა ამის გაკეთება. ეს არ არის სამართლიანი.“

2015 წლისთვის ამ აპლიკაციამ მიაღწია იმას, რომ მისი საშუალებით დაწყვილდა 80 მილიონი ადამიანი, ხოლო ამ პერიოდისთვის 15 მილიონი დიალოგი მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილისთვის, თვიური მონაცემებით, გაცნობის პლატფორმებიდან პირველ და მეოთხე ადგილებს იკავებდნენ Bumble და Tinder. 2017 წლის ნოემბრისთვის Bumble-ზე დარეგისტრირებული ადამიანების რიცხვმა 22 მილიონს გადააჭარბა. აპლიკაცია გავრცელდა 144 ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით, ადამიანები Bumble-ის აპლიკაციას დღეში დაახლოებით 100 წუთს უთმობენ.

2016 წელს აპლიკაცია გაფართოვდა და შეიქმნა ცალკე აპლიკაცია, სახელად „BFF“. იგი ქალებს საშუალებას აძლევს, გაიცნონ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც უბრალოდ იმეგობრებენ. ყოველივე ამას მალევე მოჰყვა „Bizz“ – კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა ქალბატონებისთვის, რომ გაიცნონ და შეხვდნენ ისეთ ხალხს, რომლებთანაც კარიერული კუთხით ექნებათ ურთიერთობა. კომპანიამ ასევე დაიწყო შეხვედრების და ღონისძიებების ჩატარება. აქაც მთავარი აქცენტი მდედრობით სქესზეა. ამგვარი აქტივობების მიზანია, ქალბატონებს გაუმარტივდეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და კარგი კარიერის შექმნა.

უნდა ითქვას, რომ ეს პერიოდი ვულფის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო არა მარტო კარიერული კუთხით. ერთ მშვენიერ დღეს, კალიფორნიაში დასასვენებლად ჩასულმა ვიტნიმ საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნო ბიზნესმენი მაიკლ ჰერდი. გაცნობის შემდგომ ვიტნიმ მაიკლს თხილამურებით სრიალი ასწავლა – ისინი ასე დაახლოვდნენ. 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. მათ გრანდიოზულ „იტალიურ ქორწილზე“ (ისინი დაქორწინდნენ იტალიაში, კერძოდ, პოზიტანოში) საუბრობდა ყველა – იგი უამრავი ჟურნალის გარეკანსა და ვებგვერდზე მოხვდა. ქორწინების შემდგომ ვიტნი ვულფი ატარებს მეუღლის გვარსაც.

ფოტო ვიტნი ვულფის და მაიკლ ჰერდის ქორწილიდან

მიუხედავად ვიტნი ვულფის ასაკისა, უნდა ითქვას, რომ მან უკვე შეძლო დიდი აღიარების მოპოვება საზოგადოების მხრიდან. აღსანიშნავია ის ტიტულები, რაც მან ბოლო დროის განმავლობაში დაიმსახურა. 2014 წელს ვულფი Business Insider-მა დაასახელა 30 წელს ქვემოთ მყოფ 30 ქალში, რომლებიც წარმატებულები იყვნენ ტექნიკურ სფეროებში. ამავე სტატუსით იგი დაასახელა ცნობილმა ჟურნალმა Elle-მაც. ვულფი მოხვდა ასევე Forbes-ის 30 წლამდელ ქალთა სიებშიც 2017 და 2018 წლებში. 2017 წელს კი TechCrunch-მა 42 წარმატებულ ქალში შეიყვანა ვიტნი ვულფ – ჰერდი. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ფორბსმა, ბოლო მონაცემებით, Bumble-ის ღირებულება ერთ მილიარდ დოლარად შეაფასა.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია ვულფის ახალი კამპანიის შესახებ. მან 112 ადამიანი ერთი სათაურის ქვეშ მოაქცია: „“Bumble-ის“ 112 ყველაზე შთამაგონებელი და მრავალფეროვანი მომხმარებელი ნიუ-იორკში.“ კამპანია აერთიანებს როგორც პოპულარულ ადამიანებს, ისე ჩვეულებრივ, არაცნობად სახეებსაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კამპანიაში მხოლოდ მდედრობითი სქესი მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით ვულფმა განაცხადა: „ჩვენ არასდროს დაგვიბანდებია ამხელა ინტელექტუალური და ფინანსური კაპიტალი მარკეტინგში აქამდე.“ ნიუ-იორკში მცხოვრები ხალხისთვის კამპანიისთვის გვერდის ავლა არც ისე მარტივი იქნება, რადგან მისი სტიკერები და ბანერები განთავსებულია როგორც ავტობუსებსა და მეტროსადგურებზე, ისე მაღაზიების ვიტრინებშიც. მათი ხილვა პიცის ყუთებზეც კი შეიძლება. კამპანიას თან აქვს დართული ჰეშთეგიც – @FindThemOnBumble. ამ კამპანიით ვიტნის სურდა, აუდიტორიისთვის თვალსაჩინო გაეხადა, რომ აპლიკაციაში უამრავი საინტერესო, კარგი ადამიანის გაცნობა შეიძლება.

ცნობილი ახალგაზრდა ბიზნესვუმენის რომ ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ჩანს მის სიტყვებსა და ქმედებებში. მომავლისთვის იგი Bumble-ის კიდევ უფრო დახვეწას გეგმავს, იმისთვის რომ ადამიანებს შორის კონტაქტი უფრო მარტივი და სახალისო გახადოს. ვიტნის ცხოვრების ისტორია საინტერესოა იმ მხრივ, რომ იგი ყოველთვის ადამიანურ დონეზე წყვეტს საკითხებს და ცდილობს, საკუთარი საქმიანობით სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას. და ბოლოს,  კითხვაზე პასუხს, თუ რა არის ამ ცხოვრებაში მისთვის ყველაზე მთავარი, ვულფი ამგვარად პასუხობს: „ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში ვისწავლე არის ის, რომ დაზიანებულ ადამიანებს სხვების დაზიანება მარტივად შეუძლიათ, ასევეა სიკეთის შემთხვევაშიც – ისიც გადამდებია. თუკი შენ ეცდები ფოკუსირდე სიკეთეზე, აუცილებლად გამოგივა ეს.“

 

განხილვა