13
Jan
2020

Windfor’s უკრაინის ბაზარზე გადის

13 Jan 2020

Windfor’s საერთაშორისო ბაზარზე გადის – სააგენტო, უკრაინაში, ახალ ოფისს ხსნის. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ახლა გუნდს აკომპლექტებენ, რომელიც, თბილისის ოფისთან, როტაციული პრინციპით იმუშავებს. თუმცა, მუდმივი თანამშრომლებიც ეყოლება. უკრაინის „ვინდფორსი“ ოპერირებას, სავარაუდოდ, აპრილიდან დაიწყებს.

როგორც სააგენტოს დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

„იმ სააზროვნო ხარისხსა და დონეს, რომელიც კომპანიაში, ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, საერთაშორისო მასშტაბი ბევრად უფრო მიესადაგებოდა. ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდით. თუმცა, სურვილი ერთია, შესაძლებლობა – მეორე. ზუსტად უნდა განგვესაზღვრა შესაფერისი პირობები. სააგენტოს ცხოვრებაში, ახლა სწორედ ის ეტაპი დადგა, როდესაც დავინახეთ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად საჭირო კონკრეტული გარემოებები – იქნება ეს გუნდის მზაობა, ტექნიკური თუ ლოჯისტიკური ფაქტორები“.

რაც შეეხება ახალ ბაზარს, ამბობს, რომ უკრაინა, პირველი საერთაშორისო ოფისისთვის, სპეციალურად შეარჩიეს.

ვატო ქავთარაძე: უკრაინაში, ყველაფერი ქართული, განსხვავებულად ფასობს. მოცემულობაა ასეთი, მათ კულტურულ ველში არსებული ფენომენია და მნიშვნელობა არ აქვს, ეს სარეკლამო სააგენტოა, მინერალური წყალი, თუ – საფეხბურთო გუნდი. განსხვავებით, ვთქვათ, გერმანიის, ინგლისის ან ამერიკისგან, სადაც ბევრად უფრო კოსმოპოლიტური განწყობებია, მაგრამ ქართული ფენომენი, როგორც ასეთი, არ ფიგურირებს. ამავე დროს, უკრაინულ ბაზარზე ბევრი ქართული ბიზნესი ფუნქციონირებს. შესაძლოა, მათთვისაც გარკვეული დასაყრდენი გახდეს ჩვენი კომპანიის იქაურ ბაზარზე გამოჩენა. ამის ათვისებც შეიძლება. მოკლედ, ბევრ საინტერესო ჭრილში ჩანს ეს წამოწყება.

M: მოთხოვნა თუ არის? ან როგორ აპირებთ ახალ და ძალიან დიდ ბაზარზე თავის დამკვიდრებას?

ვ.ქ. : წინასწარ, ადგილზე მუშაობის შედეგად, ვფიქრობთ, რომ უკრაინის ბაზარზე არის მოლოდინი და მზაობა ჩვენი სააგენტოს მისაღებად. უკრაინა კარგი პლაცდარმია ასეთი წამოწყებისა და განვითარებისთვის. თუ აქამდე 3 მილიონიან ბაზარს ვემსახურებოდით, ახლა გავდივართ 40+ მილიონიან ბაზარზე, თვისობრივად განსხვავებულ მასშტაბზე. ვფიქრობთ, ესეც გარკვეულწილად განაპირობებს იმ ზრდას, რასაც ყოველთვის ვესწრაფოდით. ბუნებრივი ცვლილება მოქმედებს სააზროვნო და სამოქმედო მოდელზე. ჩვენი განვითარებაც დრამატულად იცვლება და გამოწვევაც სწორედ ეს არის – რაღაცნაირად მოვახერხოთ ჩვენი კულტურული ღერძითა და გამოცდილებით, ახალ რეალობაში გარდასახვა. ბუნებრივია, ბევრ სირთულეს ველოდებით. მზაობა გვაქვს იმისი, რომ ყველაფერი თავიდანვე იდეალურად არ იქნება. თუმცა, ნამდვილად არ გვაშინებს ეს გამოწვევები. მთავარი პირობა კი ის არის, რომ კომპანიის გაფართოება კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ გუნდზე დაყრდნობით მოხდება.

Windfor’s-ის გუნდი

M: რაც შეეხება გუნდს და უკრაინის Windfor’s-ის სტრატეგიას . . .

