Wi-Fi როუტერის ძირითადი მიზანი ინტერნეტთან დაკავშირებაა. მაგრამ რა მოხდება, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრაც შეეძლება? ამ მოწყობილობის მიერ გამოსხივებული სიხშირეები გარემოში ყველაფერს ეხება, მათ შორის თქვენც. ადამიანის მოძრაობებმა კი, როგორი მცირეც არ უნდა იყოს ის, შეიძლება სიგნალის გზაზე იმოქმედოს — როუტერიდან სმარტფონებამდე თუ ლეპტოპებამდე.
ამ პრინციპით, სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა შეიმუშავა გზა, რომლითაც Wi-Fi ადამიანის სუნთქვაში მცირე ცვლილებებსაც კი შეამჩნევს — ასე დაადგენს, ვინმეს სუნთქვასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს. ამისათვის მკვლევართა გუნდმა CSI გამოიყენა (სიგნალების ერთობლიობა, რომელიც მოწყობილობიდან წვდომის წერტილამდე იგზავნება). როდესაც ეს სიგნალები ობიექტსა და ადამიანებში გადის, ისინი გარკვეულწილად იცვლება — სწორედ ასე დაადგენს Wi-Fi, როგორ მოძრაობს ჩვენი სხეული და რამდენად ჯანმრთელია სუნთქვა.
ჯგუფმა ჰიპოთეზა რობოტ მანეკენზე გამოცადა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სუნთქვას ასახავდა — მათ შორის, ნორმალურ და ჯანსაღ სუნთქვას, ასთმურ, არანორმალურად ნელ და სწრაფ სუნთქვას, პნევმონიურს და ა. შ. შემდეგ კი მკვლერებმა ჩაწერეს, როგორ იცვლებოდა მკერდის მოძრაობა თითოეული მათგანის დროს. ხოლო მოპოვებული მონაცემები, ღრმა სწავლების გზით, სუნთქვის სხვადასხვა პრობლემის ანალიზისა და დიფერენცირების მიზნით გადაეცა ალგორითმს, სახელწოდებით BreatheSmart. ამ უკანასკნელს შეუძლია, შემთხვევების 99,54%-ში სწორად ამოიცნოს იმიტირებული ნიმუშები.