in

წიგნები, რომლებიც „ამბის მთხრობელებს“ გამოადგებათ

ამბის თხრობის ხელოვნებას ჯერ კიდევ უძველეს დროში დაეუფლა კაცობრიობა, უბრალოდ, თავიდან კონკრეტულ სახელს ვერ ვარქმევდით. ბუნებრივი მოთხოვნილების მსგავსად განგვივითარდა; ჩვენს ევოლუციასთან ერთად დაიხვეწა, კონკრეტული ფორმები მიეცა და გამოხატვის ხერხები თუ საშუალებებიც ოსტატურად ჩამოვაყალიბეთ. ჩვენს ორგანულ ნაწილად ვაქციეთ — ყველა განსხვავებულად ეუფლება სიტყვების რთულ, საინტერესო და ორიგინალურ წყობებს. ძირითადად ერთი და იმავე სიტყვებით კი ვხელმძღვანელობთ, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე შეგვიძლია სრულიად გამორჩეული აზრების შეთხზვა…

მართალია, ყველამ საკუთარი ნიშა უნდა იპოვოს ამბის თხრობის ხელოვნებაში, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვნად გვეხმარებიან უკვე წარმატებული მწერლები. მათი ნაწარმოებები, ნაშრომები თუ ლექციები ერთგვარ მასწავლებლებად აღიქმებიან. ამიტომაც, სტატიაში იმ წიგნებს გაგიზიარებთ, რომლებიც სთორითელინგის დახვეწაში დაგეხმარებათ.

საუკუნის სკანდალი — გაბრიელ გარსია მარკესი

ამ წიგნში გაბრიელ გარსია მარკესის ჟურნალისტური მხარეა წარმოდგენილი —  ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაიხსნა ახალგაზრდა, დაღმართზე დამდგარი ბოჰემური გაბოსგან, რომელიც ცოტაც და როგორც მწერალი დაიკარგებოდა. და შემდგომ ორმოცი წლიდან სიკვდილამდე, ჩამოყალიბებულმა, დაფასებულმა და ზეაღმატებულმა ღირსეულად იცხოვრა.

„საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს — სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა…

წიგნში თავმოყრილი ტექსტები სიტყვის „ტკბილად“ ფლობის ხელოვნებას ასახავს. განსაკუთრებული თუ უბრალო ამბები ისეა გადმოცემული, გვაჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხედვის კუთხეს და სიღრმეს, რომლითაც მოვლენებს აღვწერთ.

ჯადოსნური ფიქრის წელიწადი — ჯოან დიდიონი

ეს არის წიგნი ადამიანურ ტკივილზე, რომელიც ხშირად გონივრულობას მოკლებულ ფიქრებს აჩენს და მხოლოდ მგლოვიარე ადამიანის გონებას შეუძლია მათი შობა თუ აღქმა. მასში იმდენად დაუფარავად და გულწრფელადაა გადმოცემული დატანჯული გონების აზრები, რომ მკითხველიც ზედმიწევნით მიჰყვება თითოეულ მათგანს. ამიტომაც, „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ National Book Award-ის ჟიურის წევრებმა ორი ჟანრის შედევრად დაასახელეს: მემუარისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა, რადგან დიდიონი მეთოდურად აღწერს თავისი ცხოვრების ერთ წელიწადს ქმრის სიკვდილის შემდგომ.

„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ დაუვიწყარი წიგნია, რომელშიც გულწრფელად აღწერილ პირად ტრაგედიას ავტორი უნივერსალურ გამოცდილებად აქცევს. „არასრულყოფილი, მოკვდავი არსებები ვართ. ამ მოკვდაობას მაშინაც ვაცნობიერებთ, როცა ამ აზრს განვაგდებთ. ერთმანეთში ისე აბურდულები ვართ, ისე ჩახლართულად გადაჯაჭვული, რომ დანაკარგის გლოვისას, გვინდა თუ არა, საკუთარ თავსაც ვგლოვობთ – როგორ ვიყავით, როგორ აღარ ვართ, როგორ შეიძლება ერთ დღეს საერთოდ აღარ ვიყოთ“.

ჩემი აპოლოგია — ვუდი ალენი

ჩემი აპოლოგია ვუდი ალენის, თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, მსახიობისა და რეჟისორის მოთხრობების სრული კრებულია, რომელშიც თავმოყრილია 1971-1980 წლებში შექმნილი ორმოცდაექვსი ნაწარმოები. თითოეული მათგანი ვუდისთვის დამახასიათებელი ცინიზმითა და სარკაზმითაა სავსე — ეს არის საშუალება, მწერლის ირონიული პრიზმით იმოგზაუროთ პლატონის ეპოქაში, დაინახოთ ჰიტლერის არაადეკვატურად ამპარტავნული ეგო; აქვე შეხვდებით ნიუ-იორკში გადმოსახლებულ მადამ ბოვარისა თუ თევზის კონსერვებზე მოთევზავე ერნესტ ჰემინგუეის, დანტისტად გადაქცეულ ვან გოგსა და პოლ გოგენს…

ამ მოთხრობებს, ზოგი რომ პირველი სენდვიჩის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს და ზოგი – სლენგის წარმოშობისას, აერთიანებს ვუდი ალენის დახვეწილი, ნატიფი, ინტელექტუალური იუმორი.

