გთავაზობთ საკომუნიკაციო Windfor’s-ის ოფიციალურ წერილს, სადაც დიზაინერ ზვიად ციკოლიას პასუხობს, “დღის პროდუქტების” ბრენდინგთან დაკავშირებით:
“ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთ სამარცხვინო და არაპროფესიონალურ განცხადებაზე გვიწევს განმარტების გაკეთება, მაგრამ რადგან თემამ პირადიდან საჯარო სივრცეში გადაინაცვლა, იძულებულები ვართ გამოვეხმაუროთ.
ჩვენი კომპანია 2004 წელს დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში უამრავ დიზაინერთან, არტ-დირექტორტთან თუ მხატვართან გვქონია პროფესიული ურთიერთობა (სხვა პროფესიებზე რომ არაფერი ვთქვათ). ამ ადამიანებთან მუშაობის, თანამშრომლობის შესაძლებლობაა ის, რის გამოც გვიყვარს ჩვენი პროფესია და საქმე. ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრმა წარმატებულმა დიზაინერმა თავისი კარიერა სწორედ ვინდფორსში დაიწყო – ჩვენ ამით ყველაზე მეტად ვამაყობთ და გვიხარია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს, ამ სფეროში მოღვაწე თითქმის ყველა პროფესიონალს ჰქონია შეხება ვინდფორსთან და იცის იმ პრინციპების შესახებ, რომლითაც ეს კომპანია უკვე 13 წელია ხელმძღვანელობს.
ზვიად ციკოლია მათ რიცხს არ მიეკუთვნება. “ცნობილი დიზაინერის” შესახებ ჩვენ შორიდან გვსმენია და ეს ასეც დარჩებოდა, რომ არა მისი სამწუხარო განცხადება, რომელშიც ის პლაგიატში გვადანაშაულებს. განცადებაზე დეტალურად სანამ ვისაუბრებდეთ, კვლავ გვინდა ჩვენს კომპანიას დავუბრუნდეთ. ყველა, ვინც ვინდფორსში მუშაობს, ხელმძღვანელობს დაუწერელი კანონით – ნებისმიერი ჩვენი წამოწყება, პროექტი არის გამორჩეული და ახალი. მარტივად რომ ვთქვათ: თუ იდეის განხორციელებული ანალოგი უკვე არსებობს, ეს იდეა საერთოდ არ განიხილება.
რთულია, ბატონი ციკოლიას არაპროფესიონალურ განცადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. “ცნობილი დიზაინერისგან” განსხვავებით, ბრენდინგი ჩვენი ჰობი არ არის, ის ჩვენი საქმეა. ამიტომაც შევეცდებით ამ ვრცელ თემაზე მაქსიმალურად ლაკონურად და გასაგებად მოგახსენოთ:
საშუალო დონის დიზაინერსაც კი მინიმუმ გაგებული უნდა ჰქონდეს რას ნიშნავს სიტყვა ბრენდინგი. განვმარტავთ: ბრენდინგი მომდინარეობს ბრენდის სტრატეგიიდან, რომელიც შემდეგ გამოიხატება სახელწოდებაში, დაპირებაში და ამის შემდეგ უკვე ვერბალურ და ვიზუალურ ფორმებში. “გაზეთის შეფუთვა” ჩვენ შემთხვევაში არის შედეგი იმ სტრატეგული ფუნდამენტისა, რომელზეც დგას “დღის პროდუქტების” ბრენდი და არა პირიქით. ის ეფუძნება კონკრეტულ სტრატეგიულ მიმართულებას და ხაზს უსვამს ბრენდის დაპირებას – ყოველთვის ახალი რძის პროდუქტები ყოველდღიური მოხმარებისთვის. შესაბამისად, სახელიც და შეფუთვაც (რომელიც ბრენდინგის განუყოფელი კომპონენტია) ამ სტრატეგიულ ხაზს ამყარებს.
