350 მილიონი წელია, რაც ტყის ხანძრებს უდიდესი როლი უკავია დედამიწის ზედაპირისა და ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში. ტყის ხანძრები ისაა, რასთან ერთადაც კაცობრიობა ამდენივე წელია, თანაარსებობს. თუმცა, ბოლო წლებში საკმაოდ ბევრმა მასშტაბურმა და ტრაგიკულმა ხანძარმა დაგვარწმუნა, რომ ეს პრობლემა ნელ-ნელა სულ უფრო ინტენსიური ხდება. სწორედ ამ ხანძრების შედეგია განადგურებული სახლები, ბიზნესები, შეცვლილი კლიმატი და ჰაერის ხარისხი. ხშირად ტყის ხანძრების გავრცელებაში დიდი წვლილი სწორედ ადამიანს მიუძღვის.
2019 წელს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 1,9 მილიონი ჰექტარი ტყის საფარი განადგურდა, 2018 წელს – 3,5 მილიონი, ხოლო 2017 წელს კი – დაახლოებით, 4 მილიონი ჰექტარი.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე კი ნათლად ჩანს, 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით საქართველოს რამხელა ტერიტორია (ტყის საფარი, მინდვრები) დააზიანა ხანძრებმა:

გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული პროცესით განსაკუთრებით დაზარალდა სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის და გურიის მხარეები, რომლებზეც ხანძრებით დაზიანებული ტერიტორიის საერთო რაოდენობის 88.3%-ია. შედარებით ნაკლები ტერიტორიაა დაზიანებული ხანძრებით აჭარის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აფხაზეთის მხარეები.
მიუხედავად ამისა, 2019 წლის ნოემბერში გახშირდა ხანძრები მაღალმთიან რეგიონებში, იხ: ქვემოთ მოცემული რუკა.


და მაინც, რატომ უნდა გვადარდებდეს ტყის ხანძრები? რა შედეგებს იწვევს ეს მოვლენა?
- ტყის ხანძრები ანადგურებს სახლებს, ნაკვეთებსა და ველურ ბუნებას – ხანძრის უკონტროლო გავრცელება ძალიან სწრაფად ანადგურებს იმ სახლებს, რომლებიც ხანძართან ახლოს იმყოფებიან. ასევე, თუკი ხანძარი ფერმებსა და ნათესებს დაფარავს, შემდგომში ვეგეტაციისთვის ეს მიწები გამოუსადეგარი გახდება. საქართველოში, მთიანი რელიეფის გამო ხანძრის შედეგად ხშირია ნიადაგის ეროზია, რამაც ნახანძრალ ტერიტორიაზე, ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ფერდობის ჩამოშლა, მეწყერი და შედეგად საფრთხე შეუქმნას დასახლებულ პუნქტებს.
- ხანძრის შემდეგ, მიწის ფენები ხურდება და ყველა ის ნივთიერება, რაც მიწას ნაყოფიერს ხდის, ნადგურდება. შედეგად, ხანძრის მიდამოში ნიადაგი მთლიანად ნადგურდება.
- ტყის ხანძრების შედეგად ცოცხალი ორგანიზმები–მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები იხოცებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ბიომრავალფეროვნება მცირდება.
- ნადგურდება ხეები და ბუჩქები, რომლებიც დედამიწაზე ჟანგბადს წარმოქმნიან. ფაქტია, რომ რაც უფრო მეტი მცენარე და ხეა ჩვენ გარშემო, მით უფრო სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, შედეგად კი, ამის ფუფუნებაც მცირდება. გარდა ამისა, ტყის საფარის შემცირებით გადარჩენილი ცხოველები საცხოვრებელსა და საკვებს კარგავენ.
- ხანძრების ჩაქრობის მიზნით, მეხანძრე-მაშველები უამრავ წყალს იყენებენ. ნიადაგში დიდი რაოდენობით წყალმა კი შეიძლება, ეროზია გამოიწვიოს. ნიადაგში ძალიან ბევრი წყალი იწვევს მის დაშლას და შედეგად, ის უსარგებლო ხდება.
- ჰაერში დიდი რაოდენობით კვამლი წარმოიქმნება, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს. კერძოდ, კვამლი სხვადასხვა ტოქსიკური აირისა და წყლის ორთქლის ნაწილაკებისგან შედგება, რომლებსაც წარმოქმნის ადგილიდან საკმაოდ დიდ მანძილზე შეუძლიათ გადაადგილება. ეს ნაწილაკები შეიძლება, ჩვენს ფილტვებში მოხვდეს, რაც შემდგომ სუნთქვას აფერხებს და გულს დიდ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, ტყის ხანძრების დროს დიდი რაოდენობით მხუთავი აირი – ნახშირბადის მონოქსიდი (CO) წარმოიქმნება, რაც ასევე ახდენს ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას.
- გარდა ამისა, დაკვამლიანება ცვლის ჰაერის ხარისხსაც. წვა ჟანგბადის ხარჯზე მიმდინარეობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ჰაერში მცირდება ჟანგბადი და ვრცელდება კანცეროგენული და მუტაგენური თვისებების მქონე ჭვარტლი. თავის მხრივ, ეს იწვევს ატმოსფეროს გამჭვირვალობის შემცირებას, ამგვარად დაბინძურებული ჰაერი კი, საბოლოო ჯამში, მცენარეების ზრდა-განვითარებას აფერხებს.
რა/ვინ იწვევს ტყის ხანძრებს?
ტყის ხანძრების წარმოქმნა და გავრცელება საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: კლიმატური პირობები, ქარის სიძლიერე, ჰაერის ტენიანობა, ლანდშაფტი და სხვ.
ყველაზე ხშირად, ხანძრების გამომწვევი მიზეზები ადამიანები არიან. საკმაოდ ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ხშირია მცენარეული ნარჩენების წვის ტრადიცია, რასაც ფერმერები მოსავლის აღების შემდეგ მიმართავენ ხოლმე. ამ ხერხით ისინი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შემდგომი დამუშავებისთვის მარტივად ასუფთავებენ. თუმცა, ხშირად სწორედ აქედან წარმოიშვება ხოლმე მასშტაბური ხანძრები.
მაგალითად, 1997 წელს, ინდონეზიაში ტყეების გაწმენდის მიზნით განზრახული ხანძარი გადაიზარდა ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ხანძარში. დაიღუპა ასობით ადამიანი, დაიწვა მილიონობით ჰექტარი, განადგურდნენ რისკის ქვეშ მყოფი სახეობები, როგორიცაა ორანგუტანები. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თვეების განმავლობაში იდგა კვამლი, რაც ასევე აზიანებდა მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ასევე ხშირია ადამიანების მიერ უპასუხისმგებლო ქმედებით – სიგარეტის ნამწვის ან სულაც საახალწლო ასაფეთქებლების ბუნებაში დაგდებით გამოწვეული ხანძრები, რასაც არანაკლებ გამანადგურებელი შედეგი მოჰყვება ხოლმე.
თუმცა, ტყის ხანძრებში ყოველთვის ადამიანს ვერ დავადანაშაულებთ – ხშირად მათი წარმომქმნელი თავად დედა-ბუნებაა. მაგალითად, მსოფლიო მასშტაბით წარმოქმნილი ტყის ხანძრების 8% მეხის დაცემის შედეგია. ხანძრებს წარმოქმნის ასევე ვულკანის ამოფრქვევაც – ვულკანის ყელიდან გადმოდენილი ლავა ანადგურებს გარშემო არსებულ ბუნებას.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=705693016930889″ width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]
როგორ ვებრძოლოთ ტყის ხანძრებს?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ხანძრის გამომწვევი ბუნებისმიერი მიზეზები, შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ჩვენივე ქმედებები, რომლებითაც დღესდღეობით მას დიდ ზიანს ვაყენებთ. საჭიროა, გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და ყოველთვის გავაკონტროლოთ, პიკნიკიდან წამოსვლისას ცეცხლი ნამდვილად ჩავაქრეთ თუ არა, ასევე, აღარ დავაგდოთ ბუნებაში სიგარეტის ნამწვი და ყველა ის ნივთი, რამაც შესაძლოა, შემდგომში ხანძარი გააჩინოს. ასევე, ნუ დავაზიანებთ გარემოს მხოლოდ იმის გამო, რომ სავარგულები გავასუფთავოთ. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად წამიერ სარგებელს საკმაოდ გრძელვადიანი ზიანი მოჰყვება ხოლმე.

სტატია მომზადებულია პროექტთან – ტყის მდგარდი მართვა სოფლის განვითარებისათვის პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ,,ავსტრიის განვითრების თანამშრომლობის“ ფინანსური მხარდაჭერით.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე