Wikimedia-მ, რომელიც უდიდეს ინფორმაციასა და ფაქტებს აერთიანებს, მთელი ეს ცოდნა დააკომპრესა და ხმოვან ლოგოდ აქცია — „მთელი ადამიანური ცოდნის ხმა“. რეალურად, ორგანიზაციის იდენტობა გვერდიდან გვერდზე გადასვლის, კლავიატურისა და დაწკაპუნების ხმებად ითარგმნა. ეს არის „სიმფონიური რეპრეზენტაცია“ იმისა, თუ როგორ მუშაობს პლატფორმა…
ხმოვან ლოგოზე თადეუს ოსბორნმა, ბირთვულმა მეცნიერმა იმუშავა. მისი მიზანი იყო, ერთ ძალიან პატარა ხმაში ჩაეტია მთელი ის ცოდნა, რასაც ადამიანები ფლობენ. თანაც, ბოლო პერიოდში აუდიო ნიშნები მნიშვნელოვან ნაწილად იქცა ბრენდებისთვის და ბევრი კომპანია ცდილობს ამ ასოციაციების შექმნას — მიზეზი კი მარტივია: ადამიანებში ემოციების, მოგონებებისა და დამოკიდებულების აღსაძრავად მელოდია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
საბოლოოდ, ხმოვანი ლოგო მიმდინარე წლის ივნისში ჩაინტეგრირდება ვებგვერდზე.