ხშირად ამბობენ, რომ თაობებს შორის დიდი განსხვავებაა — უფროსებს პატარების არ ესმით, პატარებს კი ჰგონიათ, მათი მშობლები და, ზოგადად, ყველა ზრდასრული თავიდანვე ასეთი „სერიოზულები“ იყვნენ. თითქოს, დაბადებიდან ზრდასრულობამდე ეტაპობრივად კი არ გაიარეს ჩვილობის, ბავშვობისა და თინეიჯერობის ეტაპები, არამედ უბრალოდ ყოველთვის ასეთები იყვნენ! (დაახლოებით იმ ხუმრობასავით, მორგან ფრიმენზე რომ ამბობენ…)
მართალია, ამ ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ზღვარს საკმაოდ მძაფრად აღვიქვამთ ხოლმე, მაგრამ მისი შემსუბუქების თუ გაფერმკრთალების არაერთი გზა არსებობს. ამჯერად ჩვენი რუბრიკის ფარგლებში იმ წიგნებზე ვისაუბრებთ, რომლებიც მშობლებმა უნდა წაიკითხონ. ცნობილი მწერალი ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა „არასოდეს აჩუქოთ ბავშვს წიგნი, რომელსაც თავად არ წაიკითხავთ“ და ლიტერატურა ზოგადად ერთ-ერთ საუკეთესო გზას წარმოადგენს ადამიანებს შორის საერთო ემოციების, განცდების, აზრების წარმოსაქმნელად, სტატიაშიც ამ აზრს გავყვებით.
„რა ვიკითხოთ ერთად“ — მაკა ლდოკონენი
„რა ვიკითხოთ ერთად“ ქართველი და უცხოელი საბავშვო ავტორებისა თუ მათი წიგნების შესახებ დაწერილ წერილებს აერთიანებს. მაკა ლდოკონენი არაორდინარული გაკვეთილების ჩატარების სქემებსაც გვთავაზობს; ანიმაციურსა თუ მხატვრულ ფილმებს თემატურად აკავშირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებთან; არდადეგებზე წასაკითხი წიგნების თავისებურებებზე, ილუსტრაციის მნიშვნელობასა და ბიბლიოთეკის გაზომვის ორიგინალურ მეთოდზეც გვესაუბრება.
„რა ვიკითხოთ ერთად“ სხვადასხვა თაობის ადამიანის წიგნის გარშემო გაერთიანების ერთგვარი მცდელობაა. ხანდახან მაინც ყველა ერთად თუ გამოვრთავთ მონიტორებს და საყვარელ მწერლებზე სასაუბროდ შევიკრიბებით, შესაძლოა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი; ძალდაუტანებლად მივახვედროთ მოზარდები, რამდენ უპირატესობას კარგავენ, როდესაც საკუთარი ნებით ამბობენ უარს კითხვაზე.
მაკა ლდოკონენის ეს წიგნი იმ მასწავლებლებს გამოადგებათ, კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას ინდივიდუალურად რომ ურჩევენ და თავშესაქცევი გაკვეთილებით ანებივრებენ თავიანთ მოსწავლეებს; იმ მშობლებს დააინტერესებთ, საუკეთესო მკითხველებად რომ სურთ შვილების გადაქცევა და უამრავი კითხვა დაუგროვდათ; იმ ბავშვებს დაეხმარებათ, წიგნის გარეშე ერთ დღესაც რომ ვერ ძლებენ ან პირიქით, სულაც არ აქვთ კითხვის დრო და სურვილი.
კრებულში თავმოყრილი წერილები უმცროს თაობას გზამკვლევის მაგივრობასაც გაუწევს და მზამზარეულ ინფორმაციასაც მიაწვდის. ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა სწორედ აქ მიაგნონ თავიანთ საყვარელ ავტორს, კითხვას გემო გაუგონ და წიგნების ქარავანსაც თავდავიწყებით აედევნონ.
„როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ და როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს ისე, რომ გველაპარაკონ?“
მთელი ეს წიგნი ეხება კომუნიკაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ადამიანებთან ურთიერთობისთვის. სიტყვა „როგორ“ ამ ტექსტში გადამწყვეტია. სტატიაც ხომ იმაზე საუბრით დავიწყეთ, რომ უფროსებსა და პატარებს შორის ხშირად მისკომუნიკაციის პრობლემა იჩენს თავს — წიგნი კი სწორედ კომუნიკაციის იმ ფორმებს გვთავაზობს, რომლებიც ბავშვთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას უწყობს ხელს.
ადელ ფაბერისა და ელეინ მაზლიშის ბესტსელერი, მშობლების გზამკვლევად აღიარებული წიგნი არაერთ ენაზეა ნათარგმნი და 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2 წლის წინ წიგნი ქართულადაც გამოიცა, გამომცემლობა „ცნობისმოყვარე პანდას“ მიერ.
ეს არის წიგნი, რომელიც გასწავლით, როგორ იყოთ უფრო ეფექტურები თქვენს შვილებთან ურთიერთობისას და მეტად ლოიალურები საკუთარი თავისადმი. მსოფლიო მასშტაბით ნაქები, პოპულარული, პატივისცემაზე დამყარებული მიდგომა ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ურთიერთობას ხდის ნაკლებად სტრესულს და მეტად ღირებულს.
„ჩუმად უნდა იჯდე“ — თამარ გეგეშიძე
რა ვიცით მოზარდებზე, მათ პრობლემებზე, შეხედულებებსა და უფროს თაობასთან ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას მოზარდები და ზრდასრულები და სად ეჯახება ერთმანეთს მათი ინტერესები? რა ვიცით თოთხმეტი წლის ბიჭზე, რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები, თითქოს არაფერი იტაცებს და გულგრილობის ნიღაბს ამოფარებული მხოლოდ იმას ნატრობს, მისგან არაფერი მოითხოვონ?
ან რა შეიძლება ვიცოდეთ ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლის ცხოვრებაზე, მის განცდებზე, მიღწევებზე, შეცდომებსა თუ მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე? ამოვიცნობთ კი ადამიანს საკლასო ოთახში, სადაც ის ცდილობს, მოსწავლეებს საკუთარი ძალა და უპირატესობები აჩვენოს, თუნდაც ყველაზე მეტად მათთან მეგობრული საუბრები ხიბლავდეს?
თამარ გეგეშიძის წიგნში „ჩუმად უნდა იჯდე“ ორი მთავარი პერსონაჟია — 14 წლის შიო და მისი მასწავლებელი მაკო, შესაბამისად, მოვლენებსაც ორი მხარე აქვს. შემთხვევითობისა თუ გაუგებრობის გამო, ეს ორი გმირი ერთმანეთს უპირისპირდება და შემდეგ ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, ამ კონფლიქტს უკავშირდება — სკოლის ისტორიები, მეგობრების მოსაზრებები, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ფიქრიც კი. ორივე პერსონაჟისთვის სკოლა გადაკვეთის წერტილია, ადგილი, სადაც ყოველთვის რაღაც იცვლება და სადაც ერთ დღეში კარგავ ან პოულობ საკუთარ თავს.
„დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ — დიანა ანფიმიადი
დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.
გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნარს, სუპერძალას? იქნებ, ჯერ არ იცი, რომ სიტყვების გადარჩენა შეგიძლია? იქნებ არ იცი, რომ შეგიძლია, მისთვის, ვინც ვერ ხედავს, სამყარო სიტყვებით გააცოცხლო?
