21
Feb
2019

რატომ უნდა გამოვიყენოთ Facebook Workplace – „ვიონი საქართველოს“ გამოცდილება

21 Feb 2019

ონლაინ სამუშაო სივრცეებს სხვადასხვა კომპანია, შიდაკომუნიკაციის გაუმჯობესებისა და ეფექტური მუშაობის მიზნით იყენებს. დისტანციურად მუშაობისას თუ კრიზისულ სიტუაციებში, ოპერატიუილობა და სწრაფი რეაგირება სწორედ ასეთი შეთანხმებული მუშაობის პირობებში მიიღწევა. მეტიც, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპანია იყენებს ონლაინ სამუშაო სივრცეებს თანამშრომლების უწყვეტი ინფორმირებისა და მათთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი სივრცეა Facebook Workplace, რომლის ინტერფეისიც და ფუნქციონალიც, „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) წარმომადგენლების თქმით, ქართველი მომხმარებლისთვის ძალიან ნაცნობია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს პლატფორმა სრულიად დამოუკიდებელია Facebook-ისგან. თანამშრომლის პირად Facebook  ექაუნთს არანაირი კავშირი აქვს მის Workplace ექაუნთთან.

შიდაკომუნიკაციების გაუმჯობესების მიზნით, „ვიონი საქართველომ“ Facebook Workplace პლატფორმის გამოსვლიდან მალევე, 2018 წლის ივლისში ოფიციალურად  დანერგა და დღეისათვის, სრულად იყენებს მის ფუნქიონალს. „ვიონი საქართველოს“ ორგანიზაციული განვითარების წამყვანმა სპეციალისტმა – ხატია გიორგობიანმა გაგვიზიარა Facebook Workplace-ის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოცდილება. ანუ ის, თუ რატომ უნდა დავნერგოთ Facebook Workplace ჩვენს კომპანიაში.

ხატია გიორგობიანი

M: რატომ გადაწყვიტეთ თქვენს კომპანიაში facebook workplace -ის დანერგვა? რა ინფორმაცია გქონდათ აქამდე ამ პლატფორმაზე?
2018 წლის აპრილში გადავწყვიტეთ workplace-ის დაგემოვნება. მთავარი მიზეზი ორმხრივი, ღია, გამჭვირვალე კომუნიკაციის მოთხოვნილება იყო. ვთვლიდით, რომ თანამედროვე შიდასაკომუნიაციო ენა უფრო ცოცხალი უნდა ყოფილიყო, ემოციის გამოხატვის საშუალებით. იმ დროისთვის უკვე ვიცოდით, რომ მას წარმატებით იყენებდნენ დიდი და წონიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა სხვების გამოცდილებაზე უფრო მეტად ჩვენსას ვენდობოდით – დღეს უკვე თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ ვგრძნობთ შიდა კულტურას და თითქმის ყოველთვის ვიცით, რა იმუშავებს.

M: რაში და როგორ იყენებთ ამ პლატფორმას
შიდაკომუნიკაციის ფუნქციის მთავარი მიზანია თანამშრომელთა ინფორმირებისა და მათი პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფა, ასევე კორპორაციული კულტურის მხარდაჭერა და განვითარება. სწორედ ამ საქმისთვის ვიყენებთ ვორქფლეისს – ვავრცელებთ მოკლე წერილობით კომუნიკაციას, ვიდეომესიჯებს, კორპორაციული ღონისძიებებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების „ლაივებს“, ვმუშაობთ დახურულ ჯგუფებში დისტანციურად, ვიღებთ მყისიერ უკუკავშირს ნებისმიერ საკითხზე და რაც მთავარია, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს კომუნიკატორი – გააზიაროს წარმატება, ცოდნა, იდეა…

M: რა შეცვალა შიდაკომუნიკაციასა და ზოგადად, მთელ კომპანიაში facebook workplace -ის გამოყენებამ?
ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზანს, რის გამოც შემოვუშვით workplace კორპორაციულ ცხოვრებაში. კომუნიკაცია გამარტივდა, ჩართულობა გაიზარდა, თანამშრომლობა გახდა უფრო სასიამოვნო და ეფექტიანი, ტოპ-მენეჯმენტის ხმა გახდა უფრო გასაგები და მეგობრული.

M: რას ურჩევდით კომპანიებს, რომლებსაც  Facebook Workplace–ის დანერგვა სურთ
თუ სურთ დანერგვა, ეს ნიშნავს რომ გრძნობენ ცვლილებების საჭიროებას კომუნიკაციაში, ნებისმიერი ცვლილება კი ყოველთვის მეტ-ნაკლებად მტკივნეულია და ხშირად უხერხულ, გაუცნობიერებელ დისკომფორტს იწვევს ადამიანებში. facebook workplace–ის  ეფექტიანი გამოყენება, ძირითადად, თანამშრომელთა ჩართულობაზე დამოკიდებული. ჩართულობის მისაღწევად კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ გულწრფელობაა, როგორც კომუნიკატორების, ასევე ტოპ-მენეჯმენტის მხრიდან; თანმიმდევრულობა – პასუხისმგებლობა ნათქვამსა და ნამოქმედარზე; მზადყოფნა ყველა კითხვას ღიად უპასუხო.

[R]

განხილვა