in

ძილის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში

ძილი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ის, თუ როგორ გვძინავს, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე.

დღესდღეობით ბევრი ადამიანი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ძილს მინიმალურ დროს უთმობს. ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა პანდემიამ, რადგანაც ამ პერიოდში ბევრი ადამიანი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. დისტანციური მუშაობა კი, არც თუ ისე ცოტა ადამიანის გამოცდილებით, დღის გრაფიკის არევას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ზღვარის წაშლას გულისხმობს, რაც, რასაკვირველია, ძილის რეჟიმზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს.

ძილს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებაში, როგორც ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს/ფიზიკურ აქტივობას.

და მაინც, რა გავლენა აქვს მას ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე?

ძილის ცუდი რეჟიმი წონის მატებასთანაა კავშირში

ერთ-ერთ ფართო მიმოხილვაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ის მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ხანმოკლე ძილი ჰქონდათ, 89% და 55%-ით უფრო მიდრეკილნი იყვნენ სიმსუქნისკენ.

ამ და სხვა მრავალმა სანდო კვლევამ დაადასტურა, რომ მათ, ვისაც ხანმოკლე ძილი აქვთ, მეტს იწონიან, ვიდრე ისინი, ვისაც სათანადო დოზით სძინავთ. აღნიშნული ფაქტი ჰორმონების გამომუშავებასთან და ვარჯიშის მოტივაციის დაქვეითებასთანაა მჭიდრო კავშირში.

კარგი ძილი პროდუქტიულობასა და კონცენტრაციის უნარს აუმჯობესებს

ტვინის გამართულად მუშაობაში ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, ის, თუ როგორ გვძინავს, მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად შეგვიძლია კონცენტრირება, შემეცნება, რამდენად პროდუქტიულები ვართ და ა.შ

ცუდი ძილის მქონე ადამიანებს დაავადებების განვითარების რისკი აქვთ

ძილის ხარისხმა და ხანგრძლივობამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის რისკის მრავალ ფაქტორზე. ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ითვლება ქრონიკული დაავადებების, მათ შორის გულის დაავადებების გამომწვევ ფაქტორებად.

15-მდე კვლევის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც არ სძინავთ საკმარისად, აქვთ გულის დაავადებების ან ინსულტის გაცილებით მეტი რისკი, ვიდრე მათ, ვისაც ღამე 7-8 საათი სძინავს.

ცუდი ძილი დეპრესიასთან არის კავშირში

ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები, როგორიცაა დეპრესია, მჭიდრო კავშირშია ძილის ცუდ ხარისხთან და ძილის დარღვევებთან. კვლევებით დადგენილია, რომ დეპრესიით დაავადებულთა 90% სწორედ რომ ძილის ხარისხს უჩივის.

ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად მოქმედებს იმუნიტეტზე

ძილის მცირედი დანაკლისიც კი ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმუნიტეტზე. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, რომელიც 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მკვლევარები დააკვირდნენ ცუდი და კარგი ძილის მქონე ადამიანებს. ამ პერიოდში გავრცელებული იყო ვირუსი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილის მქონე ადამიანებს ბევრად უფრო მარტივად ედებოდათ ეს ვირუსი, ვიდრე მათ, ვისაც 8 სთ-ზე მეტ ხანს ეძინათ ღამე.

ცუდი ძილი ჩვენს ემოციებსა და სოციალურ ურთიერთობებზე მოქმედებს

ხანმოკლე ძილი აქვეითებს ჩვენს უნარს, ვიყოთ სოციალურად აქტიურები. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც ცუდად სძინავთ, ნებისმიერი ემოციის გამოხატვის უნარი  შემცირებული აქვთ. ეს ლოგიკურად ასეა, რადგან როდესაც ჩვენი ტვინი საკმარის განტვირთვას ვერ იღებს, არ გვაქვს იმის ძალა, რომ შეგრძნებები სათანადოდ გამოვხატოთ.

კარგი ძილის მნიშვნელობა ჩვენს კეთილდღეობაში განუსაზღვრელია. აქ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ძილი კიდევ უამრავ ასპექტში ეხება ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას. ამიტომაც, საჭიროა, მასზე სათანადოდ ვიზრუნოთ და ის მაქსიმალურად ხარისხიანი გავხადოთ.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Krispy Kreme ვაქცინირებულებს უფასო დონატებს სთავაზობს!

366 ფერი და პიროვნული თვისებები, რომლებიც თითოეულ თარიღს შეესაბამება