მკვდარი ენის დროებით გაცოცხლებაც შეგიძლია, თუ შეისწავლი და მასზე ლაპარაკს შეძლებ. კიდევ, შეგიძლია პარმაღზე თამაშისას ფანტაზია მოიხმო და ისე, რომ სახლის დატოვება არ მოგიწიოს, დაუვიწყარ თავგადასავალში გაემგზავრო. თუ შენი შვილის ან პატარა მეგობრის გარშემოც აირევა ხოლმე რაღაცები, ისევე როგორც ამ წიგნის მთავარი გმირის, გიოს გარშემო, მისი ამბავი წაიკითხე, გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარება და მიგახვედრებს, რომ მართალია, ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ სამყაროს შეუძლია მათი ენით გველაპარაკოს. მთავარია, მოვუსმინოთ და მერე ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ენა, სიტყვა და ადამიანი გადავარჩინოთ დავიწყებასა და დაკარგვას.
„ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ — ვაიოლეტ ოკლანდერი
მისი წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ტრენინგები კლინიცისტებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მთელ მსოფლიოში მოიცვა ბავშვების ცხოვრება. ოკლანდერის წიგნი „ფანჯარა ჩვენი ბავშვებისკენ” ამ სფეროში კლასიკადაა მიჩნეული და მისი მრავალ ენაზე თარგმნა კიდევ უფრო აფართოებს გეშტალტთერაპიის მისაწვდომობას მსოფლიოში. სხვა უამრავ თარგმანთან ერთად, ეს წიგნი კლინიცისტებს თეორიული პერსპექტივითა და ტექნიკით უზრუნველყოფს კლინიკური პრაქტიკისთვის. მიზანი ერთია — მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ სულიერი კეთილდღეობა.
ფელისია კეროლი, ბავშვთა, მოზარდთა და ოჯახის ფსიქოლოგი, ვესტ ქოუსტ ინსტიტუტის დირექტორი: „იყო ფანჯრები, რომლებიც ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობით განპირობებული საბჭოთა ინერციის გამო, მკაცრად დაგმანული გვქონდა და ჯერ კიდევ არ შეგვიღია. ეს წიგნი სწორედ ამ ფანჯრებს მიღმა გაგვახედებს. წლებია, არათუ ბავშვი, ახალგაზრდაც აღარ მეთქმის, მაგრამ კითხვისას მეც მომინდა ამ საოცარ მხატვრულ თამაშებში მონაწილეობა — ეს ავტორის სუპერპროფესიონალიზმის, გადმოცემის სტილისა და მიგნებების მრავალფეროვნების გამოა. დაკვირვება დაკვირვებას მოსდევს და ამ დაკვირვებით გაკვირვება გაკვირვებას, თითქოს ყველაფერი ახლოს იყო, აქვე, ხელისგაწვდენაზე. ბავშვის ცოდნა ალბათ ყველაზე რთული მეცნიერებაა. ის კითხვები, რომლებსაც ბავშვი სვამს, ხშირად უფროსებისთვის სრულიად გაუგებარია. მათ სწავლა და ჩაღრმავება სჭირდება. ძნელია, გაიაზრო ბავშვის სიმართლე. მაგრამ როგორც ავტორმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა — ამ თერაპიით შესაძლებელია“.
გიორგი კეკელიძე: „ვაიოლეტ ოკლენდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რაც კი ამ დარგში დაწერილა — საოცარი გულწრფელობითა და სიყვარულით არის განმსჭვალული წიგნში ყოველი სიტყვა. ნაშრომი პასუხს სცემს უამრავ საჭირბოროტო კითხვას: როგორ გავუგოთ და მოვექცეთ ბავშვებს; როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა დაძლიოს პრობლემები და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნას; რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოსახვასა და ფანტაზიას, ემოციების ამოცნობასა და სახელდებას; აღქმის სისტემის განვითარებასა და თამაშს, პრობლემების ვერბალიზაციასა და თვითობის გააზრებას ბავშვებში. ვიმედოვნებ, ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნი გახდება როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ასევე მშობლებისა და პედაგოგებისთვის“.
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია