in

რატომ არის მცენარეები სახლსა და ოფისში აუცილებელი?

ადამიანის ბუნებაზე დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს, სიმწვანესა და სუფთა გარემოში მეტი დრო გაატაროს. თუმცა, სამსახურების უმეტესობა ოფისში ჯდომასა და საქმეზე კონცენტრირებას მოითხოვს. დამღლელი დღის შემდეგ კი, ბუნებაში გასვლის მაგივრად, ადამიანები სახლში წასვლასა და დასვენებას ამჯობინებენ. რა შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ბუნებასთან კავშირის შესანარჩუნებლად გავაკეთოთ? – ბუნება საკუთარ ოფისებსა და სახლებში “გადმოვიტანოთ”. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ სამუშაო ადგილისა და საცხოვრბელის გამწვანებას ძალიან დიდი დადებითი ეფექტი აქვს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ამ ეფექტის შესახებ მოგიყვეთ:

მცენარეები ამცირებენ სტრესს

სიდნეის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო სივრცეში მცენარეების შეტანის შემდეგ მომუშავეთა 37%-ში შემცირდა დაძაბულობა და შფოთვა, 58%-ში – დეპრესია, 44%-ში იკლო გაბრაზებამ და მტრულმა შეგრძნებებმა, ხოლო 38%-ს შეუმცირდა დაღლილობა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ექსპერიმენტს მცირე მასშტაბები ჰქონდა, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ სივრცეში, მხოლოდ ერთი მცენარის დადგმაც კი აჯანსაღებს თანამშრომელთა სულიერ მდგომარეობასა და განწყობას.

გარდა ამისა, ფერის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერს დამამშვიდებელი და რელაქსაციური ეფექტი აქვს, ასე რომ, სამუშაო ადგილებსა და სახლებში მცენარეების შეტანა მშვიდ განწყობას უზრუნველყოფს.

მცენარეები პროდუქტიულობისა და კრეატიულობის ზრდას იწვევენ

ექსეტერის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ 2014 წელს აჩვენა, რომ ჩვენ გარშემო არსებულ სივრცეში მცენარეების ყოფნა ჩვენსავე პროდუქტიულობას 15%-ით ზრდის. ამავე კვლევის თანახმად, მის მონაწილეებს მცენარეები მეხსიერების გაუმჯობესებაში დაეხმარა და გარდა ამისა, კვალიფიკაციის გასაუმჯობესებელ ტესტირებებში უკეთესი ქულებიც მიიღეს.

“თუკი თქვენს სამუშაო გარემოში არის ისეთი რამ, რაზეც ფსიქოლოგიურად დამოკიდებული გახდებით (რასაკვირველია, დადებით კონტექსტში), თქვენ იქნებით ბედნიერი და უფრო კარგადაც იმუშავებთ,”კრის ნაითი, მკვლევარი.

და გარდა იმისა, რომ სიმწვანეს ჩვენს პროდუქტიულობაზე დიდი გავლენა აქვს, ასევე გვეხმარება იმაშიც, რომ უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ ჩვენს საქმეს და ახალ-ახალი, საინტერესო იდეების ავტორები გავხდეთ.

მცენარეები ამცირებენ ავადმყოფობის მაჩვენებელს

გარდა იმისა, რომ მცენარეებს შეუძლიათ, ჩვენს ფსიქოლოგიაზე დადებითად იმოქმედონ და ფსიქოლოგიური ავადმყოფობა აგვარიდონ თავიდან, მათ ასევე შეუძლიათ, ფიზიკური ავადმყოფობის რისკიც შეამცირონ. მაგალითად, ადამიანებს რომლებიც დიდ დროს ატარებენ 4 კედელს შუა სახლსა თუ ოფისში, აქვთ “შენობის სინდრომი”, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახასიათებთ კანის გამოშრობა, თვალებისა და ცხვირის გაღიზიანება, კონცენტრაციის პრობლემები და ა.შ მცენარეები კი ყველაფერ ამის აღმოფხვრაში დიდ როლს თამაშობენ. ისინი მაქსიმალურად ამცირებენ ჩაკეტილი სივრცის მიერ გამოწვეულ სიმპტომებს.

მცენარეები ოფისებსა და სახლებს ბევრად მიმზიდველს ხდიან

რატომ შეიძლება, სახლში დაბრუნება ან ოფისში მისვლა გვიხაროდეს? ამისთვის შეიძლება, ბევრი მიზეზი არსებობდეს, თუმცა, გამწვანებული გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მათში. მცენარეები ოფისებსა და სახლებს ბევრად უფრო მიმზიდველს ხდიან. სწორედ ამიტომ, ხშირად ასეთი ოფისის მქონე სამსახურებში დასაქმების მსურველები ბევრნი არიან. სახლში მცენარეების ყოლა კი სამსახურიდან მოსულებს დასვენებასა და რელაქსაციაში გვეხმარება.

მცენარეები აჯანსაღებენ ჰაერს

მანამ, სანამ ადამიანებს გვჭირდება ჟანგბადი იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, მცენარეებს სჭირდებათ ნახშირორჟანგი იმისთვის, რომ იარსებონ. შემდეგ კი, სინათლესთან და წყალთან ერთად გამოიმუშაონ ენერგია და აწარმოონ ფოტოსინთეზი.

1980-იან წლებში ნასას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეებს შეუძლიათ, სხვადასხვა ქიმიკატით გაჟღენთილი ჰაერი გაწმინდონ და გააჯანსაღონ. ანალოგიური გავლენა აქვს მცენარეებს იმ სივრცეებში, რომლებშიც ჩვენ ისინი შეგვაქვს. შესაბამისად, გვიწევს იმ გარემოში ყოფნა, რომელიც ჯანსაღია.

რუბრიკა “გარემოს” წარმდგენია “მწვანე ქალაქი ლისზე”.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ორი მარტივი რჩევა, თუ როგორ ავირჩიოთ კარიერული გზა

„არგოს“ წილი Royal Swinkels Family Brewers-მა იყიდა