in

წიგნები, რომლებიც მოგზაურობას უხდება

ხშირად სიტყვა „მოგზაურობას“ მხოლოდ მასშტაბურ მარშრუტებთან მიმართებით ვიყენებთ — თითქოს, აუცილებელია, ქვეყნის საზღვრებს გავცდეთ. რეალურად კი, მთელ ამ პროცესს რაღაც ახლის აღმოჩენა აქცევს მოგზაურობად. არ აქვს მნიშვნელობა, 9 მთას გადავივლით თუ უბრალოდ ერთი დანიშნულების ადგილიდან მეორემდე მივალთ. თუმცა „ნებისმიერ გზას“ უხდება კითხვა, თუნდაც სახლში ვისხდეთ და მომავალ მგზავრობაზე ვფიქრობდეთ, ან საკუთარი თავის ძიებაში ვატარებდეთ დღეებს.

სტატიაში კი იმ რამდენიმე წიგნს გაგიზიარებთ, რომელიც მოგზაურობას განსაკუთრებით უხდება თავისი შინაარსით.

რეზო გაბრიაძე — ჩემი პატარა ქალაქი


„რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის.

ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან…“, – რეზო გაბრიაძე.

წიგნი გაფორმებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით. კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.

მაია ცირამუა — La porta segreta


La porta segreta მოულოდნელობებით სავსე რომანია. წიგნის პირველსა და მეორე ნაწილებში რომანის მთავარი საიდუმლოს ამოსაცნობად საჭირო მინიშნებები გვხვდება, თუმცა, შესაძლოა, მკითხველმა კვანძის საბოლოო გახსნამდე მაინც ვერ მოარგოს გასაღები იმ კარს, რომლის შეღებაც საბოლოოდ კრავს სიუჟეტს. კარის მიღმა აღმოჩენილი სურათი კი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ სტერეოტიპებსა და მანკიერ, არაჰუმანურ ჩვევებზე, რომელთა ჩარჩოებსაც, სამწუხაროდ, ვერ გასცდა ჩვენი საზოგადოება.

რომანის მთავარი გმირები ქალები და ბავშვები არიან, სხვადასხვა, ხშირად მძიმე ისტორიით, უკან მოტოვებული ბრძოლებითა და რთული გამოწვევებით სავსე ცხოვრების გზით. ვეცნობით იმ ქალებსაც, რომელმაც გადარჩენა მოახერხეს და მათაც, ვინც ეს ვერ შეძლო – ძალადობისა და საზოგადოების აუტანელი წნეხის მსხვერპლი გახდა. რომანში არა მხოლოდ მთავარი გმირების სახეები და ხასიათებია გამოკვეთილი, არამედ, კიდევ უამრავი სხვა საინტერესო პერსონაჟი გვხვდება, რომლებსაც ავტორი ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე შტრიხით, მაგრამ ძალიან ცოცხლად აღწერს.

გაბრიელ გარსია მარკესი — მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში

 

გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი.

რომანი ერთგვარ პორტალს წარმოადგენს, რომელიც დროში გვამოგზაურებს და მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ ქვეყნების სახეს გვაჩვენებს. თანაც მწერლის მიზანი არა ზოგადად აღქმული სახის დანახვა, არამედ მოვლენების უბრალო ადამიანების თვალებით შეფასება იყო — პირადად მათგან და მათი ცხოვრების წესზე დაკვირვებით გაიცნო უკეთ რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყარო.

ლეილა ბეროშვილი — ცაზე მთვარე მიცურავდა


„ცაზე მთვარე მიცურავდა“ ლეილა ბეროშვილის მოთხრობების სრული კრებულია.

„ლეილა ბეროშვილი ნამდვილი მწერალი-მხატვარია, მწერალი-ფერმწერი, მწერალი-კინემატოგრაფისტი – შემქმნელი სულიერ თუ უსულო საგანთა დაუვიწყარი პორტრეტების მთელი გალერეისა უმდიდრესი ენობრივი პალიტრით.

