24
Oct
2019

რატომ სჭირდება ბიზნესს ჯილდო?! 

24 Oct 2019

რატომ არის საჭირო ბიზნესის დაჯილდოება და რას აძლევთ მათ ეს პრიზები და გამარჯვება?! – ამ თემაზე,„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა და „მარკეტერის“ დამფუძნებელმა აკო ახალაიამ, პოდკასტის ფორმატში, ისაუბრეს.

„ერთი მომენტია, რომელიც ფსიქოლოგიურად ყველა ადამიანს და ყველა ბიზნესს ახასიათებს, რეალურად, ბიზნესის უკან ხომ ხალხი დგას?! [მათთვის], ამაღელვებელია მომენტია წარმატების გაზიარება . . . ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა შეიქმნას ძალიან დიდი პლატფორმა, რომელიც სტარტაპებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, თუნდაც დიდ ბიზნესებს, საშუალებას მისცემს თავისი ისტორია მოყვნენ და თავისი წარმატება გააზიარონ . . . [ასეთ დროს] ძალიან კარგი შესაძლებლობაა დაჯილდოება, სადაც ამ წარმატებისთვის ხალხს აჯილდოებ . . . [თანაც], არა ფულადი პრემიით, არამედ აღნიშვნით, იტყვი, რომ ეს [კონკრეტული] ბიზნესი არის ძალიან ყოჩაღი რაღაც მიმართულებით“.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ მოსაზრებებსა და შეფასებებს, შეგიძლიათ, პოდკასტის სრულ ვერსიაში მოუსმინოთ.

რაც შეეხება თავად ბიზნესდაჯილდოებას, კომპანიები გამარჯვებისთვის 5 სხვადასხვა კატეგორიაში იბრძვიან. პირველი ნომინაციაა „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“, სადაც, ორგანიზატორების თქმით, ის უნდა დარეგისტრირდნენ, ვინც თვლის, რომ წელს დიდ წარმატებას მიაღწია –  გააუმჯობესა ხარისხი ან ეფექტური რებრენდინგისა თუ მარკეტინგული კამპანიით, ცნობადობის, მომხმარებლების რაოდენობისა და გაყიდვების ზრდა შეძლო.

მეორე კატეგორიაა „თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის“. ამ ნომინაციაში მონაწილეობის მისაღებად, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდია ან რამდენი ადამიანი მუშაობს კომპანიაში, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მთავარია, ორიენტირებული იყოს ჯანსაღი და  მოტივაციით სავსე სამუშაო გარემოს შექმნაზე.

შემდეგი ნომინაციაა „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“. აქ იმ კომპანიებს ელოდებიან, რომელთა გუნდის წევრებიც აცნობიერებენ საკუთარ როლს ინდუსტრიის განვითარებაში და გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას.

ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში, რჩეულ კომპანიას პრიზს გადასცემენ „საუკეთესო ინოვაციებისთვის“. ეს ნომინაცია სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც თვლის, რომ ინოვაცია და ტექნოლოგიური სიახლეები, თანამედროვე ბიზნესის აუცილებელი კომპონენტია.

მე-5 კატეგორიაა „საუკეთესო სტარტაპისთვის“. ამ ნომინაციაში განაცხადების წარდგენა შეუძლია მას, ვისი სტარტაპიც 2 წელზე ნაკლებია ფუნქციონირებს და თვლის, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და უნიკალურობით გამოირჩევა.

„ბიზნესდაჯილდოება 2019“-ზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. გამარჯვებულ კომპანიებს წლის ბოლოს, დეკემბერში გამოავლენენ.

 

განხილვა