in

Windfor’s სახელოსნოები – პირველი საგანმანათლებლო პროექტი სააგენტო Windfor’s-ისგან

ბევრისათვის ზაფხულის თვეები დასვენებისთვის განკუთვნილ პერიოდად აღიქმება, თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ ჩვენს ყურადღებას რაღაც ახალი და საინტერესო იპყრობს. მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის შემთხვევაში კი ასეთ ფაქტორად Windfor’s-ის ახალი პროექტი Windfor’s სახელოსნოები გვევლინება.

შემოქმედებითი პროგრამა ახალგაზრდებს საბაზისო ცოდნას სამი მიმართულებით სთავაზობს: ფოტოგრაფია, ანიმაცია და დიზაინი. პროგრამა 4 ივნისს იწყება, მასში მონაწილეობის მიღება კი 17-21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომელთაც აინტერესებთ შემოქმედებითი ინდუსტრია და კრეტიული უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის დეტალებზე უფრო ვრცლად Windfor’s სახელოსნოების პროექტის ხელმძღვანელი – თაკო ძაგანია ბარამიძე და Windfor’s -ის კრეატიული დირექტორი ბიბი ასათიანი გვესაუბრებიან.

M: მოგვიყევით, რა არის Windfor’s სახელოსნოების მიზანი? რა იდეას ემსახურება ის მთლიანობაში?

თაკო ძაგანია ბარამიძე: შემოქმედებითი ინდუსტრია ადამიანებს განვითარების დიდ შესაძლებლობებს აძლევს, Windfor’s სახელოსნოების მიზანია კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის გადაცემა ახალგაზრდებისთვის, რომელთაც აინტერესებთ შემოქმედებითი ინდუსტრია, არიან ძიების პროცესში, სურთ ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღება. ჩვენი პროგრამა იქნება ერთგვარი სადგური, რომელიც გააცნობს ახალგაზრდებს განსხვავებული სწავლების ფორმატს, მულტიდისციპლინარულ მიდგომებს, მისცემს საშუალებას, საკუთარი თავი და იდეები სხვადასხვა მედიუმში გამოხატონ. იფიქრონ და იაზროვნონ მასშტაბურად და სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებებში გადაკვეთები იპოვონ. 

ბიბი ასათიანი: დღეისათვის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიმართულებით ცოდნის გადაცემა ახალგაზრდებისთვის, მათთვის მორგებული ფორმატით, სადაც მათ აქვთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა. ცოდნის მიღება ხდება პირდაპირ სახელოვნებო პროცესში, ფოტო ლაბორატორიაში, ანიმაციის სტუდიაში, სერიგრაფიის სახელოსნოში. ამ დროს, უშუალოდ პროცესის თანამონაწილე ხდება სტუდენტი და მოვლენებს სხვადასხვა პერსპექტივიდან აკვირდება, ხედავს სრულ სურათს როგორ მიმდინარეობს სახელოვნებო პროცესები და იქმნება ნამუშევარი.

საბოლოოდ, ჩვენ მხოლოდ იმაზე არ ვზრუნავთ, რომ ჩვენს ინდუსტრიაში მოვიზიდოთ ნიჭიერი ხალხი, ჩვენი ძირითადი მიზანია, რაღაცის შექმნა, შრომა, სწავლა და კომუნიკაცია შეუყვარდეთ ახალგაზრდებს. ეს იქნება, ერთგვარი თვითგანვითარების, თვითგანათლებისა და თანა-შექმნის პრინციპებზე დაფუძნებული პროგრამა.

M: პროგრამის ფარგლებში შემოქმედებითი ინდუსტრიის რომელ მიმართულებებზე აკეთებთ აქცენტს და რა აქტივობებს მოიცავს კურსი?

თაკო ძაგანია ბარამიძე: Windfor’s სახელოსნოები სამი მოდულისგან შედგება, სამი სახელოსნო: ფოტოგრაფიის, ანიმაციის და დიზაინის. პროგრამა ორ თვიანია და ივნისი, ივლისის პერიოდში ხორციელდება. მოკლე, საბაზისო კურსი  შედგება ვორქშოპის ტიპის აქტივობებისგან, იქნება ეს პრაქტიკული სესიები, საველე გასვლები თუ ვიზიტები სტუდიოებსა და სახელოსნოებში. მონაწილეები პირადად გამოცდიან ამა თუ იმ მედიუმში მუშაობას — მთელი ამ დროის განმავლობაში შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, კურსის დასრულებისას კი თემატურ ნამუშევრებს შექმნიან. ცხადია, სახელოსნოებს მენტორობას უწევენ სფეროს პროფესიონალები. მაგალითად, ფოტოგრაფიის სახელოსნოში, ეცნობიან ფოტოგრაფიის ისტორიას, კომპოზიციის მნიშვნელობას, განათებას, გამჟღავნების ქიმიურ პროცესს და შემდეგ კურსის ბოლოს კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნიან ნამუშევარს და ასე ხდება სხვა სახელოსნოების შემთხვევაშიც.

მთავარია, მონაწილეები ერთმანეთისგან განყენებულად არ ეცნობიან შემოქმედებით მიმართულებებს… არამედ, ეს ყველაფერი სინთეზშია და მონაწილე  თავად წყვეტს, როგორ შეიძლება ამ მიმართულებების საინტერესოდ შერწყმა.

M: რა გამოარჩევს თქვენს სახელოსნოებს ყველა სხვა დანარჩენისგან?

ბიბი ასათიანი: ჩვენთან ერთგვარი ერთიანი სწავლებაა. მართალია, სხვადასხვა მედიას მოვიცავთ, მაგრამ მაინც ერთიან სწავლებაზეა აგებული. აქ ახალგაზრდები გაიგებენ, როგორ შეიძლება ერთი იდეაზე, კონცეფციაზე მუშაობა და მედიუმის შესაბამისად გადმოცემა. თანაც, ყველაზე მთავარი ასპექტი მაინც ის არის, რომ მონაწილეები „აბსტრაქტული თეორიის“ ნაცვლად ყველაფერს თავად გამოცდიან პრაქტიკაში — მაგალითად, ნახავენ ფოტოების გამჟღავნებისას როგორ და რატომ მოქმედებს სპეციალური ფხვნილი. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ორწლიანი ჩაკეტილობის და ონლაინ სწავლების შემდეგ რეალურ გარემოში გამოვლენ ახალგაზრდები.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ბიბი ასათიანი: ჩვენს გეგმებს რაც შეეხება, ეს პროგრამა ივლისის შემდეგაც დარჩება ვორქშოპების სახით. შემდეგ კი რამდენიმე სახელოსნო დაემატება, რათა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები მოვიცვათ. შესაბამისად, სამომავლოდ მეტი ახალგაზრდის ინტერესს დავაკმაყოფილებთ და შესაძლებლობებსაც გავზრდით. მსგავსი არაფორმალური შემოქმედებითი პროგრამები დიდ როლს ასრულებენ როგორც კრეატიული ინდუსტრიის ზოგად განვითარებაში, ასევე ახალი საგანმანათლებლო მოდულების დანერგვასა და მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაში შემოქმედებითი სფეროთი. საპილოტე პროგრამის შემდგომ, იგეგმება საგანმანათლებლო მიმართულების გაფართოება, სხვადასხვა შემოქმედებითი პროგრამის დამატება და სრულმასშტაბიანი პროფესიული სკოლის ჩამოყალიბება.

პროექტის პარტნიორია ტერაბანკი.

ამჟამად, Windfor’s სახელოსნოებში განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია, განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 25 მაისი. განაცხადის ფორმაკურსის აღწერა.

„საბაუნიმ“ ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა

Cosmo: „თავიდან, მხოლოდ 3 ყელსაბამის მასალა და 2 ადამიანის უდიდესი მონდომება იყო“