მწერლის ნამდვილ საფიქრალს წარმოადგენდა ადამიანობა, ადამიანად ყოფნის სევდა და საიდუმლო. ამ საიდუმლოს ის თითქოს სულს უბერავდა, მის ირგვლივ თითქოს ფეხის წვერებზე დადიოდა იმ კითხვებით სავსე, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა და რომლებიც თან გაიყოლა.

ლეილა ბეროშვილს ბევრი არა აქვს დაწერილი, მაგრამ რაც დაწერა, ყველაფერი ნამდვილია, რადგან მისია, განსხვავებით იმათგან, რომლებიც ბევრს და დიდის ამბით წერენ თუ იღებენ, მაგრამ მათი ნაღვაწის გროვაში ციცქნა ოქროს ძარღვსაც ვერ აღმოაჩენ“, — ნაირა გელაშვილი.

შარლ ბოდლერი — ლექსები პროზად


გენიალური „ბოროტების ყვავილების“ შემდეგ ბოდლერს სურვილი უჩნდება, კალამი პროზაში მოსინჯოს არა იმ მიზეზით, რომ ეს ჟანრი უფრო გაუადვილებს სათქმელის გამოხატვას. მას ეს ფორმა უფრო შთამბეჭდავ ინსტრუმენტად ესახება, რომელსაც ზემოქმედების დიდი ძალა ექნება.

ამ მარგალიტების ასხმულას, რომელსაც ბოდლერმა „პარიზის სევდა“ უწოდა, გამომცემლები სკეპტიკურად შეხვდნენ და თავიდან უარიც უთხრეს წიგნად დაბეჭდვაზე, იმ დროს, როდესაც მალარმემ და შემდგომ პრუსტმაც შთაგონების წყაროდ, აზრის გამოხატვის თავისებურ ფორმად აღიარეს, და მათთვის მიბაძვის საგნადაც იქცა.

„ჩემო ძვირფასო, გიგზავნი მცირე ნაშრომს, რომელსაც, უსამართლობა იქნებოდა არ გვეთქვა, რომ არც თავი აქვს და არც ბოლო. თუმცა ეს თქვენთვის, ჩემთვის და მკითხველისთვისაც მოსახერხებელია. სადაც მოვისურვებთ იქ შევწყვეტთ მე ჩემს წარმოსახვას, თქვენ შეკვეცავთ დედანს, მკითხველი შეწყვეტს კითხვას. მოაცილეთ ამ კრებულს ხერხემალი; ორად გაყოფილი ამ დაუდგომელი ფანტაზიის ნაწილები უმალ შეუერთდებიან ერთმანეთს. თუგინდ დაჩეხეთ ის მრავალ ნამსხვრევებად, და დაინახავთ, რომ თითოეულ ნაწილს ცალკე არსებობა შესწევს…“ — წერდა შარლ ბოდლერი კრიტიკოსსა და ლიტერატორის ისტორიკოსს არსენ უსეის.

ვუდი ალენი — ჩემი აპოლოგია

ჩემი აპოლოგია ვუდი ალენის, თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, მსახიობისა და რეჟისორის მოთხრობების სრული კრებულია, რომელშიც თავმოყრიალია 1971-1980 წლებში შექმნილი ორმოცდაექვსი ნაწარმოები. თითოეული მათგანი ვუდისთვის დამახასიათებელი ცინიზმითა და სარკაზმითაა სავსე — ეს არის საშუალება, მწერლის ირონიული პრიზმით იმოგზაუროთ პლატონის ეპოქაში, დაინახოთ ჰიტლერის არაადეკვატურად ამპარტავნული ეგო; აქვე შეხვდებით ნიუ-იორკში გადმოსახლებულ მადამ ბოვარისა თუ თევზის კონსერვებზე მოთევზავე ერნესტ ჰემინგუეის, დანტისტად გადაქცეულ ვან გოგსა და პოლ გოგენს…

ამ მოთხრობებს, ზოგი რომ პირველი სენდვიჩის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს და ზოგი – სლენგის წარმოშობისას, აერთიანებთ ვუდი ალენის დახვეწილი, ნატიფი, ინტელექტუალური იუმორი.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

Oxford Languages-მა წლის სიტყვად rizz დაასახელა!

რა არის ტინიტუსი და რა იწვევს მას? — კვლევა