13
Dec
2019

Windfor’s, როგორც Spotlight-ის კვირეულის მასპინძელი და ამბავი ბრენდად ქცეულ თავშესაფარზე

13 Dec 2019

ყველაფერი დაიწყო ასე – ჩვენი ოფისიდან ტაბიძის 100-მდე გზას გავუდექით და როცა მივხვდით, რომ “სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა” სიარულმა ენერგია გამოგვაცალა, დავასკვენით – ასეთ ჰაერზე მაგარ იდეებს მოიფიქრებენ, აბა რას იზამენო..

დიახ, 12 დეკემბერს მართლაც ძალიან მაგარი იდეების სამჭედლოს ვესტუმრეთ და თან ისე, რომ მისმართი არ შეგვშლია. როგორც Windfor’s-ის არტ დირექტორმა გვითხრა, თურმე ძალიან ხშირად ტაბიძის 100-ის მაგივრად, 10-ში მიდიან ხოლმე და თუ ვინმეს ამ სააგენტოში საქმე გექნებათ, აგერ – გაითვალისწინეთ.

რაღა დაგიმალოთ და ნამდვილად მესიამოვნა ოფისის შესასვლელში გუნდის წევრების ფოტოებით გადაჭედილი კედლები. მაგრამ შეხვედრების ოთახში ლოკალური და საერთაშორისო პრიზებით გადაჭედილმა თაროებმა კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. Epica, Ad Black Sea, Golden Hammer, Golden Drum, Eurobest, რაც მთავარია, კანის ლომები და მოკლედ, რას აღარ ნახავდით ამ თაროებზე. სწორედ მათ მიერ შექმნილ ბრჭყვიალა ფონზე ვინდფორსის არტ დირექტორმა, ბექა მეფარიშვილმა, სტუმრები მაგიდის გარშემო შემოგვკრიბა და DZE_Georgian Project-ზე საუბარიც დაიწყო.

წინა დღით სპეციალურად ჩვენთვის აწყობილი პრეზენტაციის სიკარგემ და ეფექტურობამ ნამდვილად გამაკვირვა – მაგრამ “კრეატივშიკებისთვის” მგონი ეს ხელის ერთი მოძრაობაა. ყველაზე მეტად, რაც ამ პრეზენტაციაში მომეწონა, იყო ის, რომ კამპანიის დაკვეთიდან განხორციელებამდე ჩვენთვის “გასაგებ ენაზე” იყო ახსნილი მთელი პროცესი. ფაქტობრივად, ვინდფორსმა მთელი შიდა პროცესი უანგაროდ მოგვიყვა და თან გვითხრა, რომ ნებისმიერი კამპანიის შესრულებისას სააგენტო და კლიენტი ერთად გადის ხსენებულ ეტაპებს.

თურმე Windfor’s-ში ამგვარი წესია: არტ დირექტორები და კოპირაიტერები წყვილდებიან და კამპანიის განხორციელების იდეებზე ერთად ფიქრობენ. შემდეგ ეს წყვილები დიდ მაგიდაზე იკრიბებიან, რაც გულისხმობს, რომ ყველა შესაძლო, რელევანტური თუ არარელევანტური, საინტერესო თუ არასაინტერესო იდეა უნდა განიხილონ. თურმე, ძევგვის თავშესაფრის კამპანიისთვის თავდაპირველად ორი იდეა შეირჩა – ერთს, უკვე განხორციელებულს ხედავთ და მეორე – მხოლოდ იქ მისულმა სტუმრებმა ვნახეთ. გვითხრეს, პატიოსან ხალხს ვენდობით და გვჯერა, არ მოგვპარავთ ამ იდეასო, მაგრამ მე აქ მაინც საიდუმლოდ დავტოვებ – ვიცი, ოდესმე განხორციელდება ის იდეა და პირველად ნახვის ეფექტს არ წაგართმევთ.

ვინც იცოდით და ვინც არ იცოდით, DZE-ს პროექტი სააგენტოსთვის სრულიად არაკომერციული იყო. თუმცა, არარსებულ რესურსს Windfor’s-სისთვის ხელი არ შეუშლია, შეექმნა კამპანია, რომელმაც სულ ცოტა ხანში ყველა მედია აალაპარაკა. შეიქმნა კამპანია, რომელსაც ქველმოქმედებაზე თანამედროვე მოდის ენაზე უნდა ესაუბრა. ასეც მოხდა. თავდაპირველად შეიქმნა ფერი – ტრაგიზმისთვის და სევდისთვის სრულიად არაშესაბამისი და ეს ერთგვარად იმის გამოხატულება იყო, რომ ამჟამინდელ ერაში ტრადიციული ხერხებით საუბარი საჭირო აღარაა. და თუ აქამდე მსგავსი თემები “შავ-თეთრი” იყო, ახლა უკვე ისინი “გამწვანდა”. ფერს მოჰყვა ფორმა – ანუ კავშირის მოძებნა Balenciaga-დან და დემნა გვასალიადან ძეგვის თავშესაფრამდე. ეს კი არც თუ ისე რთული აღმოჩნდა, რატომ? იმიტომ, რომ უცხოურ Fashion Week-ებზე გატანილი ტანსაცმელი და ძეგვის თავშესაფრის მაცხოვრებელთა სამოსი ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. მეტიც, ვიზუალურად არც ძეგვის მაცხოვრებლები ჩამოუვარდებიან უცხოელ მოდელებს და ამას ვიდეორგოლი თავისთავად დაგიმტკიცებთ:

 

Nikakoi-ს გენიალური მუსიკით, ნატა სოფრომაძის რეჟისორობის პირველი გამოცდილებით, მაცხოვრებლების მიერ საოცრად მორგებული როლებითა და ფერად-ფერადი სამოსით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. შემდეგ ამას მოჰყვა ვირტუალურ სივრცეში კამპანიის გაშლა – შეიქმნა Instagram გვერდი, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები აკომენტარებდნენ, რომ ამ ყველაფრის უკან დემნა გვასალია იდგა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამგვარმა გამოხმაურებამ გახადა DZE ასეთი პოპულარული. ის უამრავმა მედიამ აიტაცა და, რაც მთავარია, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზეც გაშუქდა.

ამოცანა შესრულდა და, ბექა მეფარიშვილის თქმით, კამპანიამ დამკვეთების მოლოდინს საკმაოდ გადააჭარბა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ არაკომერციულმა პროექტმა სააგენტოს მრავალი ჯილდო მოუტანა და, მათ შორის, Epica Awards-იც, რომელზეც Windfor’s-ი წელს ერთადერთი ქართველი მონაწილე სააგენტო იყო.

ბარემ ჯილდოებზე ჩამოვარდა საუბარი და ვინდფორსის წარმომადგენლებმა ისიც გვიჩვენეს, თუ რა ხდება მაშინ, როცა საერთაშორისო კონკურსზე იგზავნება კამპანია. თურმე, ამისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორთვიანი მუშაობის 1 წუთიან ქეის ვიდეოდ გარდაქმნა მოუწიათ, სადაც მოკლედ და კონკრეტულად იყო მათი შრომა ახსნილი. გვითხრეს, რომ ჟიური საკმაოდ ლოიალურია და თუ რამე აკლია ვიდეოს, ეუბნებიან და ურჩევენ – შემდეგ კი ესენი “დაკლებულ ნაწილს” თავიდან იღებენ და სვამენ.

ყველაფერ ამის შემდეგ კი, მოხდა ისე, რომ DZE-ზე საუბარი საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, სტუმრების და, ასევე ჩვენი ინიციატივით, შევეხეთ ვინდფორსის ძველ და ჩვენთვის უსაყვარლეს კამპანიებს. მაგალითად, “კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს”, “Orange Santa”, “ჩიტი”.. გავიხსენეთ მათ მიერ ჩამოყვანილი Walking Dead-ის “უპოპულარულესი” ზომბი, რომელმაც მთელი თბილისი ისე აითვისა, ხმაც არ გაუღია. სამაგიეროდ, ჩაატარა ზომბად ყოფნის მასტერკლასები, კორკოტასთან ერთად იქეიფა სუფრაზე, უხმო ინტერვიუ მისცა ყველა ქართულ მედიას და მისსავე ზომბურ გულში საქართველო ტკბილ მოგონებად ჩაიდო.

ვინდფორსის კარგ კამპანიებს რა დათვლის და ალბათ სჯა-ბაასი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა სიგარეტის მოწევის სურვილი და მოუთმენლობა.

სფოთლაითის კვირეული ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება – დღეს, 13 დეკემბერს, მას Redberry დახურავს.

პ.ს ზემოთ მოყოლილი ამბავი ერთ კონკრეტულ კამპანიას ეხება. ამ ამბის დეტალურად მოყოლის პროცესში კი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ძალიან მაგარი იდეები, რეალურად, წამიერი, უცნაური სამყაროდან მოსული ფიქრებია, რომელთა განხორციელებაც ხშირად საერთოდ არ წარმოგვიდგენია.

იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ სერიოზულად არ ვუდგებით, ან უბრალოდ გამბედაობა არ გვყოფნის..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

შეგახსენებთ, პროექტ Spotlight-ის ავტორია Marketer.ge. წელს ღონისძიების წარმდგენია „საქართველოს ბანკი“. მხარდამჭერები არიან: Johnnie Walker, Red Bull, KFC, York Towers, „ბილაინი“, „ბორჯომი“, McDonald’s Georgia, FRIXX, Wolt, Flit Group, ADwise, TON design, Sarajishvili.

განხილვა