დიზაინის შექმნისას, ჩვენ შემთხვევაში, კონცეფცია შეფუთვაზე გაზეთის ვიზუალის გამოყენება იყო, რაც არჩეულ სტრატეგიას კარგად ეხმიანებოდა. არსებობს ამ მეთოდის გამოყენების არაერთი მაგალითი – წარმატებული და წარუმატებელი, განხორციელებული და განუხორციელებელი, 2009 წლამდე და 2009 წლის შემდეგაც.
როდესაც “ცნობილი დიზაინერი” აცხადებს, რომ თურმე ჩვენ რაღაც კონცეფციას “თავგამოდებით ვიჩემებთ” და ის სინამდვილეში მისია(!), ამ “დიზაინერს” ვთხოვთ ინტერნეტ საძიებო სისტემებში ჩაწეროს “newspaper packaging” და შეიძლება გაოცდეს, თუ რამდენი ადამიანი, ბრენდი და კომპანია იჩემებს მსოფლიოში “მის კონცეფციას”.
დიზაინში გადამწყვეტი კონცეფციის რეალური განხორციელებაა, ე.წ. კონტენტი – ჩვენს შეფუთვაში თითოეულ სტატიას, დეტალს დიდი ყურადღება დაეთმო და ის ბატონი ციკოლიას მიერ წარმოდგენილი შეფუთვის სიმულაციისგან რადიკალურად განსხვავდება.
მის მიერ შექმნილი დიზაინის სიმულაცია (ე.წ. „მოქაფი“), დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ინტერნეტში არ იძებნება – ბრალდება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. როგორც აღვნიშნეთ, გაზეთის ვიზუალის შეფუთვაზე დატანა 2009 წლამდეც უცდიათ და შესაბამისად, ამავე პრინციპით შეგვიძლია პლაგიატში თავადაც დავადანაშაულოთ. დამწყებმა დიზაინერმა შესაძლოა დაუშვას მსგავსი შეცდომა, მაგრამ “ცნობილი დიზაინერი” კარგად უნდა ხვდებოდეს განსხვავებას საწყის კონცეფციასა და განხორციელებულ დიზაინს შორის.
იმ შემთხვევაშიც კი, რომ გვცოდნოდა ამგვარი შეფუთვის პროექტის არსებობის შესახებ, ვერ ვხედავთ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა განხორციელებულიყო “დღის პროდუქტების” ბრენდინგი იმ ფორმით, როგორც ის საბოლოოდ წარსდგა მომხმარებლების წინაშე, რადგან არ არსებობს არცერთი სამართლებრივი ბარიერი (პატენტი, საავტორო უფლება, იურიდიული ვალდებულება, ხელშეკრულება და ა.შ.), რომელიც ამ მხრივ რამე ფორმით შეგვაფერხებდა.
და ბოლოს, მთავარი მიზეზი, რამაც გადაგვაწყვეტინა პასუხის გაცემა, განცხადების ის ნაწილია, სადაც ციკოლია ამბობს, რომ ვინდფორსი ხშირადაა „შემჩნეული“ პლაგიატში. ამ სამარცხვინო ბრალდებით, რომლის მთავარი ფუნქცია სავარაუდოდ საკუთარი პიროვნების მიმართ ყურადღების მიპყრობაა, ციკოლია შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და მუშაობენ, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაღელვებს. ამიტომაც, რადგან მისმა შეფასებამ Facebook გვერდიდან ინტერნეტ გამოცემის გვერდზე გადმოინაცვლა, მისი ბრალდებები კი გასაჯაროვდა, ჩვენი მოთხოვნაც შესაბამისია – რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩვენი კომპანიის და მისი თანამშრომლების წინაშე.”
მარკეტერი დაუკავშირდა ზვიად ციკოლიას. დიზაინერმა, ამ ეტაპზე, განმარტების გაკეთებისაგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, გუშინ, ზვიად ციკოლიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ვინდფორსს მისი კონცეფციის გამოყენებაში სდებდა ბრალს.