in

Wikipedia-ს მასშტაბური რედიზაინი — რა იცვლება?

veon
veon

ერთფეროვანი საწყისი გვერდის არსებობის ათწლეულის შემდეგ, ვიკიპედიის პირველ მასშტაბურ რედიზაინზე იზრუნეს. თუმცა რებრენდინგის მცდელობების უმეტესობისგან განსხვავებით, ეს მაქსიმალური დახვეწილობით გაკეთდა, რათა ვებგვერდი მაქსიმალურად ნაცნობი ყოფილიყო მომხმარებლებისთვის.

ერთი შეხედვით, Wikipedia-ს ვიზუალი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ განახლებული ვებგვერდი ზოგიერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას აგვარებს. ამას ადასტურებს Wikimedia Foundation, რომლის თანახმადაც, ახალი ინტერფეისი ინგლისური ვერსიის 22 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამოქმედდება და მომხმარებლებს მეტად გაუადვილდებათ ინფორმაციაზე წვდომა.

უპირველეს ყოვლისა, განახლება შეეხო ქვესათაურებს — ეკრანის მარცხენა მხარეს სპეციალური ველია გამოყოფილი, სადაც ტექსტში განხილული ქვესათაურებია წარმოდგენილი. ამავდროულად, განახლებულია საძიებო ფუნქციაც, რათა კონკრეტული სიტყვის შეყვანისას, ავტომატურად ვნახოთ თემატური ფოტო და აღწერილობები. გარდა ამისა, ვებგვერდზე გაცილებით ადვილი იქნება ენების შეცვლა.

ხოლო TechCrunch-ის თანახმად, არის მცირე ცვლილებებიც, რომლებიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. მაგალითად, ნაგულისხმევი შრიფტის ზომა უფრო დიდია. ეს განახლებული ვიზუალი კი ამჟამად მთელ მსოფლიოში ვრცელდება და 318 აქტიური ენიდან უკვე 300-ზეა ხელმისაწვდომი. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ისინი იმედოვნებენ, რომ რედიზაინი ინტერნეტის მომხმარებელთა მომავალი თაობის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

„ვიკიპედიის განახლება ერთ-ერთი მთავარი გაუმჯობესებაა, რომელსაც Wikimedia Foundation ახორციელებს, რათა ადამიანებს მსოფლიო ცოდნის ადვილად მიღებაში დავეხმაროთ. ჩვენი მისიის მხარდასაჭერად, უზრუნველვყოთ ინფორმაციაზე თავისუფალი და თანაბარი წვდომა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, — აღნიშნავს სელენა დეკელმანი, პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დირექტორი Wikimedia Foundation-ში.

„შკოდავერსი” – Škoda-ს ახალი, ვირტუალური სამყარო

BMW-ს რეკლამაში ალუმინის ჩიტები გამოჩნდნენ