in

„ჩემი მუსიკის მთავარი სათქმელია ნაკლები ნეგატივი, მეტი მხარდაჭერა ერთმანეთისადმი” – ვილი ტირონი

ვილი ტირონი – ეს სახელი ხშირად ზოგს ფსევდონიმი ჰგონია, თუმცა რეალურად, ნამდვილია. ვილი საქართველოში მოღვაწე მუსიკოსია, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, დაკვრა „ცოტა გვიან” დაიწყო, თუმცა მას მერე აღარ გაჩერებულა. 

ბევრს ვილი შეიძლება სატელევიზიო მუსიკალური პროექტებიდანაც ახსოვს, თუმცა მისი მთავარი სამოღვაწეო არეალია ალტერნატიული მეტალბენდი Enforcement, რომელიც საავტორო მუსიკას 2016 წლიდან ქმნის. ვილი ბენდის ვოკალისტი, რიტმგიტარისტი და სულის ჩამდგმელია, ხოლო დანარჩენი წევრები არიან: კობა შენგელია, ირაკლი სააკაძე და ალექსი ცერცვაძე. ბენდმა დიდი გამოცდილება დააგროვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა წინ კიდევ ბევრი წარმატებაა, რომლებსაც ბიჭები უმიზნებენ. ამ ყველაფერს ვილი ტირონი ინტერვიუს ნაწილში გაგვიზიარებს.

M: ვილი, ჯერ თქვენზე საუბრით დავიწყოთ – გაიხსენეთ პირველი შეხება მუსიკასთან…

ბავშვობიდან მიყვარს მუსიკა, თუმცა მაშინ ფეხბურთით უფრო მეტად ვიყავი გატაცებული და ვთამაშობდი. 20 წლის ასაკში დავიწყე დაკვრა და მას შემდეგ 12 წელია მუსიკოსი ვარ. ჩემი საყვარელი ჯგუფი ყოველთვის იყო Breaking Benjamin, ამერიკული ალტერნატიული როკბენდი, რომლის მოსმენის დროსაც სულ მინდოდა, მეც მყოლოდა ჩემი კვარტეტი. 

პირველი ბენდი 2012 წელს შევქმენი და ერქვა Natural Life, ეს იყო ჩემი, როგორც მუსიკოსის სტარტი. გამოვდიოდით პატარ-პატარა ანდერგრაუნდლოკაციებზე, ისეთ მუსიკალურ პროექტებში ვმონაწილეობდით, სადაც ბენდებსაც შეეძლოთ ჩართვა და ვაკეთებდით როგორც ჩვენს მუსიკას, ისე ცნობილ ქავერებსაც. ეს იყო გამოცდილების მიღება, რომელიც დამეხმარა, სამომავლოდ უფრო მეტი გამეკეთებინა.

M: როგორ ჩამოყალიბდა ბენდი Enforcement?

აღსანიშნავია, რომ ბენდის სამი წევრი იგივე ადამიანები ვართ, რომლებიც ვიყავით Natural Life-ში. მისი შექმნის იდეა ეფუძნება სურვილს, რომ დაგვეწერა და გვეკეთებინა მხოლოდ საკუთარი შემოქმედება. 

ალტერნატიული მუსიკა იმითაა საინტერესო, რომ უამრავი ქვეჟანრი აქვს, რომლებიც ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას გაძლევს. ჩვენც დავიწყეთ სხვადასხვა ჟანრის შერევა, რომ მიგვეღო ისეთი სიმღერები, რომლებშიც იქნებოდა ცოტა სიმძიმეც, მელანქოლიაც, ხმებში გაშლაც როგორც ვოკალის, ისე გიტარების და ეს გახდა ჩვენი სავიზიტო ბარათი. გვინდოდა, რომ შეგვექმნა განსხვავებული მუსიკა და ვფიქრობთ, გამოგვივიდა.

ბევრი დაბრკოლებაც შეგვხვდა, ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ჩვენს დრამერს, ვისთან ერთადაც ჩამოვაყალიბეთ ბენდი და ვუკრავდით წლების განმავლობაში, გასულ წელს ინსულტი დაემართა საკმაოდ ადრეულ ასაკში და გამოგვეთიშა ჯგუფიდან. ამ დროს ჩვენ ვემზადებოდით WACKEN FESTIVAL-ისთვის და მაგ მხრივაც დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის ეს ამბავი. დროებით „ვითხოვეთ” დრამერი პოპულარული ქართული ბენდისგან Psychonaut 4, რომელმაც დაახლოებით 2 საათში გაიარა სრული პროგრამა. ამ გამოწვევის მიუხედავად, მეორე ადგილი დავიკავეთ ბატლზე. 

