11
Nov
2019

რა დატვირთვა აქვს განათებას საცხოვრებელ ბინაში?

11 Nov 2019

სახლის მოწყობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა, განათებაა. ის, თუ როგორი განათება ექნება თქვენს სახლს, თქვენივე ხასიათზეა დამოკიდებული. შეიძლება, სულაც ჩაბნელებული ოთახები მოგწონდეთ, ან პირიქით – ყველა ოთახი უკიდურესად ნათელი გქონდეთ. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება თქვენივე სახლის აურას/განწყობას განაპირობებს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, განათების დადებით მხარეებზე გიამბოთ:

კარგი განათება გონების ჯანსაღად მუშაობას უწყობს ხელს

მასაჩუსეტსის ერთ-ერთი კლინიკის კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც ბნელ გარემოს ირჩევენ საცხოვრებლად, დაახლოებით 40%-ით ნაკლებპროდუქტიულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ნათელ გარემოში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ხანდახან სახლში ყოფნისთვის დროც კი არ გვქონდეს, ის, თუ როგორია ჩვენი შინაურული გარემო, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. მით უმეტეს, თუ საქმე ფრილანსერებს ეხებათ და ისინი სახლში მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას. მათთვის კარგი განათება ის უპირობო ფაქტორია, რომელიც მათ ნაყოფიერი მუშაობისთვის სჭირდებათ.

კარგი განათება კარგია ჯანმრთელობისთვის

გარდა იმისა, რომ ნათელი გარემო ჩვენს სხეულს საჭირო ენერგიით ავსებს, იგი, პირველ რიგში, აუცილებელი და სასარგებლოა ჩვენი თვალებისთვის. ბნელ გარემოში თვალს უჭირს გამოსახულების მკვეთრად აღქმა, რაც თვალის დაძაბულობას იწვევს. ამის შედეგად კი ვითარდება თვალის სხვადასხვა დაავადება. კარგი განათების პირობებში კი, თვალს ეს წინაღობა არ ხვდება და შესაბამისად დაავადებების განვითარების რისკიც მცირდება.

ნათელი გარემო კარგ ხასიათს წარმოშობს

ბნელი გარემო “მუქი ფიქრების” განვითარების უშუალო წინაპირობაა. შეიძლება ფიქრობთ, რომ გარემოს ამგვარ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს ასე არ არის. ნათელი გარემო იმედიან, პოზიტიურ ფიქრებს წარმოშობს. სრულიად შესაძლებელია, რაც აქამდე უიმედო გეჩვენებოდათ, ნათელ გარემოში პირიქით მოგეჩვენოთ. და ის, თუ როგორ გარემოს შექმნით სახლში, აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას თქვენს ხასიათზე.

ბუნებრივი განათება ბუნებრივ სითბოს იწვევს

თუკი ბუნებრივ განათებაზე მიდგა საქმე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი სახლში როგორც ვიზუალურად, ისე შეგრძნებითაც თბილ გარემოს ქმნის. მათთვის, ვისაც მზე უყვარს და მზიან ამინდებში თავს კარგად გრძნობს, ყოველთვის ანიჭებს უპირატესობას დიდ ფანჯრებს და ღია ფერის ფარდებს, რაც სახლში თბილ გარემოს ქმნის. შესაბამისად, მზის მოყვარულთათვის კარგი განათება აუცილებელი პირობაა.

“მყუდრო” განათება მშვიდი ძილის საწინდარია

გიფიქრიათ, თქვენს ტკბილ ძილს რა განაპირობებს ხოლმე? გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში მყუდრო და დაბალი განათება მშვიდი ძილის საწინდარია. სწორედ ამიტომაა ხოლმე, რომ საძინებელთან პატარა სანათებს ვდგამთ, ან კედელზე ვკიდებთ. გარდა ძილისა, ასევე ამგვარი განათება ხელს უწყობს მშვიდი, მყუდრო გარემოს შექმნას, რაც იდეალური გარემოა ძილისწინა მდგომარეობისთვის.

რუბრიკა “გარემოს” წარმდგენია “მწვანე ქალაქი ლისზე”.

განხილვა