3
Sep
2019

რატომ უნდა ვიყო გარემოს დამცველი?

3 Sep 2019

სულ ცოტა ხნის წინ ამაზონის ტყეზე დამტყდარ ამბავს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. უმეტესწილად, ისინი სოციალური ქსელებიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს და დიდ მღელვარებას გამოხატავდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით. სწორედ სოციალური ქსელების საშუალებითვე გახდა ცნობილი, ვინ როგორ/რა ფორმით დაეხმარა ტყეს. ამ ყველაფერმა კი კიდევ ერთხელ კითხვის ქვეშ დააყენა ის, თუ ვინ შეიძლება, რეალურ გარემოსდამცველად მოვიაზროთ და ვინ – არა. ან საერთოდაც, რატომ გვჭირდება, რომ გარემოსდამცველები ვიყოთ?

თითქმის ყველა წყაროში სიტყვა გარემოსდამცველს განმარტავენ ამგვარად: ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია გარემოსთან დაკავშირებული საკითხებით და აქვს პრეტენზია, იზრუნოს მასზე. ამგვარი ადამიანები თავიანთი ცხოვრების ყველა ასპექტში ცდილობენ, დაიცვან გარემო, სხვებსაც მოუწოდონ ამისკენ – აქტიურად ისაუბრონ, გაზარდონ ცნობადობა სოციუმში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგსა თუ ბანაკში, იყვნენ მოხალისეები კრიზისული პერიოდის დროს, შეუერთდნენ გარემოსდაცვით მოძრაობებსა და გამოსვლებს, გასცენ მატერიალური დახმარება, თუკი, რა თქმა უნდა, ამის საშუალება აქვთ და ა.შ მათ თავიანთი კეთილი ზრახვები და იდეები ქმედებაში მოჰყავთ და მხოლოდ სასარგებლო სიტყვებით არ შემოიფარგლებიან.

ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან გარემოსდამცველები. მაგალითად, ხშირად ხდება ისე, რომ ჰუმანისტები არიან გარემოსდამცველები – ისინი ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ამის მიღწევა ხომ შეუძლებელი იქნება გარემოს კეთილდღეობის გარეშე. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ადამიანები გარემოსდამცველები ხდებიან, არის ეკონომიკა. ეკონომიკურ ზრდას აუცილებლად სჭირდება საღი გარემო. იმისთვის, რომ დედამიწამ სიმდიდრე აწარმოოს, ამისთვის დიდი რესურსი სჭირდება. სწორედ ამიტომაა ამ ტიპის გარემოსდამცველებისთვის საჭირო, რომ დედამიწაზე ვიზრუნოთ და რესურსი შევინარჩუნოთ. თუმცა, ხშირად ამ შემთხვევას უკუეფექტი აქვს – სწორედ რომ ეკონომიკური მიზნით ბევრი რესურსის გამოყენება აყენებს პლანეტას იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა. გვავიწყდება, რომ ზოგიერთი რესურსი მარტივად აღდგენადი არ არის.

ზოგი კი სულაც იმიტომ არის გარემოს დამცველი, რომ ეს პოპულარული ტენდენციაა. მთავრობის ლიდერები, პოლიტიკოსები და სხვა კორპორაციული ბიზნესის წარმომადგენლები ცდილობენ, მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი თავი გარემოსდამცველებად, რადგანაც ეს კარგი ტონია. თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენა, რეალურად სამყაროს ძალიან ცოტა გარემოსდამცველი ჰყავს. ეს კი იმიტომ, რომ გარემოსდამცველობა მარტივი არ არის. იგი დიდ ენერგიას, მონდომებას, სურვილის სიმძაფრესა და მოტივაციას საჭიროებს. გარემოზე ზრუნვა ცხოვრების ნაწილად გაიხადო, არ არის მარტივი საქმე. ამიტომაა, რომ, ხშირად, დამწყები გარემოსდამცველები ამ საქმიანობას თავს ანებებენ.

და აი ამ პირადი თუ ზოგადი მიზეზების მიმოხილვის მერე, ლოგიკურია, ჩნდება კითხვა: რატომ გვჭირდება, რომ გარემოსდამცველები ვიყოთ? რა სარგებელი აქვს ამას ჩვენთვის და სხვებისთვის?

ფიზიკურ/ხილვად გარემოში ყველაფერი ყველაფერთანაა დაკავშირებული. პლანეტაზე ერთგვარი კანონზომიერებაა გაბატონებული და ამის გამოა, რომ ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება მიწაზე მანამდელი და შემდგომი პროცესების გარეშე. დედამიწის თითოეული ცოცხალი არსება უდიდეს როლს თამაშობს გარემოს შენარჩუნებაში. და როდესაც ადამიანი უარყოფითად ერევა ამ კანონზომიერებაში, იგი ირღვევა და სახეს კარგავს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ამ კანონზომიერების შენარჩუნება.

დედამიწაზე არაფერი ქრება. მეცნიერება ამბობს, რომ უკვე არსებული ნედლეული არსად ქრება – მისი არც წარმოქმნა შეიძლება და არც გაქრობა. ამგვარი მხოლოდ ატომური ენერგიაა. ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებს ზემოხსენებული დებულების არ სწამთ, ნაგავსაყრელთა უსასრულოდ გაზრდილი რიცხვია. და არამარტო ნაგავსაყრელთა.. ნარჩენები ხომ ქუჩაში მიმობნეულიც უხვად გვხვდება. გარემოსდამცველობა კი იმიტომაა აუცილებელი, რომ ზემოხსენებული ადამიანების საპირწონედ არსებობდეს ხალხი, ვინც მათ ქმედებებს გაანეიტრალებს.  

ბუნებაში “უფასო სადილი” არ არსებობს. იმისთვის, რომ ბუნებაში სიცოცხლე არ შეწყდეს, დიდი ენერგიაა საჭირო. ამ ენერგიას კი ეს ცოცხალი არსებები გარემოდან ითვისებენ. მაგალითად, მზიდან შეთვისებული ენერგიით მცენარეები საკვებს ამზადებენ. თუკი ბუნებაში გამეფებული ეს სასიცოცხლო წრე დაირღვა, ადამიანს უბრალოდ აღარ შეეძლება, იარსებოს. იგი ბუნებისგან ვეღარ მიიღებს იმას, რასაც იღებდა. რეალურად, კი გარემოში ეს პრობლემა დღესდღეობით მტკივნეულად დგას – თუნდაც, კლიმატიდან გამომდინარე, მცენარეები ვეღარ იღებენ ენერგიას და კვდებიან – მწვანე საფარი მცირდება. ეს ფაქტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გარემოზე ზრუნვა დავიწყოთ.

ალბათ, ძალიან შორეულად ჟღერს მომავალი თაობების მიერ ჩვენივე დაფასება, თუმცა, რეალურად, “ტყის შვილებისთვის შენახვა” ნამდვილად უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტი. გარდა ამისა, დედამიწა ჩვენი სახლია. ის სახლი, რომელშიც უკვე საუკუნეებია, კაცობრიობა ცხოვრობს. სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს იმის თქმა, რომ თუკი აქამდე იგი თვითონ ზრუნავდა ჩვენზე, ახლა დროა, ჩვენ მივხედოთ მას და რაც მეტად ავარიდებთ თავს, მით მეტად უარყოფითად შემოგვიტრიალდება ჩვენივე ქმედებები.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა