გახსოვთ ცოტა ხნის წინ მეტეორის შესახებ რომ მოგიყევით, რომლის შემადგენლობაც ძალიან ჰგავს დედამიწაზე არსებულ წყალს? ახლა კი მეცნიერები კიდევ ერთი კვლევის შედეგებს გვიზიარებენ და Winchcombe-ის შემცველობის შესახებ მნიშვნელოვან აღმოჩენაზეც საუბრობენ: მეტეორიტის შიგნით ორგანული ნივთიერებები არსებობს, ზოგიერთი კი სიცოცხლისთვის შესაბამისია. აქ იგულისხმება მოლეკულები და ნაერთები, რომლებიც ნახშირბადზე დაფუძნებული სიცოცხლისთვის არის საჭირო და რომლებიც არაორგანული პროცესების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.
ამ შემთხვევაში, მკვლევრებმა ხსნადი ცილოვანი ამინომჟავები აღმოაჩინეს, რომლებიც, მათი აზრით, ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც მეტეორიტი ჯერ კიდევ მისი „მშობელი ასტეროიდის“ ნაწილი იყო და თხევად წყალს შეიცავდა. დიახ, ეს სიცოცხლის წარმოშობის გასაგებად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა…
მართალია, Winchcombe არ არის პირველი მეტეორიტი, რომელიც ამინომჟავებს შეიცავს, მაგრამ ის გარემოებები, რომლებშიც აღმოაჩინეს, მას განსაკუთრებით ღირებულ შემთხვევად აქცევს — მეცნიერებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის, რაც მის შიგნით არის, კოსმოსიდან მოდის.
„Winchcombe მიეკუთვნება ნახშირბადის მქონე იშვიათ მეტეორთა რიცხვს, რომელიც, როგორც წესი, ორგანული ნაერთებისა და წყლისგან შედგება“, — განმარტა ქუინი ჩენმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა.
ასობით მოწმის წყალობით, Winchcombe 12 საათში აღადგინეს, შესაბამისად, მიწამ მასზე რაიმე კვალის დატოვება ვერ მოასწრო და კვლევისთვის უფრო ღირებულიც გახადა.
თუმცა მეტეორიტებში ამინომჟავების არსებობა უბრალო ფაქტი არ გეგონოთ, ეს ბევრს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე. Winchcombe კი მეცნიერებს წარსულში დაბრუნების საშუალებას აძლევს და უზიარებს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სიცოცხლის წარმოშობის ქიმია. გამოდის, ის, რაც დედამიწაზე დამანგრეველი ძალის გვეგონა, სამყაროს სხვა ნაწილებში სიცოცხლის წარმოშობის მიზეზიც კი შეიძლება იყოს…