M: რა გზა გაიარა ბენდი წლების განმავლობაში, რა სირთულეები შეგხვდათ და როგორ გაართვით თავი?

ბევრი სირთულე შეიძლება შეგხვდეს. თავიდან ვიყავით ტრიო და ჩვენც ვიცვლებოდით, ბასისტი წავიდა და ძნელი იყო ახალი წევრით მისი ჩანაცვლება. შეიძლება ბევრი მუსიკოსი უკრავდეს კარგად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იდეურად კარგად გვესმოდეს ერთმანეთის, მასაც ისე ესმოდეს ჟანრის თავისებურებები, როგორც შენ. ბენდის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ საერთო საქმეს აკეთებს და ერთი კაცი არაფერს წყვეტს, როლები თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული.

ერთ-ერთ წელს Newcomers Tbilisi-ზეც გავედით და შემოგვთავაზეს ე.წ. Eye Stage-ზე დაკვრა, რომელიც დიჯეებისთვის იყო გათვლილი და სცენა თავიდან ბოლომდე ელექტრონული მუსიკისთვის იყო მოწყობილი. მსმენელიც, შესაბამისად, არ იყო განწყობილი ალტერნატიული მეტალის მოსასმენად, თუმცა, როცა დაკვრა დავიწყეთ, ნელ-ნელა დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი მუხტი მოიტანა ჩვენმა მუსიკამ, ხალხიც აგვყვა, ერთ-ერთი დიჯეიც მოვიდა, რომელმაც თავისი ბიტი აგვაყოლა და ძალიან მაგარი გამოსვლა გამოვიდა. შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავით ჩვენც და მსმენელიც, რამაც მომცა მოტივაცია, რომ ალბომზე დამეწყო მუშაობა, უფრო წინ წავწეულიყავით, როგორც ბენდი.

აქ კიდევ ერთ სირთულეს წავაწყდით, რადგან საქართველოში ლეიბლების არსებობის პრობლემაა და როცა ალბომის გამოსაშვებად ემზადები, ყველაფერი შენით უნდა გააკეთო, შენით ჩაწერო, შენით გააპიარო და ა.შ. გარდა ამისა, ანდერგრაუნდმუსიკისთვის ნაკლები ხელშეწყობაა, რადგან მას ვერ მოისმენთ რადიოებსა და სატელევიზიო გადაცემებში, ამის გამო ზოგჯერ მეუბნებოდნენ, რომ ცოტა „შემემსუბუქებინა ჩემი მუსიკა”, თუმცა ჟანრის ერთგულად დავრჩი და 2021 წელს პირველი ალბომი გამოვუშვით, სახელად „სოციოპათი”.

M: რა იყო ამ ალბომის მთავარი თემა, რომელზეც დაიწერა სიმღერები?

მთავარი თემა იყო გაუფასურებული ფიზიკური ურთიერთობები, გაჯეტებით მოცული ადამიანები და ვირტუალურ კომუნიკაციაზე მასობრივი გადასვლა. პირადი გამოცდილებით, დღესდღეობით ადამიანებს ძირითადად ფეისბუკზე მოვიკითხავთ ხოლმე, მაშინ, როცა ნახვაც ჩვეულებრივ შეიძლება. დღეს ურთიერთობა როგორც მეგობრული, ისე სასიყვარულო, ონლაინრეჟიმზეა გადასული და ხშირად სოციალურ ქსელებში წყდება – სწორედ ამ თემატიკას მივუძღვენით ალბომიც და ვიდეოკლიპიც გადავიღეთ ჩვენს მთავარ სიმღერაზე, Evil Like you, რომელსაც, სხვათა შორის, 7 წლის განმავლობაში ვწერდი. მისი მუსიკა ჩემი საყვარელი ფენტეზიდან „ბეჭდების მბრძანებლიდან” არის შთაგონებული, ტექსტი კი მრავალი ალტერეგოს მქონე ადამიანებზეა.

M: ამჟამად რაზე მუშაობთ?