ვ.ქ. : ახალ გუნდში Windfor’s-ის თბილისის ოფისის თანამშრომლები და უკრაინაში, შემოქმედებით ინდუსტრიაში უკვე გამოცდილი, წარმატებული კადრები იმუშავებენ. ასევე, გვაქვს და გვექნება კონტაქტი უკრაინის ბაზარზე ადაპტირებულ სააგენტოებთან. ეს კავშირი, ჩვენი შეფასებით, კარგ სინთეზს შექმნის. ვფიქრობთ, ისეთ გუნდს ვკრავთ, რომელსაც ფასეულობათა სისტემა, დაახლოებით, იგივე აქვს, რაც ჩვენ, თბილისის ოფისში. ეს კი პროცესის დაგეგმარებასა და მართვას გაამარტივებს. უკრაინული „ვინდფორსი“,  გეგმის, სურვილის და ხედვის ნაწილში, დიდად განსხვავებული არ იქნება, ქართულისგან. მოთხოვნები, დამოკიდებულებები, კულტურა იდენტური გვექნება, უბრალოდ იქ ბევრად დიდი ბაზარზე და უფრო მეტად განსხვავებულ კულტურულ გარემოში მოვხვდებით. მგონია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევაა, უკრაინაშიც იგივე ტრაექტორია და განვითარების ის მაღალი დონე „დავიჭიროთ“, რაც აქ გვაქვს. ამისთვის გამოვიყენებთ როტაციულ სისტემას. რა თქმა უნდა, გვეყოლება მუდმივი თანამშრომლებიც, თუმცა, გუნდის ნაწილი კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე იმუშავებს როგორც თბილისის, ისე უკრაინის ოფისში. გარდა ამისა, გვინდა, კარი გავხსნათ Open Source პლატფორმისთვის. ჩემი აზრით, ამაში მონაწილეობა ბევრს დააინტერესებს. მაგრამ თუ აქამდე ახალგაზრდა კადრებს ვიყვანდით და აქ ყალიბდებოდნენ, ახლა გვჭირდება ადამიანები, ვისაც ამ სფეროში რაღაც შეუქმნია და თვლის, რომ მზად არის გლობალური პროექტებისა და მუშაობისთვის. მზად ვართ, ყველას ვესაუბროთ, ვინც ამ პროექტით დაინტერსდება. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ვიმუშავებთ ორ ჰაბად. გაიცვლება ბრიფები და დავალებები. ვფიქრობთ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, როგორც „ვინდფორსის“ ბიოგრაფიაში, ისე ქვეყანაში, კრეატიული ინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით, აქამდე ასეთი რამ არ გაკეთებულა.

 

M: მომსახურების კუთხით თუ გეგმავთ სიახლეებს? ახალ ბაზარზე, ალბათ, განსხვავებული მოთხოვნებიც იქნება . . .

ვ.ქ. : ახლა ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ საკონსულტაციო ნაწილშიც. გვინდა, ჩვენი დამკვეთებისთვის ვიყოთ სრულფასოვანი მხარდამჭერები. არ გვინდა, მხოლოდ კრეატიულ სააგენტოდ დავრჩეთ. „ვინდფორსს“ ვხედავთ, როგორც საკონსულტაციო სააგენტოს. ამის გარკვეული ელემენტი უკვე შემოსულია ჩვენს სერვისებში, ახალ კი ვფიქრობთ, კიდევ მეტად განვვითარდეთ. ეს ეხება ორივე ოფისს. გარდა ამისა, უკრაინაში უფრო აქტიურად ვაპირებთ ციფრული სერვისების განვითარებას. სხვაგვარად წარმოუდგენელია თანამედროვე საკომუნიკაციო სფეროში და იქ [უკრაინა] განსაკუთრებული მოთხვონაა ამ მიმართულებით.

M: Windfor’s-ს ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს. ესეც საერთაშორისო ბაზარზე გასვლას უკავშირდება? 

ვ.ქ. : ვიზუალი, პირველად, სააგენტოს 10 წლის თავზე შეცვალეთ. იმ მომენტში, ვფიქრობდით, რომ უფრო თანამედროვე გახდა ჩვენი ვიზუალი. დღეს დინამიურად იცვლება გარემო და მუდმივად ციფრულ ტექნოლოგიებში თუ განვითარებად პროცესში მყოფი დარგი გვაქვს. ამიტომ, გვგონია, ჩვენი იდენტობა, სააგენტოს შექმნიდან, 15 წლის შემდეგაც ზუსტად უნდა პასუხობდეს ამ რეალობას. ამიტომ გადავწყვიტეთ ვიზუალის შეცვლა. ბუნებრივია, გვინდოდა, უკრაინის ბაზარზეც ახალი იდენტობით წარვმდგარიყავით. გვქონდა რაღაც ვარიანტები, მაგრამ მიხვდით, რომ ეს ყველაზე მეტად მოგვწონს ვიზუალურად. თანაც, მარტივი, მოხმარების თავლსაზრისითაც დინამიური, რაღაც ახალია. ვიზუალურად და ემოციურად თანამედროვეა.

 

M: სააგენტო Windfor’s 15 წლის არის. როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს?

ვ.ქ. : გვგონია რომ 1000 სიცოცხლე გავიარეთ. შეიძლება, 15 წელი, საერთო ჯამში, არ არის ბევრი, მაგრამ არც ცოტაა. მით უმეტეს, ინდუსტრიაში, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობდა და ჩვენ გარშემო შეიქმნა, განვითარდა. ახლა რომ ვიხსენებთ 15 წლის წინა პერიოდიდან მოყოლებულ ამბებს, საკმაოდ ემოციურია. რაც ყველაზე კარგად აჩვენებს განვლილ გზას, ის წარმატებები და განვითარების ტრაექტორიაა, რაც ჩვენს მიღწევებში აისახება. რეალურად, გვქონია რთული პერიოდებიც, ჩავარდნებიც. მაგრამ, საბოლოოდ, ვფქრობ, კომპანია, ხარისხობრივი, თვისობრივი თუ სხვა პარამეტრებით, მუდმივი გაუმჯობესების გზით მიდის. ახალ ბაზარზე გასვლაც უფრო განავითარებს და გააღრმავებს იმ ყველაფერს, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

Windfor’s-ის გუნდი

M: ამ 15 წლიან ისტორიაში, ალბათ, გაქვთ გამორჩეული პროექტები და პროექტები, რომლებზეც თვლით, რომ შეიძლებოდა, უკეთ გაგეკეთებინათ . . . 

ვ.ქ. :  გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა პროექტზე ასე ვფიქრობ. ყველგან მრჩება განცდა, რაღაც რომ სხვანაირად ყოფილიყო, კიდევ უფრო წარმატებული იქნებოდა. როცა რაღაცას აკეთებ, მთელს პროცესში, იდეის გენერირებიდან,  მისი გაშვებით დამთავრებული, უამრავი რგოლია. ბოლოს რომ გადახედავ პროექტის, ყველა კრიტიკული ელემენტი გახსოვს და ყოველთვის არის ადგილები, სადაც რაღაც უკეთესად შეიძლებოდა გაკეთებულიყო. შეიძლება ეს ჩემი პირადი, სუბიექტური ხედვით და იმ დამოკიდებულებით იყოს გამოწვეული, რომ ყოველთვის უკეთესი მინდა, არასოდეს არ მაკმაყოფილებს მიღებული შედეგი. მაგალითად, მეექვსმილიონე ტურისტის კამპანიისთვის, რომლითაც სააგენტომ „კანის“ ვერცხლის ლომი მოიგო, მგონია, შეიძლებოდა, ოქრო აგვეღო. არა და თავად ამ „ქეისს“, ნამდვილად, არაფერი დავაკელით. უბრალოდ, ახლა რომ ვფიქრობთ, შეიძლება, იქ წარდგენის ან სხვადასხვა ნაწილში რაღაც სხვანაირად უნდა გაგვეკეთებინა. რაც შეეხება წარმატებულ პროექტებს, ვფიქრობ, ეს მაინც უფრო ისეთ კამპანიებზეა, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ალბათ, მეტად რჩება მეხსიერებაშიც და ისტორიულად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, თიბისის კამპანია „იპოვე $10 000“, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. რა თქმა უნდა გამორჩეულია მეექვსემილიონე ტურისტი, რომელმაც, რანგობრივად,  ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ჩვენს სააგენტოს, შემოქმედებით ინდუსტრიას და ზოგადად, ქვეყანას. ასევე ძეგვის პროექტი, რომლითაც „ეპიკას“ ოქრო მოვიპოვეთ. თუ წარმოვიდგენთ, რომ დროის პერსპექტივაში არის ხიმინჯები, მთავარ პედესტალს სწორედ ეს სამი პროექტი იკავებს. თუმცა, ბევრი კამპანია გვაქვს, რომელსაც საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო არ მოუპოვებია, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამორჩეულია. ასეთი იყო „ჯეოსელის“ კამპანია „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“. ასევე – „ორენჯ სანტას“ პირველი 2 სეზონი, რომელიც ჩვენ შევქმენით და ფაქტობრივად, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კამპანია გამოვიდა – შემდეგ სხვა სააგენტომ გადაიბარა და თითქმის, 10 წელი ძალიან წარმატებით ახორციელებდა. ასევე გამორჩეულია “Emotions Are Georgia“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა და ვფიქრობთ, ახალი და საინტერესო იყო. და სხვა კიდევ უამრავი ასეთი კამპანია.

Windfor’s-ის ჯილდოები 

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .

ვ.ქ. :  უკრაინა არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება. განვითარებას სხვა ქვეყნებშიც ვგეგმავთ. უბრალოდ ეს პირველი ნაბიჯია და ყველაზე მნიშვნელოვანია. გვინდა, პრეცედენტი შეიქმნას, გარკვეული გამოცდილება მივიღოთ უფრო დიდ ბაზარზე და გამრავლვებულ ფორმატში მუშაობის. ამ ეტაპზე, სხვა კიდევ უფრო დეტალურ გეგმებზე საუბარი, ვფიქრობ, ნაადრევია. თუმცა, გაწერილი და ჩამოყალიბებული გვაქვს კონკრეტული ლოკაციებისა და მიმართულებების მიხედვით. მაგრამ ჯერ უკრაინის ბაზარზე უნდა შედგეს სააგენტო, რომ უფრო ზუსტად დავინახოთ მომავალი განვითარების პერსპექტივა.

 

განხილვა