ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდხანს მუშაობა მხოლოდ დაღლასთან არ არის დაკავშირებული – შესაძლოა, ასეთმა რეჟიმმა მოგკლათ!
“2016 წელს, კვირაში მინიმუმ 55 საათის მუშაობის შედეგად, 398 000 ადამიანი გარდაიცვალა ინსულტით, ხოლო 347 000 – გულის დაავადებით” – ნათქვამია მოხსენებაში. სტატისტიკურად, გარდაცვლილთა უმეტესობა მამაკაცი იყო და მათი ასაკი 60-79 დიაპაზონში მერყეობდა.
რეცენზირებული გამოკვლევის თანახმად, რომელიც WHO-ს თქმით ამ ტიპის პირველი გლობალური ანალიზია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 488 მილიონი ადამიანია ხანგრძლივი სამუშაო საათებით დატვირთული.
სამწუხაროდ, სამუშაო საათები სულ უფრო იზრდება და როგორც “ჯანმო” გვაფრთხილებს, ეს ავტომატურად იმოქმედებს ადრეული სიკვდილიანობის რისკის ზრდაზე. ამას ამძაფრებს პანდემიით გამოწვეული სიტუაცია – სახლიდან მუშაობა, როდესაც უმეტესწილად აღარ არსებობს ზღვარი მუშაობასა და განტვირთვას შორის. რომ აღარაფერი ვთქვათ ექიმებსა და ეპიდემიოლოგებზე, რომლებიც აღარც კი ვიცით, რამდენ საათს მუშაობენ.
“დისტანციური მუშაობა ბევრ ინდუსტრიაში იქცა ნორმად, რად ხშირად შლის ზღვარს სახლსა და სამსახურს შორის. გარდა ამისა, ბევრი კომპანია იძულებული გახდა, ადამიანური და ფინანსური რესურსები შეემცირებინა. რის ფონზეც, კომპანიაში დარჩენილ ადამიანებს უფრო დიდხანს მუშაობა უწევთ” – ამბობს ჯანმოს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი.
ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს ეხება – ახალმა დასკვნებმა ცხადყო, რომ დიდხანს მუშაობა პოტენციურად საზიანოა ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა სფეროსა თუ გარემოებებს.