2
Aug
2019

რატომ ვიღებთ ცუდ გადაწყვეტილებებს?

2 Aug 2019

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაში ყოველ საათში 2000-მდე გადაწყვეტილებას იღებს. ამ გადაწყვეტილებათა უმეტესობა უმნიშვნელოა და მათ ინსტინქტურად ან ავტომატურად ვიღებთ – რა ჩავიცვათ დილით, როდის გავიდეთ ლანჩზე: ახლა თუ 10 წუთის შემდეგ და ა.შ თუმცა, დღის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად რეალურ სახეს იღებს და საბოლოო ჯამში ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. გავლენას ახდენს ჩვენსავე ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე, იმაზე, თუ როგორ გავატარებთ დროს და ზოგადად, ჩვენს კეთილდღეობაზე.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

კარგი გადაწყვეტილებების მიღება ის უნარია, რომელიც თავისუფლად შეიძლება განივითაროთ. თუმცა, ხშირად ძალიან ბევრი რამ გვიშლის ხელს, რომ საღად ვიაზროვნოთ და ნორმალურ შედეგამდე მივიდეთ. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის კარგი გადაწყვეტილების მიღებას:

გადაწყვეტილებების მიღების შედეგად გამოწვეული დაღლილობა

ყველაზე ენერგიულ ადამიანებსაც კი არ აქვთ ამოუწურავი გონებრივი ენერგია. ჩვენივე უნარი, გავუმკლავდეთ გონებრივ დავალებებს და მივიღოთ გადაწყვეტილებები, ასე ვთქვათ, “ბლაგვდება” მაშინ, როცა ამ პროცესს არაერთხელ და გადაბმით გავივლით. და საბოლოოდ, ბევრი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება ჩვენში ქრონიკულ დაღლილობას იწვევს. ასეთ დროს აუცილებელია, გადავანაწილოთ დავალებები პრიორიტეტის მიხედვით და მაშინ გადავწყვიტოთ ისინი, როდესაც ჩვენი ენერგია შედარებით სავსე იქნება.

ბევრი ინფორმაციით გადატვირთვა

“ტექნოლოგიის ცუნამმა” შექმნა ის ეპოქა, რომელშიც ინფორმაცია გაცილებით მარტივადაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ეს, მაგალითად, 80-იან წლებში იყო. ინფორმაციის და კომუნიკაციის ეს უწყვეტი ნაკადი კი, ერთი შეხედვით, ძალიან სასარგებლო და კომფორტულია, თუმცა, იგი ჩვენი გონების გადატვირთვას იწვევს. ჩვენ გვიწევს იმ დროში ცხოვრება, რომელშიც 5-ჯერ მეტ ინფორმაციას ვიღებთ ყოველდღიურად, ვიდრე ძველი თაობები იღებდნენ. შესაბამისად, გონებისთვის ძალიან რთული ამოცანაა, ამდენ ინფორმაციაში ერთ რომელიმეზე ფოკუსირდეს და ხარისხიანად იმუშაოს მასზე. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ხანდახან გამონახოთ დრო, თუნდაც სულ რამდენიმე წუთი, და შორს იყოთ მეილისგან, სოციალური ქსელებისგან და ზოგადად ინტერნეტისგან.

დავალებათა სიმრავლე

დღესდღეობით ძალიან ცოტა სამუშაო დარჩა ისეთი, სადაც ადამიანს არ უწევს, იფიქროს რამდენიმე დავალებაზე ერთად. დღევანდელი რეალობა კი აიძულებს დასაქმებულ ადამიანებს, იფიქრონ მრავალ საკითხზე, თანაც ისე, რომ დედლაინებში ჩაეტიონ. გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მაშინ, როდესაც გონებას ერთ კონკრეტულ საკითხზე არ აქვს დამთავრებული ფიქრი და მეორეზე გადასასვლეად მზად არ არის. ეს სიტუაცია ზემოხსენებულ ინფორმაციის სიმრავლეს ჰგავს, ოღონდ აქ დავალების სიმრავლეს განვიცდით. ეფექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, როგორც კვლევამ აჩვენა, 40%-ით იკლებს მაშინ, როდესაც გონება ორ და მეტ საკითხზე ერთად ფიქრობს. ამიტომაც, დაყავით დრო გარკვეულ პერიოდებად და თითოეულ საკითხს თითო პერიოდი დაუთმეთ. ასე უფრო შეძლებთ გონება არ დაღალოთ და კარგი გადაწყვეტილება მიიღოთ.

ემოციები

ნებისმიერი ტიპის ემოცია, იქნება ეს სიბრაზე, სინანული, სიხარული, იმედგაცრუება, იმედი თუ ა.შ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ემოციებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, არ გვჭირდება რაიმე კვლევაზე დაყრდნობა იმისთვის, რომ მივხვდეთ – ძლიერი ემოციები, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. თუნდაც მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ხართ და მეილი გაქვთ გასაგზავნი, რთული მომენტის წინაშე დგებით, რადგან ასეთ დროს სიტყვებს ვერ პოულობთ და შეიძლება, იმგვარი რამე მისწეროთ ადრესატს, რომ შემდეგ ინანოთ.

სწორედ ამიტომ, ყოველთვის დააკვირდით იმას, თუ როგორ განწყობაზე ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები. დაელოდეთ სწორ და კარგ მომენტს საამისოდ. გაუწიეთ თავს წინააღმდეგობა, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ძლიერ ემოციურ ფონზე – უბრალოდ დაანებეთ თავი ასეთ დროს იმას, რასაც აკეთებთ.

“ანალიზის დამბლა”

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტექნოლოგიების ერამ მოგვცა საშუალება, მიგვეღო უამრავი ინფორმაცია, მაგრამ, რეალურად, გააკეთოთ ამდენი ინფორმაციის ანალიზი, ურთულესი რამაა. უამრავი მონაცემის ფონზე კი, ლოგიკურია, რომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება. რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, უფრო გვეწელება ეს პროცესი. ხშირად ვერც კი ვხვდებით, რომ ინფორმაციის ზღვაში ბევრი რამ არც გვჭირდება. სწორედ ამიტომ, საჭიროა, დაანებოთ თავი ინფორმაციის უსაზღვრო ძიებას და საკუთარ თავს დაუწესოთ გადაწყვეტილების მიღების დედლაინი. ჩვენ გვგონია ხოლმე, რომ რაც მეტ დროს დავხარჯავთ ყველაფერ ამაზე, მით უფრო ეფექტურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუმცა, ამავდროულად, ბევრი დრო გვეკარგება ამ პროცესში, რაც ბოლოს ისევ ჩვენთვისვეა საზიანო.

გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ, განსაზღვრავს ჩვენს რეალობას.. ჩვენი გადაწყვეტილებები აყალიბებს ჩვენსავე ურთიერთობებს – ურთიერთობებს იმ სამყაროში, რომელშიც ყველა და ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ყოველდღიურად სუსტი გადაწყვეტილებების მიღებაც გვიწევს. თუმცა, თუკი ზემოთ ჩამოთვლილ 5 ასპექტზე ზრუნვას დაიწყებთ, თქვენი გადაწყვეტილებების ეფექტურობა აუცილებლად გაიზრდება.

წყარო: HBR



განხილვა