ამჟამად მეორე ალბომზე ვმუშაობთ, რომელშიც გავითვალისწინებთ იმ პატარ-პატარა შეცდომებს, რომლებიც წინაზე დავუშვით. ეს, პირველ რიგში, ეხება მარკეტინგულ გათვლებს, რაზეც ადრე არ მიფიქრია. 

თემატიკა ადამიანების ბუნებაზეა, იმ განცდაზე, რომ ზოგჯერ თავი პარალელურ სამყაროებში გვგონია. სახელიც საინტერესო აქვს – „ტობავარჩხილი”, ეს არის ტბა სამეგრელოში, რომელიც ითარგმნება, როგორც „ვერცხლის ტბა”. სხვადასხვა გადმოცემის თანახმად, ამ ტბაშია სამოთხის კარიბჭისკენ მიმავალი გასასვლელი და ნებისმიერ დროს, მზიანი ამინდი იქნება თუ თოვლიანი, ვერცხლისფერია და გვერდიდან თუ შეხედავთ, ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ორ სამყაროს აკავშირებს. საკმაოდ მისტიკური ადგილია. იმასაც ამბობენ, რომ იქვე ახლოს დიდი ხნით სეირნობა არ შეიძლება, რადგან ბუნებას აწუხებ. ამ ტბის შთაგონებით შეიქმნა ეს ალბომი.

ალბომის გარდა, ისევ ვემზადებით WACKEN ბატლზე გასასვლელად, რომელშიც ჩვენ გარდა სხვა ქართული ბენდებიც მონაწილეობენ, ერთ-ერთია will kolak. წინა წლებთან შედარებით წელს უფრო გართულდა ფესტივალზე გასვლა, თუმცა საკმაოდ აქტიურად ვემზადებით და გვაქვს გასვლის იმედი.

ალბომის პირველი სიმღერა ამა წლის თებერვალში დაიდება. მას ცოტა პოლიტიკური მოტივი აქვს, რადგან მე პირადად იმ თაობას წარმოვადგენ, რომელიც სამი მთავრობის ცვლილებას მოესწრო და ვხედავ, რომ იცვლებიან ადამიანები, მაგრამ პოლიტიკური მოტივაციები იგივე რჩება. სიმღერას ჰქვია „Voices”, რომლითაც იმის თქმა გვინდა, რომ თითოეული ადამიანის ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპის გადაღებასაც ვფიქრობთ.

M: რა არის თქვენი მუსიკის მთავარი სათქმელი?

მინდა, ჩემი მუსიკით ხალხს ვუთხრა, რომ იყოს ნაკლები ნეგატივი, ნაკლები შური, ბოღმა და მეტი მხარდაჭერა, ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწევა. სამწუხაროდ, ანდერგრაუდჟანრში ხშირად შემხვედრია უსაფუძვლო კრიტიკა, შენიშვნები, სხვასთან შედარება, იმის ნაცვლად, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს და ყველა მუდმივად განვითარებასა და საკუთრის კეთებაზე იყოს ორიენტირებული, რადგან ერთმანეთს ასე უფრო ვაძლევთ მოტივაციას და ერთმანეთზე უკეთესები ვხდებით, რაც, საბოლოოდ, ხარისხიან შოუბიზნესს ქმნის.

ჩვენი, როგორც ბენდის მთავარი მესიჯია, რომ მეტალმუსიკოსებისთვის მაქსიმალურად მეტი პლატფორმა შეიქმნას, მეტი სცენა იყოს და ჩვენი ხმა უფრო მეტგან ისმოდეს, რადგან მსმენელისგან არის ასეთი მოთხოვნა და სურვილი, მიწოდება კი ნაკლებად ხდება. ბევრი ძალიან კარგი დამწყები ბენდი გვყავს და ვფიქრობ, მათაც ხელშეწყობა სჭირდებათ. 

M: ვილი, ბოლოს როგორც ყველა რესპონდენტს, თქვენც გკითხავთ – რა სიმღერას დაუტოვებთ ჩვენს მკითხველს?

ძალიან რთული და, ამავდროულად, მარტივი კითხვაა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის The Tool-ის სიმღერა Lateralus, რომელიც მომწონს თავისი მათემატიკურობითა და ფილოსოფიით. 

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რა ზიანი მოაქვს გადაჭარბებულ მადლიერებას

მიიღე მონაწილეობა საჯარო მეტყველების კონკურსში და გაემგზავრე დიდ ბრიტანეთში – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი