in

ქართული კომპანიების გზამკვლევი უკრაინაში! – WINDFOR’S დაგროვილ გამოცდილებას გვიზიარებს

შემოქმედებით ინდუსტრიაში WINDFOR’S-ის პროფესიონალურ ხელწერას დიდი ხანია იცნობენ. 17-წლიანი ისტორიის მანძილზე, კრეატიულ სააგენტოს არაერთ საამაყო პროექტზე უმუშავია და ქართული დროშა ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალებზე აუფრიალებია. მის სახელს უამრავი გლობალური ჯილდო უკავშირდება, მათ შორის: კანის ლომების, ევრობესთის, Epica Awards-ის, Golden Hammer-ის, KIAF-ისა და სხვა ფესტივალებიდან. სწორედ WINDFOR’S-ის ინიციატივით ტარდება შავი ზღვის ყოველწლიური საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea ბათუმში და აერთიანებს ასობით მონაწილეს, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან გამოცდილების გასაზიარებლად და საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად. უკრაინის ბაზარზე ქართული დროშა WINDFOR’S-მა 2020 წლის დასაწყისში აღმართა. სულ მალე, მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა და სააგენტომაც გეგმები „ახალი რეალობის“ მიხედვით შეცვალა, გუნდი შეკრიბა და შესაძლებლობების შესაქმნელად ახალი გეზი აიღო – სერვისი არამხოლოდ უკრაინულ ბაზარს მოარგო, არამედ ქართული კომპანიებისთვისაც იქცა გზამკვლევად, დსთ-ის ქვეყნებში. უკრაინის ბაზარზე სააგენტო გამოცდილებაზე WINDFOR’S-ის გუნდის წევრებს ვესაუბრეთ.

M: როგორ შეაფასებთ WINDFOR’S-ის გზას უკრაინის ბაზარზე – რა სირთულეები და წარმატებები უკავშირდება პერიოდს 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე?

ვატო ქავთარაძე

ვატო ქავთარაძე, Windfor’s Kyiv-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი: უკვე დაახლოებით 1,5 წელია, რაც უკრაინაში ვოპერირებთ და ამ პერიოდში უამრავი რამის გავლა მოვასწარით – აღფრთოვანების, იმედგაცრუების, წარმატების, პრობლემების – თან, წარმოიდგინეთ, ყველაფერი იმ გლობალური ფორს-მაჟორის ფონზე, რომელშიც მსოფლიო ამჟამად იმყოფება. ახალი კულტურა, სოციუმი, თავის სპეციფიკური ლოგიკით და ქცევითი მოდელებით, უამრავი დეტალი, რომლისაგანაც იქმნება ჩვენი იქაური ყოველდღიურობა – სრულიად ახალ თავგადასავალში აღმოვჩნდით, რომლის ნავიგაციაც იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მანამდე წარმოვიდგენდით. გადაწყვეტილებას, წავსულიყავით ახალი ბაზრების ასათვისებლად, წინ საქართველოში მოღვაწეობის 17-წლიანი გამოცდილება უძღოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მივაღწიეთ დიდ წარმატებას, მივიღეთ უზარმაზარი გამოცდილება და პრინციპში, შეიძლება ითქვას, უფრო დიდი გამოწვევებისთვისაც მოვმწიფდით.

მიღებულმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ Windfor’s Kyiv თავის კომპეტენციით და კულტურული სპეციფიკით, შესაძლოა კარგი პარტნიორი და დასაყრდენი გახდეს ქართული ბრენდებისთვის, რომლებიც ჩვენსავით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცდილობენ გასვლას. ეს, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ტერიტორიებს ეხება. ასეთი თანამშრომლობის მაგალითები უკვე არაერთი დაგვიგროვდა, მათ შორის “ევროპაბეთთან”, რომელიც ბელარუსის საკმაოდ რთულ და სპეციფიურ რეალობაში შედის და “თიბისი” ბანკთან, რომელიც უზბეკეთში ფუძნდება და მის ინტენსიურ ათვისებას იწყებს.

M: როგორია სააგენტოს ხედვა, უკრაინის ბაზართან მიმართებაში?

WINDFOR’S-ის მთავარი ინტერესი და ფოკუსირების ზონა, რა თქმა უნდა, მაინც უკრაინის ბაზარია, რომელიც თავის მასშტაბით და, ასე ვთქვათ, გაცნობიერების ხარისხით, ყველაზე მეტად არის მომწიფებული ქართული ბრენდების მისაღებად.

ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობად სწორედ ეს ფაქტორი მიგვაჩნია – გავხდეთ ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლი ქართულ ბრენდებსა და უკრაინელ მომხმარებლებს შორის.

ნებისმიერი ბიზნესი ისწრაფვის განვითარებისკენ და ბუნებრივია, ჩვენც. ჩვენი ინდუსტრია ჩვენივე ქვეყნის რეალობას ასახავს და სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მისი პერსპექტივა საკმაოდ შეზღუდულია. ამ ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი შესაძლებლობების ძიება, რაც საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაგეხმარება. კიევში ოფისის გახსნა ამ ხედვის ნაწილია. ჩვენი გამოცდილების, გეგმების და ამბიციების, ისევე როგორც გარკვეული ხელისშემწყობი გარემოებების თანხვედრა, მოცემულ მომენტში, ამ მიმართულებით მოხდა და ჩვენ უკვე შემდეგ ნაბიჯებზეც ვფიქრობთ.

M: როგორ ეხმარებით ქართულ ბრენდებს დსთ-ის ბაზარზე დამკვიდრებაში?

თამარ ცინცაძე

თამარ ცინცაძე, Windfor’s Kyiv-ის კლიენტების მომსახურების დირექტორი: ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, ქართველი დამკვეთებთან ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორობა. ჩვენი გუნდის ქართულ ნაწილს კარგად ესმის ქართული ბრენდების სპეციფიკა, ხოლო უკრაინული ნაწილი იცნობს ადგილობრივ რეალობას, ინსაითებსა და აუდიტორიას. საჭიროებიდან გამომდინარე, პროექტების მიმდინარეობისას, სააგენტოს თბილისის ოფისი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით გვიმაგრებს ზურგს. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი კლიენტებისთვის საიმედი, ეფექტიანი და მნიშვნელოვანი პარტნიორობის გაწევას.

M: როგორია უკრაინელების ინტერესი ქართული ბრენდების პროდუქტების მიმართ?

უკრაინაში ბევრი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, და ზოგადად, საქართველო, როგორც ბრენდი, ძალიან პოპულარულია. როგორც აქაურები გვეუბნებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წლების წინ, კოპიტნარის აეროპორტში იაფი ფრენები დაინიშნა. ყოველი მეორე უკრაინელი ან ნამყოფია საქართველოში, ან ოცნებობს მის მონახულებაზე. შესაბამისად, ინტერესი ქართული პროდუქტის მიმართაც მაღალია. თუმცა კომუნიკაციის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის და მესიჯების შერჩევა, რადგან საქართველო-უკრაინის მეგობრობის და ამ უპირობო სიყვარულის მიუხედავად, საკმაოდ განსხვავებულები ვართ, გემოვნების, ღირებულებების და რიგ შემთხვევებში, სამომხმარებლო ქცევის კუთხითაც.

იმ ქართული ბრენდების გარდა, რაც ვატომ უკვე ახსენა, ვიმუშავეთ ბიზნეს-ცენტრების ქსელის ბრენდინგზე, რომელსაც ქართველი დამფუძნებლები ჰყავს. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივიდა.

ამჟამად, “თელიანი ველის” კომუნიკაციაზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრენდის სათქმელი ისეთი ფორმით გადმოვცეთ, რომ ის გასაგები, მისაღები და საინტერესო გახდეს უკრაინელებისთვის, რაც საკმაოდ რთულია, რადგან ქართულ ღვინოსთან მიმართებაში აქ ბევრი არც თუ ისე პოზიტიური სტერეოტიპი არსებობს. ორმაგი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საქმეს და იმედი გვაქვს, კარგი შედეგი გვექნება.

M: როგორია გუნდის უკრაინული ნაწილის ჩართულობა ქართულ პროექტებში?

აქ თბილისური სული ჩამოვიტანეთ. ჩვენი ოფისის ინტერიერი სოლოლაკის ლამაზ, მაღალჭერიან სახლს ჰგავს. ჩვენი უკრაინელი თანამშრომლები უკვე ფლობენ მნიშვნელოვან ქართულ სიტყვებს და იმასაც “ჩივიან”, რომ უკვე ჩვენსავით აქცენტით დაიწყეს საუბარი.) უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ღვინის ბრენდთან მუშაობა მათ განსაკუთრებით მოსწონთ, რადგან მუშაობის პროცესს ხშირ შემთხვევაში დეგუსტაციასაც ახლავს თან.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ზოგადად “საქართველო” ჩვენი კიევური ოფისის ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ოფისის გვერდით “პატარა ქართული კაფე” გვაქვს, მისტიური დამთხვევით, სახელად “99 ლარი”.

M: საინტერესოა, გუნდის უკრაინელი წევრისგან მოვისმინოთ, როგორ აღიქვამენ საქართველოს და განსაკუთრებით, ქართულ ბრენდებს თქვენს ქვეყანაში?

ლენა ბალოვა, Windfor’s Kyiv-ის სტრატეგი: აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის მიუხედავად, ქართული ბრენდები სხვადასხვა კატეგორიაში განსხვავებულად აღიქმებიან.

ლენა ბალოვა

რომელი ბაზრისთვისაც არ უნდა ვმუშაობდეთ, იქნება ეს უკრაინა, ბელარუსი თუ უზბეკეთი, ჩვენი დაკვირვებით, ბრენდების აღქმა ორი მიმართულებით იშლება: ერთი მხრივ, ესაა საბჭოთა მემკვიდრეობიდან დარჩენილი იმიჯი, მეორე მხრივ – თანამედროვე საქართველო, ყველაზე მოდური და გემოვნებიანი რეგიონში.

ყოველ ახალ პროექტზე მუშაობისას, ამ ვექტორებს შორის ვეძებთ ბალანსს. მაგალითად, ქართული ღვინის შემთხვევაში, ბრენდების კომუნიკაცია უკრაინაში, ყველაზე მარტივად, მისი არქაული და სტერეოტიპული იმიჯით ხდება, რადგან მომხმარებელი მეტწილად, ჯერ კიდევ, ასეთ მიდგომასაა მიჩვეული. აი, „ბორჯომის“ შემთხვევა სხვანაირია – მას დიდი ხანია, უბრალოდ, ნაბახუსევის საწინააღმდეგო მარტივ საშუალებად აღიქვამენ. სულ სხვაა მოდის, მუსიკის თუ დიზაინის სფეროს სიტუაცია, სადაც „ქართული“ ნიშნავს ხარისხს. ხოლო, თბილისი უკრაინელებისთვის ბერლინივითაა, უკეთესი კლიმატური პირობებით.

პირადად, ჩემთვის, თბილისიდან მუშაობისას ყველა ღირებული ისაა, რომ სწორება გლობალურ ბაზარსა და დასავლური სააგენტოს სტანდარტებზე ხდება, მაშინ, როცა უკრაინა, რომელიც ევროპასთან უფრო ახლოსაა ტერიტორიულად, უფრო მეტად შიდა გამოცდილებასა და კონტექსტს ეყრდნობა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

500 Startups-მა სახელი შეიცვალა!

Glovo აფრიკის ბაზარს ითვისებს