შეიძლება ითქვას, ვუდი მწერლობასთან ერთად, თავის კინემატოგრაფიულ ხედვასაც იყენებს — ისე აცოცხლებს შეთხზულ ამბებს, თითქოს დიდ ეკრანზე ვუყურებდეთ კინოს. აქ ყველაფერი სწრაფად, სხარტად და შთამბეჭდავად ხდება.

ნობელიანტების ლექციები, 1901-2022

მოგეხსენებათ, ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი. ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს სანობელო ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის. ეს უნიკალური გამოცემა კი აერთიანებს 1901-2022 წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ყველა ლექციას. წიგნში შესულია ნობელიანტების საბანკეტო სიტყვებიც.

ცხადია, თითოეული მათგანის ლექცია შთამაგონებელია და სამწერლობო საქმიანობაში მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, რაც ამბის მთხრობელებისთვის ახალ გამოცდილებად იქცევა. ესეც რომ არა, ისეთი დიდი ადამიანების აზრების გაცნობა, რომელთაც ყველაზე პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურეს, ნებისმიერი სთორითელერისთვის საინტერესო უნდა იყოს.

ავტორის სიკვდილი — როლან ბარტი

„ავტორის სიკვდილი“ ლიტერატურის თეორეტიკოსის, როლან ბარტის კრიტიკული ნარკვევია — ის ეჭვქვეშ აყენებს ავტორობის ტრადიციულ ცნებებს და ამტკიცებს, რომ ტექსტის ინტერპრეტაციისას ავტორის ზრახვები თუ ბიოგრაფია უნდა დავივიწყოთ. ბარტის მტკიცებით, ტექსტის მნიშვნელობა ავტორს არ უკავშირდება, არამედ შექმნილია მკითხველის მიერ ინტერპრეტაციის აქტით. სხვა სიტყვებით, მთავარი სწორედ მკითხველია, ვინაიდან საბოლოოდ ის ქმნის მნიშვნელობას.

გამოსვლისთანავე, ნარკვევმა დიდი ინტერესი დაიმსახურა, რადგან დაუპირისპირდა ავტორის იდეას, როგორც ცალკეულ, ავტორიტეტულ ხმას, რომელიც აკონტროლებდა ტექსტის მნიშვნელობას. ამის ნაცვლად, მან ყურადღება გადაიტანა მკითხველზე და სხვადასხვა ინტერპრეტაციაზე, რომელიც შეიძლება ტექსტში „შეუმჩნევლად“ იყოს ჩანერგილი.

ამის ფონზე, მან სათანადო გავლენა იქონია ლიტერატურის ბევრ კრიტიკულ მიდგომაზე, მათ შორის პოსტსტრუქტურალიზმისა და მკითხველის პასუხის კრიტიკაზე. ასევე, იმოქმედა კინოსა და კულტურის კვლევებზეც… შესაბამისად, ბარტის ნარკვევის წაკითხვამ შეიძლება ამბის მთხრობლის სტილზე, პერსპექტივის კუთხეზეც დატოვოს თავისი კვალი.

The Anatomy of Story: 22 Steps to Becoming a Master Storyteller

ჯონ ტრუბი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და მოთხოვნადი კონსულტანტია კინოინდუსტრიაში — მისი სტუდენტები ჰოლივუდის ყველაზე წარმატებული ფილმების სცენარისტები არიან… მათ შორისაა „უძინარნი სიეტლში“.

The Anatomy of Story კი მის ყველა საიდუმლოებას მოიცავს, რომლებიც დამაჯერებელი სცენარების დასაწერად გვჭირდება. წიგნი ეყრდნობა ფილოსოფიისა და მითოლოგიის ფართო სპექტრს, გვთავაზობს ახალ ტექნიკას და გამჭრიახ მეთოდებს, თუ როგორ შეგვიძლია ეფექტური, მრავალმხრივი თხრობის მიღწევა. ასევე, საუბრობს სიუჟეტის აგების პრაქტიკულ გზებზე, აქცენტირებს გმირის მორალურ და ემოციურ ზრდაზე.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

პრეისტორიული სამკაულებით 9 ევროპული კულტურა აღმოაჩინეს

აი, როგორ მუშაობს ადამიანებზე ზრუნვის გუნდის მენეჯერი