25 წლის იუბილეზე, Wikipedia-მ დაადასტურა ახალი გარიგებები ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის გიგანტებთან. პლატფორმამ თანამშრომლობა დაიწყო ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Amazon, Meta, Microsoft, ასევე Perplexity და ფრანგული Mistral AI.
Wikipedia ადრეული ინტერნეტის ერთ-ერთ ძველ და ცნობილ პლატფორმად მიიჩნევა, თუმცა მისი ხედვა დღეს დიდი ტექნოლოგიური პლატფორმების დომინირებისა და გენერაციული AI-ჩატბოტების განვითარების ფონზე იცვლება. მას შემდეგ, რაც AI-დეველოპერებმა ინტერნეტისა და მათ შორის, ვიკიპედიის მონაცემების აგრესიული შეგროვება დაიწყეს, გაჩნდა ლოგიკური კითხვა: ვინ უნდა გადაიხადოს საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტის ბუმის საფასური?
მონაცემები ფულის სანაცვლოდ
Wikimedia Foundation-მა, არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელიც საიტს მართავს, Google-თან მსგავსი შეთანხმება ჯერ კიდევ 2022 წელს გააფორმა. ახალი გარიგებები კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებსაიტს საშუალებას მისცემს, AI-კომპანიებისგან მომავალი ტრაფიკის მონეტიზაცია მოახდინოს. ფონდის განცხადებით, ეს კომპანიები ვიკიპედიის კონტენტზე წვდომას სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული სიჩქარითა და მოცულობით მიიღებენ, თუმცა ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Wikipedia-ს დამფუძნებლის თქმით, სასიხარულოა, როცა მოდელები ვიკიპედიის მონაცემებზე იწვრთნებიან, რადგან ეს კონტენტი ადამიანების მიერაა კურირებული. ჯიმი უელსმა ხუმრობით ისიც თქვა, რომ არ ისურვებდა ისეთი AI-ს გამოყენებას, რომელიც მხოლოდ ილონ მასკის პლატფორმა X-ზე იქნებოდა გაწვრთნილი, რადგან ეს „ძალიან გაბრაზებული AI“ გამოვიდოდა. მთავარი გზავნილი მარტივია: საიტს არ სურს AI-კომპანიების დაბლოკვა, მაგრამ მათ სამართლიანი წვლილი უნდა შეიტანონ იმ ხარჯების დაფარვაში, რასაც პლატფორმას უქმნიან.
რატომ გახდა საჭირო მონეტიზაცია?
გასულ წელს, ფონდმა მოუწოდა დეველოპერებს, პლატფორმაზე წვდომისთვის ფული გადაეხადათ, რადგან ბოტების ვიზიტები, რომლებიც ხშირად შენიღბულია, სერვერებს მძიმედ აწვებოდა. ვიკიპედია, რომელიც ინტერნეტში ვიზიტორების რაოდენობით მეცხრე ადგილზეა და 300 ენაზე 65 მილიონზე მეტ სტატიას აერთიანებს, მომხმარებლებისთვის უფასოა, მაგრამ მისი ინფრასტრუქტურა – არა. სერვერების შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და 8 მილიონი ინდივიდუალური დონორი არ უნდა აფინანსებდეს გიგანტურ AI-კომპანიებს.
AI ვიკიპედიის სამსახურში
თანამშრომლობა ორმხრივია – AI თავად ვიკიპედიის რედაქტორებსა და მომხმარებლებსაც შეიძლება წაადგეს. სტრატეგიის მიხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა შეამსუბუქოს რუტინული სამუშაო, მაგალითად, გატეხილი ბმულების ავტომატური განახლებით და კონტექსტის მიხედვით ახალი წყაროების მოძიებით. მართალია, AI ჯერ არ არის მზად სტატიების ნულიდან დასაწერად, მაგრამ დამხმარე ინსტრუმენტის როლი გარანტირებული აქვს. უელსი ასევე ვარაუდობს, რომ მომავალში ვიკიპედიის ძიების ფუნქციაც შეიცვლება და ტრადიციული საძიებო სისტემიდან ჩატბოტის სტილზე გადავა, სადაც მომხმარებელი კითხვაზე პირდაპირ პასუხს და შესაბამის აბზაცს მიიღებს.
კრიტიკა, პოლიტიკა და ილონ მასკი
თუმცა, ყველაფერი იდეალურად არ არის. ვიკიპედია ბოლო დროს პოლიტიკური კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – აშშ-ის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა და ილონ მასკმა პლატფორმა მემარცხენე მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს, მასკმა კი მას Wokepedia-ც უწოდა და საკუთარი ალტერნატივა, Grokipedia დააანონსა.
მიუხედავად ამისა, Wikipedia Grokipedia-ს რეალურ საფრთხედ არ აღიქვამს. მისი აზრით, დიდი ენობრივი მოდელები ხშირად „სისულელეებს ლაპარაკობენ“ და არსებული ინფორმაციის, მათ შორის ვიკიპედიის, უბრალო გადამუშავებას ახდენენ, რაც ხარისხიანი საცნობარო მასალის შესაქმნელად საკმარისი არ არის.
წყარო: Fastcompany











