ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს, ზუსტად იცის, რომ ისინი ისე ხდებიან ჩვენი ოჯახის წევრები თუ მეგობრები, გაფიქრებასაც ვერ ვასწრებთ — შესაბამისად, მათ ჯანმრთელობაზეც საკუთარივით ვზრუნავთ. სწორედ ამ პროცესის გამარტივებასა და ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს ახალი ქართული სტარტაპი, Wiggly AI.
„ვიგლის“ მთავარი იდეა/კონცეფცია ის არის, რომ არსებობდეს AI ბოტი, რომელიც ცხოველის მეპატრონის პირადი ასისტენტი იქნება, დააკვალიანებს და კონსულტაციას გაუწევს მას ნებისმიერ საკითხზე. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაითვალისწინებს ცხოველის ინდივიდუალურ მახასიათებლებს — შესაბამისად, კონსულტაცია პერსონალიზებული იქნება. ამ დროისათვის, ჩაშვებიდან 1 კვირის ვადაზე, ვიგლიმ უკვე 200-ზე მეტი კონსულტაცია ჩაატარა, რასაც საკმაოდ დადებითი შეფასებებიც მოჰყვა.
იქიდან გამომდინარე, რომ უამრავ ადამიანს, არასაკმარისი დროის, მწირი ფინანსებისა თუ ერთ სივრცეში თავმოყრილ ინფორმაციაზე წვდომის ნაკლებობის გამო, ხშირად უჭირთ ცხოველებისთვის სათანადო დახმარების გაწევა, Wiggly AI მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბაზარზე. ამასთან, ვიგლის, განვითარების ორი ეტაპი ექნება. პირველ ეტაპზე ქართულენოვანი ბოტი ქართულ ბაზარს სრულიად უფასოდ მოემსახურება, მეორე ეტაპზე კი საერთაშორისო ბაზარზე შესვლა და IOS და Android აპლიკაციების შექმნა იგეგმება, რომლებიც ზაფხულის დასაწყისისთვის უნდა ამოქმედდეს.
კონკრეტულად როგორ ეხმარება აპლიკაცია მომხმარებლებს შინაური ცხოველების მოვლაში?
ვიგლი მოიცავს ვეტერინარიის მიმართულებას (სიმპტომების მიხედვით სავარაუდო დიაგნოზის დასმა), ზოგადი მოვლის საკითხებს (ეს მიმართულება ფარავს ძალიან ბევრ კატეგორიას: დამუშავებას, ვაქცინებს, გრუმინგს, გასეირნებას, თამაშებს, წვრთნას და სხვას), ნუტრიციას (სწორი კვება) და ინფორმაციას სერვის პროვაიდერებზე.
მომავალში ვიგლის ექნება კალენდრის ფუნქციაც, რომელიც პროაქტიულ რეჟიმში შეახსენებს ცხოველის პატრონს მნიშვნელოვან თარიღებს, მაგალითად ჭიაზე დამუშავების, ვაქცინების, პერიოდული ვეტერინარული შემოწმების და სხვა თარიღებს.
რის საფუძველზე ეხმარება Wiggly ცხოველებს — საიდან აქვს საჭირო ინფორმაცია და როგორ ხდება მისი სათანადოდ დამუშავება?
ვიგლის შექმნას წინ უძღოდა 5-თვიანი სამუშაო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც დარგის 8 ექსპერტი იყო ჩართული. ამ პერიოდში მოაგროვეს საკმაოდ ღირებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაატრენინგეს ვიგლი და შესაბამისი ალგორითმებიც გაწერეს; ამასთან, შექმნეს შესაბამისი კონტენტი, რომელიც მომხმარებლებთან საუბრისას გამოიყენება.
ვიგლის გასამართად არაერთ პრობლემა/გამოწვევაზე დამოუკიდებლად მუშაობა მოუწიათ, მაგალითად:
- საჭირო იყო, სხვადასხვა სიმპტომის და იუზერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვიგლის სწორად გამოეცნო სავარაუდო დაავადება. თავისთავად გამოწვევა იყო ისიც, თუ რა კითხვები უნდა დაესვა ვიგლის და რა ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა სწორი დიაგნოზის დასასმელად.
- აუცილებელი იყო, ვიგლის კონსულტაციისას გაეთვალისწინებინა სხვადასხვა ფაქტორი და კონსულტაციისაც, პასუხებში გამოეყენებინა. მაგალითად, ინფორმაცია ცხოველზე, ჯიში, ასაკი, წონა; და ასევე, გარე ფაქტორებიც, როგორიცაა სეზონი, დაავადებების გავრცელების დინამიკა და ა. შ.
- ზოგადად, გარანტირებულად სანდო და ღირებული ინფორმაციის მიწოდება იუზერისთვის, რაც სტარტაპის ამოსავალი წერტილია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფარგლებში მსგავსი იდეა პირველად განხორციელდა. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ბევრი სტარტაპი თუ უკვე განვითარებული კომპანია იყენებს ვიგლის კონცეფციის სხვადასხვა ელემენტს, თავის სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისში. „ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა. შინაური ცხოველების ინდუსტრიაშიც აუცილებლად რევოლუციას მოახდენს AI-ისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტაციის კუთხით. ჩვენ კი ვიმედოვნებთ, ერთ-ერთი პიონერი ვიგლი იქნება“, — ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი, თორნიკე ჩუნთიშვილი.
ავტორი: ქეთია ბელქანია