მანჩესტერში დაფუძნებულმა კრეატიულმა სააგენტომ LOVE, William Grant & Sons-თან თანამშრომლობით, ახალი ძვირადღირებული ვისკის ბრენდის ვიზუალური იდენტობა შეიმუშავა. იაპონური მინიმალიზმის შოტლანდიურ წარმოშობასთან შერწყმით, კრეატიულმა სააგენტომ სექტორში თანამედროვე, მოცემულ რეალობასთან შესაბამისი სახე დანერგა.
როგორც LOVE-ის გუნდი განმარტავს, ვისკ Wildmoor-ის ბრენდინგი შოტლანდიის ყველაზე ველურ ადგილებს განასახიერებს სიმბოლურად. იაპონური მინიმალიზმი და შოტლანდიური წარმოშობა კი ვიზუალური იდენტობის ორი მნიშვნელოვანი საყრდენია — თითქოს, ორი განცალკევებული სამყაროა, მაგრამ სტუდიამ სწორედ ეს განსხვავებულობა აქცია სინთეზის მთავარ ხიბლად. მიზეზი კი ის იყო, რომ მანჩესტერში განსაკუთრებით პოპულარულია იაპონური ბრენდების ხასიათი… შესაბამისად, რელევანტური დიზაინისთვის მთავარ ორიენტირადაც ეს აიღეს.
ბოთლის დიზაინისთვის შოტლანდიის რელიეფური რუკა გამოიყენეს, რათა ლანდშაფტის ანალოგიური ფორმა შეექმნათ. სტუდიას სურდა, ვიზუალურ იდენტობაში ხეობების, მთის მწვერვალების, ტალღებისა და ჭაობების განცდა ჩაექსოვა. სიტყვა-ნიშანში კი ორი o-ს გადაჯაჭვულობა სიმბოლურად ორ კასრზე მიანიშნებს, რაც ბოთლის ძირზეც დახვეწილადაა დატანილი.