იქამდე, ვიდრე წიგნის ფურცლებში სტრიქონებს შორის გადავეშვებით და გულის თუ გონების კარნახით ამოვარჩევთ პერსონაჟს, რომელსაც განსაკუთრებით შევიყვარებთ, ნაწარმოები დიდ გზას გადის. ჯერ მწერლის აზრებში უნდა დაიბადოს იდეა, შემდეგ ნარატიულად დალაგდეს, ამბავს პერსონაჟები შეემატონ — თავიანთი ხასიათითა და იდენტობით. წერის პროცესში კი უამრავი ნიუანსი იჩენს თავს, ბევრი რამ იცვლება და მწერალიც „პირველი მკითხველის“ როლს ირგებს, რომელსაც რიგ შემთხვევებში წარმოდგენა არ აქვს, რა როგორ განვითარდება.
თუმცა არის წიგნები, რომლებიც იმდენად ფსიქოლოგიურ ნარატივს ეფუძნება, ყველა დეტალი წინასწარ და საგულდაგულოდაა გათვლილი. შეიძლება, აქაც ყველაფერი ბუნებრივად გამოვიდეს და ფრაზები „გაუთვლელად“ მძლავრად მოქმედებდეს მკითხველის განწყობის თუ მსოფლმხედველობის შეცვლაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ სტატიაში სწორედ იმ ნაწარმოებებზე გიამბობთ, რომლებიც თავიანთი სიუჟეტით ფსიქოლოგიით დაინტერესებულებს მოეწონებათ.
ვაილოტ ოკლანდერი — „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“
მისი წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ტრენინგები კლინიცისტებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მთელ მსოფლიოში მოიცვა ბავშვების ცხოვრება. ოკლანდერის წიგნი „ფანჯარა ჩვენი ბავშვებისკენ” ამ სფეროში კლასიკადაა მიჩნეული და მისი მრავალ ენაზე თარგმნა კიდევ უფრო აფართოებს გეშტალტთერაპიის მისაწვდომობას მსოფლიოში. სხვა უამრავ თარგმანთან ერთად, ეს წიგნი კლინიცისტებს თეორიული პერსპექტივითა და ტექნიკით უზრუნველყოფს კლინიკური პრაქტიკისთვის. მიზანი ერთია — მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ სულიერი კეთილდღეობა.
„იყო ფანჯრები, რომლებიც ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობით განპირობებული საბჭოთა ინერციის გამო, მკაცრად დაგმანული გვქონდა და ჯერ კიდევ არ შეგვიღია. ეს წიგნი სწორედ ამ ფანჯრებს მიღმა გაგვახედებს. წლებია, არათუ ბავშვი, ახალგაზრდაც აღარ მეთქმის, მაგრამ კითხვისას, მეც მომინდა ამ საოცარ მხატვრულ თამაშებში მონაწილეობა — ეს ავტორის სუპერპროფესიონალიზმის, გადმოცემის სტილისა და მიგნებების მრავალფეროვნების გამოა. დაკვირვება დაკვირვებას მოსდევს და ამ დაკვირვებით გაკვირვება გაკვირვებას – თითქოს ყველაფერი ახლოს იყო, აქვე, ხელისგაწვდენაზე. ბავშვის ცოდნა ალბათ ყველაზე რთული მეცნიერებაა. ის კითხვები, რომელსაც ბავშვი სვამს, ხშირად უფროსებისთვის სრულიად გაუგებარია. მათ სწავლა და ჩაღრმავება სჭირდება. ძნელია გაიაზრო ბავშვის სიმართლე. მაგრამ როგორც ავტორმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა — ამ თერაპიით — შესაძლებელი“, — გიორგი კეკელიძე
„ვაიოლეტ ოკლენდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რაც კი ამ დარგში დაწერილა. საოცარი გულწრფელობითა და სიყვარულით არის განმსჭვალული წიგნში ყოველი სიტყვა. ნაშრომი პასუხს სცემს უამრავ საჭირბოროტო კითხვას: როგორ გავუგოთ და მოვექცეთ ბავშვებს; როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა დაძლიოს პრობლემები და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნას; რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოსახვასა და ფანტაზიას, ემოციების ამოცნობასა და სახელდებას; აღქმის სისტემის განვითარებასა და თამაშს, პრობლემების ვერბალიზაციასა და თვითობის გააზრებას ბავშვებში. ვიმედოვნებ, ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნი გახდება როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ასევე მშობლებისა და პედაგოგებისთვის“, — მარინა კაჭარავა ფსიქოლოგი.
