8
Jan
2020

5 მიზეზი, თუ რატომ ვერ აღწევენ შრომისმოყვარე ადამიანები წარმატებას

8 Jan 2020

ხშირად გვგონია ხოლმე, რომ თუ ჭკვიანი ადამიანები ბევრს, დაუღალავად იშრომებენ წარმატება აუცილებლად მოვა. რამდენჯერ გაგიფიქრებიათ ამა თუ იმ ადამიანზე “ზუსტად ვიცი, წარმატებული ადამიანი იქნება!”, შედეგი კი სულ სხვაგვარი დამდგარა. რატომ? იმიტომ, რომ წარმოდგენებს არასწორად ვიქმნით ხოლმე. წარმატება მრავალი ფაქტორის შედეგია – იქნება ეს კარგი კარიერა, ნაყოფიერი ურთიერთობები, ჯანსაღი ცხოვრების წესი.. თუმცა, არსებობს კიდევ სხვაგვარი ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, თუ რატომ ვერ აღწევენ შრომისმოყვარე ადამიანები წარმატებას:

მათ არ სურთ ახალი კონტაქტების დამყარება

მარტივია იმ ხალხთან ურთიერთობა, რომლებსაც დიდი ხანია, იცნობთ. თუმცა, დიდი ხნის ნაცნობებთან აქტიური კონტაქტის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთსა და იმავე იდეებს ხშირად განიხილავთ, ახლებისთვის კი დრო აღარ გრჩებათ. სწორედ ამგვარად აღმოჩნდებით ხოლმე თქვენს “ყუთში”, რომლიდანაც გამოსვლა აღარ გინდებათ. ახალი ადამიანების გაცნობა მარტივი საქმე არაა, ეს თქვენგან საკმაო დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა, იმისთვის, რომ ახალი შთაგონება და იდეა გეწვიოთ, საჭიროა უცხოებთან ურთიერთობა. დაისახეთ მიზნად, რომ კვირაში მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც გაიცნოთ და გაცვალოთ მასთან თქვენი იდეები.

ცვლილებების ეშინიათ

დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე გარემოში ყოფნა რაიმე ახალთან ადაპტირებას ართულებს. მაშინ, როცა ცვლილებები ახალი შესაძლებლობებისა და ინოვაციების შანსებს ქმნის. იმის ნაცვლად, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ცვლილებებს, დააკვირდით, თუ როგორ შეგიძლიათ, მათი მეშვეობით სარგებელი ნახოთ. იყავით გახსნილები ახალი კონცეფციებისთვის და მაქსიმალურად აითვისეთ თქვენ გარშემო არსებული სამყარო.

არ სურთ რისკებზე წასვლა

ჭკვიანი ადამიანები ხშირად ირჩევენ უსაფრთხო გზას. მოსწონთ ის, რაც უკვე ბევრისგან ნაცადი და გარანტირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოების ხარისხს, ერთი და იმავე საქმის კეთება მოსაწყენია. ხშირად გვესმის ხოლმე ჭკვიანი ადამიანებისგან, რომ მათ თავიანთი საქმე ყელში აქვთ ამოსული და რომ სხვა რამის კეთება სურთ, თუმცა ეშინიათ. თუკი ახალი ტერიტორიების ათვისება არ გსურთ, დაფიქრდით, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ იმავე ადგილზე? იქნებით თუ არა საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილი? იქნებ დროა, გაარღვიოთ ერთფეროვნების წრე და რისკზე წახვიდეთ?!..

იჯერებენ, რომ თავიანთი გამოცდილების ფონზე წარმატებას იმსახურებენ

ხშირად, ისინი, ვინც სკოლაში ბევრს შრომობდნენ, ფიქრობენ, რომ თავიანთი ინტელექტისა და შრომისუნარიანობის გამო აუცილებლად იმსახურებენ წარმატებას. ამ წარმატებას კი ისინი ავტომატურად ელიან. თუმცა, რეალურად, ცხოვრება ამგვარი არ არის. სინამდვილეში, ჩვენ არ ვიღებთ შედეგებს ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. შედეგები ბევრი შრომის, სტრატეგიული აზროვნებისა და ცოტაოდენი გამართლების კომბინაციის შედეგად მოდის.

მათ არ სჯერათ თავიანთი თავის

ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი შესაძლებლობები შეაფასონ. ისინი არიან თავიანთი თავების პირველი კრიტიკოსები, უყენებენ თავებს მაღალ სტანდარტებს. როდესაც ისინი პროექტზე მუშაობენ, მუდამ შფოთავენ და თუ საქმე გეგმის მიხედვით არ წავიდა, გადაჭარბებულად ღელავენ..

მაღალი სტანდარტები და საკუთარი თავისადმი მომთხოვნობა კარგია, თუმცა – საზღვრების ფარგლებში. ხშირად, ზედოზირებული კრიტიკა კი არ გვეხმარება, არამედ უფრო უუნაროს გვხდის. პერფექციონიზმი ხანდახან წარმატების მიღწევაში ხელს გვიშლის.

ასე რომ, იმის მაგივრად, რომ იძახოთ, “მე არ ვარ საკმარისად კარგი”, ან “რა იქნებოდა, თუ..”, სცადეთ რაიმე ახალი, გამოდით კომფორტის ზონიდან იმისთვის, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოთ.

წყარო: Medium



განხილვა