გიფიქრიათ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს თქვენს სულ უმნიშვნელო ქმედებებსაც კი თქვენს გუნდის წევრებზე? გაიხსენეთ სკოლის პერიოდი, თქვენი მასწავლებლების ქცევები, მათი გავლენა თქვენს ფსიქიკასა და თვითშეგნებაზე.. მასწავლებელიც ხომ ერთგვარი ლიდერია, რომლის სიტყვები და გაკვეთილები მთელი ცხოვრების განმავლობაში გვდევს თან. სწორედ ესაა პეპლის ეფექტი – რომ სულ მცირე დეტალმაც კი ძალიან დიდი მასშტაბით შეიძლება იჩინოს თავი 5, 10 თუ 15 წლის შემდეგ.
პეპლის ეფექტი თანაბრად მოქმედებს ორგანიზაციული ლიდერების ქმედებების შემთხვევაშიც. მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ძალიან კარგი ლიდერი ვართ, ჩვენმა მცირე არასწორმა ქმედებამაც კი შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს გუნდის წევრებზე. იგივე შეიძლება ითქვას კეთილგანწყობასა და დადებით დამოკიდებულებებზე, რომლებიც პეპლის ეფექტის ფონზე კარგად მოქმედებს გუნდის წევრებზე და ისინი პერმანენტულად ივსებიან მოტივაციით, უკეთ აკეთონ თავიანთი საქმე.
და მაინც, როგორ უნდა გამოიწვიოთ დადებითი პეპლის ეფექტი?
გამოიყენეთ სიტყვები და ქმედებები
რამდენიმე დადებით სიტყვასაც კი შეუძლია, თანამშრომლის მოტივაცია აამაღლოს. თუმცა, ეს სიტყვები აუცილებლად განამტკიცეთ ქმედებებითაც. სიტყვებს ხომ მხოლოდ მაშინ აქვთ მნიშვნელობა, როცა მათ ქმედებები მოჰყვებათ. იყავით, პირველ რიგში, თქვენი გუნდის მხარდამჭერები. ამოუდექით მათ მხარში, როცა ძალიან სჭირდებათ. აპატიეთ შეცდომები და ასწავლეთ გადაჭრის გზები. იყავით მაგალითი თქვენი გუნდისთვის.
არ მისცეთ ნება გახდნენ ზედმეტად სტაბილურები
ეს ნიშნავს, რომ არ მისცეთ მათ კომფორტის ზონაში ყოფნის საშუალება. მიეცით ახალი გამოწვევები, მიეცით საკუთარი თავის გამოცდის და განვითარების საშუალება, რათა სხვადასხვა სიტუაციას სამომავლოდ წარმატებით გაუმკლავდნენ.
მიეცით განვითარების საშუალება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ
ხშირად ლიდერები მნიშვნელოვანი ამოცანების ამოსახსნელად იმ გუნდის წევრებს იყენებენ, რომლებიც ყოველთვის ყველაზე კარგად ართმევენ თავს დავალებებს. ეს კი არასწორია. მიეცით შანსი მათ, ვინც ყოველთვის ყველაზე წყნარადაა. თანაბრად იზრუნეთ ყველა თანამშრომელზე და ეცადეთ, არ გამოარჩიოთ ისინი. პრიორიტეტები ყველას თანაბრად მიანიჭეთ და საბოლოო ჯამში გუნდი ძალიან ძლიერი იქნება.
წყარო: Inc