ელ ი ბოუმენი — „რა ვისწავლე ხეებისგან“
ნაწარმოები ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებულ რთულ ურთიერთობას ეხება. იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს ხშირად ეს შეუმჩნეველი, ყოველდღიური კავშირი ჩვენზე, როგორც ინდივიდებზე. „ბავშვობაში ყველაფერს ხალისით ვუყურებთ, ზრდასთან ერთად კი ბედნიერ მოგონებებს ნეგატიური ასპექტები აჭარბებს. მთელი ამ ქაოსის ფონზე კი გვავიწყდება, რომ ბუნების ნაწილი ვართ — ნგრევისა და აღდგენის პროცესის ნაწილი. ამის გაცნობიერება დაგვეხმარება, მუდმივ მარტოობას დავაღწიოთ თავი“, — აღნიშნავს მწერალი.
ასე ეგზისტენციალურად გვამოგზაურებს აღნიშნული ნაწარმოები ტყეში — იქ, სადაც საბოლოოდ ნარატორიც და მკითხველიც ხვდება, რომ ჩვენი ბუნებისადმი შიში საბოლოო რეალიზებაში გვიშლის ხელს. თითქოს, ურბანულ გარემოს მიჩვეულებს სრულად დაგვავიწყდა, რამდენად გვესაჭიროება ეს ბუნებრივი რეალობა…
ჯო ბრაუნინგი ვრო — „საშინელი სიკეთე“
როცა რაღაც შეუძლებლის წინაშე ვართ, ვინმე ან რაღაც დაგვეხმარება, თუკი თავად მივცემთ ამის უფლებას… ალბათ, ეს ფრაზა ამ წიგნის მთავარი გასაღებია და ძირითადი იდეაც სრულად იკითხება. ყველაფერი 1966 წლის ოქტომბერს იწყება, როდესაც ქვანახშირის მაღაროსი ყველაფერი ჩამოინგრევა და გარშემო მდებარე სკოლასაც მოიყოლებს… ულიამ ლავერი კი, როგორც ბალზამირების საქმეში განსწავლული თინეიჯერი, თითოეულ დაღუპულზე ზრუნვას ცდილობს.
საგულისხმოა, რომ თავად მწერალი, ჯო ბრაუნუნგი ვრო, რეალურად იზრდებოდა კრემატორიუმში და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ააგო წიგნის მთავარი გმირის განცდები. ასე იხსნება ჩვენთვის დაფარული სამყარო და გრძნობები, რომლებსაც აღნიშნული საქმის შემსრულებლები განიცდიან. ასევე, ეს არის წიგნი თანაგრძნობისა და პირადი გამოწვევების გადალახვის შესახებ — როგორც უილიამი აღმოაჩენს, სხვებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა საკუთარი თავის განკურნებაში გვეხმარება.
დენიელ კიზი — „ბილი მილიგანის მრავალი გონება“
ალბათ, გონებაში არაერთხელ მოგირგიათ ვიღაც სხვა ადამიანის ან პერსონაჟის როლი — ამა თუ იმ პროფესიით დაწყებული, კონკრეტული ინდივიდებით დასრულებული. ასეა ბილი მილიგანიც, ოღონდ ბევრი განსხვავებით: მას შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ბილის თავის ქცევაზე სრულად ჰქონდა კონტროლი დაკარგული და მასში 24 ცალკეული პიროვნება ცხოვრობდა, რომლებიც მის სხეულზე „გაბატონებისთვის“ იბრძოდნენ.
საბოლოოდ, როდესაც ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია, ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის ჩასვეს. თუმცა გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე, მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით, ის უდანაშაულოდ ცნეს.
მართალია, ახლა წიგნზე ვსაუბრობთ, მაგრამ რომანი ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული — ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესოა ბილის გონების „ქარტეხილებში“ მოგზაურობა.
ჯონ სტრელეკი — „კაფე მსოფლიოს კიდეზე: ამბავი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ“
ეს არის ძალიან მარტივად წასაკითხი ნაწარმოები, რომელიც სამ კითხვაზეა ორიენტირებული: აქ რატომ ხარ? სიკვდილის გეშინია? რეალიზებული ხარ?
სიუჟეტი შეიძლება მეტისმეტად ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კონტექსტური ანალოგიები ყველა აზრს საინტერესოს ხდის. ასევე, წიგნი გაჯერებულია ისეთი „არასასიამოვნო“ ჭეშმარიტებებით, როგორიცაა: ჩვენ კოსმიური სამყარო უსასრულო ნაწილაკები ვართ და ტრივიალური საგნების უმეტესობა, რომლებზეც ვნერვიულობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელობას დაკარგავს. სამყარო კი მათ გარეშე განაგრძობს ბრუნვას. ამიტომ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენი მიზანი და როგორ დავტოვებთ კვალს მსოფლიოში?
„რატომ ვუთმობთ ამდენ დროს იმისთვის მზადებას, რომ მომავალში ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, ნაცვლად იმისა, რომ ახლავე დავიწყოთ ამის კეთება?“
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია