in

რატომ სურს ვიკიპედიას ხმოვანი ლოგო?

Wikipedia არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, დიდი ალბათობით, გინახავთ მისი დაუმთავრებელი გლობუსის ლოგო. მაგრამ როგორ ჟღერს ვიკიპედია?

არაკომერციულმა Wikimedia Foundation-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ის ამ კითხვაზე პასუხს ეძებს „ხმოვანი ლოგოს“ ღია მოწოდებით. ბრენდის ჟღერადობასთან ასოცირება ახალი იდეაა: მუსიკალური ელემენტები თავიდანვე სამაუწყებლო რეკლამის მთავარი ელემენტი იყო, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აუდიო ბრენდინგი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ წლების განმავლობაში ციფრული ეპოქა ძალიან ინტენსიური იყო ვიზუალურად და ე. წ. „გაჯერების წერტილს“ მიაღწია.

ამასობაში, აუდიო ინოვაციების მთელი რიგი გაჩნდა და ხმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბიზნეს იდენტობისთვის. მაგალითად, გაიხსენეთ Slack-ის შეტყობინების ხმა… ადრინდელი მაგალითები კი მერყეობდა სტატიკური HBO-ის უვერტიურებიდან ხუთნოტიან Intel bong-მდე, Apple-ის კომპიუტერის გაშვების ზარამდე და THX-ის “Deep Note”-მდე.

ამის ფონზე, სკოტ სიმონელი, აუდიო ანალიტიკური და კვლევითი ფირმის Veritonic-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ამტკიცებს, რომ ბრენდებს ერთგვარი ხმის „პალიტრა“ სჭირდებათ — როგორც, ვიზუალური იდენტობაა დაკავშირებული კონკრეტულ ფერთა პალიტრასთან. „ჩვენ ვუახლობდებით იმ რეალობას, სადაც თუ აუდიო სტრატეგია არ გაქვთ, ბაზრის უზარმაზარ ნაწილს გამოტოვებთ“.

ტექნიკურად, ვიკიმედიას გამოწვევა ერთ ხმოვან ლოგოს ეძებს თავისი ყველა სერვისისთვის, რომელიც მრავალ პროექტს მოიცავს ფლაგმანი ენციკლოპედიის მიღმა… ვერსიების წარდგენის ვადა კი 10 ოქტომბრამდეა. „საკმაოდ რთულია ლოგოზე მუშაობა (ვიზუალურ თუ ხმოვან), და კიდევ უფრო რთულია, როდესაც საქმე ამორფულ ორგანიზაციას ეხება. ვიკიმედიას კონკურსი ფართოა, როგორც თემის, ისე აუდიტორიის თვალსაზრისით“, — აღნიშნავს მარკ ვაიდენბაუმი, მუსიკალური კრიტიკოსი.

საგულისხმოა, რომ Veritonic ყოველწლიურ აუდიო ლოგოს ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ადგენს, თუ რომელი აუდიო სურათებია სხვადასხვა კატეგორიაში ყველაზე „ეფექტური“. (ეს ემყარება ლოგოს გახსენების, „კრეატიული რეზონანსის“ და სხვა ფაქტორების კომბინაციას, რომლებიც ამოღებულ იქნა გამოკითხვის პასუხებიდან და შედარებულია Veritonic-ის შიდა მონაცემებთან). მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის ინდექსის მიხედვით, წარმატების მისაღწევად, ხმის ბრენდინგში ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი თანმიმდევრულობაა.

ვიკიპედიის ვიზუალური ლოგო შეიქმნა ძალიან მსგავსი ღია კონკურსის შედეგად, ორიგინალური კონცეფციით, რომელიც წლების განმავლობაში თანდათან იხვეწებოდა შეცდომების გამოსწორების მიზნით. ახლა კი კომპანია თანამედროვე ტენდენციების პარალელურად ცდილობს ბრენდინგის განვითარებას…

VISA-ს საერთაშორისო კამპანიას She’s Next თამთა ბენაშვილი შეუერთდა

რატომ მოგვდის საუკეთესო იდეები შხაპის დროს?