30
Jul
2019

რა დატვირთვა აქვს მწვანე გარემოს ჩვენს ცხოვრებაში?

30 Jul 2019

ფერებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვუყურებთ, დიდი გავლენა აქვს ჩვენს ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ ფონზე. ზოგიერთ ფერს რთული დღის შემდეგ ჩვენი დამშვიდება შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი ფერი კი მწვანეა. იგი, პირველ რიგში, სიცოცხლის სიმბოლოა. ეს ფერი განახლებას, დაბადებას, ენერგიას, უსაფრთხოებას, ჰარმონიასა და მრავალ სხვა პოზიტიურ მოვლენასა თუ შეგრძნებას უკავშირდება. მას სამყაროში უდიდესი დატვირთვა აქვს და ალბათ ამის სათავე ბუნებაში უნდა ვეძიოთ.

დღესდღეობით, ალბათ, გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ ადამიანი და სიმწვანე გარკვეულწილად ერთმანეთს დაშორდნენ. ხეების ადგილზე მაღალი შენობები “ამოიზარდნენ”, ბუნებრივი მიწები კი ასფალტმა შეცვალა. ტყეები ერთგვარად ურბანულ სივრცეებად გარდაიქმნენ, კაცობრიობამ კი გარემოს სრულიად განსხვავებული სურათი მიიღო. თუმცა, ადამიანს საუკუნეების წინანდელი მოთხოვნილებები და შეგრძნებები გამუდმებით სდევს თან. დღეს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოებას სიმწვანისადმი განსაკუთრებული სწრაფვა გაუჩნდა. ეს კი, ალბათ, რუტინული გარემოს ზედმეტი დოზითაა განპირობებული. სიმწვანის შესანარჩუნებლად ადამიანები თავიანთი ოფისებისა და სახლების გამწვანებაზე იწყებენ ზრუნვას. ცდილობენ, მაქსიმალურად სუფთა და ჯანსაღი ჰაერი შეინარჩუნონ იმ გარემოში, სადაც დროის დიდი ნაწილის გატარება უწევთ.

მწვანე ფერის გავლენა ადამიანზე

ასვენებს გონებას და სხეულს – ფერის ექსპერტები ამბობენ, რომ მწვანე დამამშვიდებელი ფერია. იგი ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეს უკავშირდება. სწორედ ამიტომაა, რომ ოფისების და სახლების მოწყობისას, მწვანე ფერს აქტიურად იყენებენ.

ჯანმრთელობის მასტიმულირებელია – ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოს კვლევისას 100 000-მდე ქალი გამოიკითხა. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც მწვანე გარემოსთან ახლოს ცხოვრობდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12%-ით ნაკლები სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებ სიმწვანეში ცხოვრობდა. მეცნიერებმა ამ კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ სიმწვანე ცალსახადაა დაკავშირებული სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და ჯანმრთელობასთან.

აფართოებს ხედვას – როგორც წესი, თვალისთვის მწვანე ფერი ყველაზე მარტივად აღქმადი ფერია. თუკი სპექტრში მწვანე ფერი დომინირებს, თვალი მარტივად აღიქვამს სხვა ფერებსაც, განსაკუთრებით – მწვანესა და ლურჯს.

“ბუნება ყოველთვის ატარებს იმ ფერს, რა ფერიც ჩვენი სულია.” – რალფ ემერსონი

სიმწვანე და საცხოვრებელი გარემო

შემთხვევითი არ არის, ლანდშაფტის არქიტექტორები, პარკების გამშენებლები ან თუნდაც პოპულარული მწერლები გამუდმებით რომ ამტკიცებენ, ბუნება და სიმწვანე ყოველგვარი სიჯანსაღის წინაპირობაა. ალბათ, ამის გამოვლინებად უნდა ჩავთვალოთ ისიც, რომ სოფლებსა და რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანები შედარებით დიდ ხანს ცოცხლობენ. ურბანულ გარემოს, რასაკვირველია, აქვს თავისი სიკეთეები, რომელთა უარყოფაც, ალბათ, აზრს მოკლებული იქნება.. თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით აქ არსებულ დაბინძურებულ ჰაერს, რომლის ფილტვებში მოხვედრაც, საკმაოდ ბევრი პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

დღესდღეობით, საზოგადოების ერთი ნაწილი არჩევს, იცხოვროს ამგვარ გარემოში, რადგანაც ქალაქისგან მოშორებით ცხოვრება ერთგვარ წინაღობებთანაა დაკავშირებული. ქალაქში ყველაფერი ახლოსაა ერთმანეთთან, სამსახურში დაგვიანების შანსიც ნაკლებია და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაც მარტივია. მაშინ, როცა მეორე ნაწილისთვის ეს ყველაფერი უკანა მხარესაა გადაწეული, რადგანაც ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ როგორ გარემოში ცხოვრობენ.

მწვანე ქალაქი ლისზე

შეიძლება ითქვას, რომ ქალაქგარეთ ცხოვრება სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც აქ არსებული “მწვანე” რეზიდენციებისა თუ სამშენებლო კომპლექსების სიმარავლე ამტკიცებს. თუკი ამ რეალობას თბილისს მოვარგებთ, ალბათ, ლოგიკური იქნება, გაგვახსენდეს “მწვანე ქალაქი ლისზე”, რომელიც ერთგვარად ორ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს – ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალი მანძილითაა დაშორებული და, ამავდროულად, ჯანსაღი ჰაერის სიმცირესაც არ განიცდის. ყველაფერი ეს კი იმითაა განპირობებული, რომ აქ დიდი ყურადღება ეთმობა გარემოს გამწვანებას.

სიმწვანე, როგორც დადებითი ეფექტი

მწვანე გარემოს მნიშვნელობის ხაზგასასმელად აქვე მოვიყვან ილინოისის კოლეჯის კვლევის მაგალითს, სადაც კარგად ჩანს, თუ რა პრობლემებს აწყდება ადამიანი ნაკლებად გამწვანებულ გარემოში. როგორც კვლევამ აჩვენა, მწვანე გარემოში მცხოვრები ადამიანები მეტად კეთილშობილები და სოციალურები არიან. მეტი სურვილი აქვთ, დაეხმარონ და ენდონ სხვებს. მაშინ, როცა, ნაკლებად მწვანე გარემოში მცხოვრები ხალხი აგრესიითა და დანაშაულისადმი მიდრეკილებით ხასიათდება. კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ ამგვარ ხალხში მოჭარბებულია სიმარტოვის განცდაც. რასაკვირველია, ეს კვლევა ყველაზე არ ვრცელდება და უფრო მეტად ინდივიდუალური შედეგებითაა წარმოდგენილი, თუმცა, ალბათ, რაღაც კუთხით, ღირს რომ ყურადღება მივაქციოთ მას.

მწვანე ქალაქი ლისზე

სიმწვანე ისაა, რაც ადამიანებს არსებობისთვის სჭირდებათ. არსებობს ერთი ასეთი ტერმინი “ბუნებასთან დაკავშირებული”, რომელიც ცალსახად გამოხატავს იმ უწყვეტი და უხილავი ძაფის არსს, ადამიანსა და ბუნებას რომ აკავშირებს. შეიძლება, მწვანე გარემო დღეს ერთგვარ ფუფუნებადაც მოვიხსენიოთ, თუმცა, დღეს მასზე მოთხოვნა ისეა გამძაფრებული, როგორც არასდროს.

რუბრიკა “გარემოს” წარმდგენია “მწვანე ქალაქი ლისზე”.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა