in

ახალი თაობა Windfor’s-ის სათავეში! – სააგენტოს გუნდში ცვლილებებია!

2023 სულ ახლახან დაიწყო და წელს სააგენტო Windfor’s-ის გუნდი განახლებული შემადგენლობით ხვდება. აღსანიშნავია, რომ წელს, Windfor’s-ს 20 წელი უსრულდება. შემოქმედებითი გუნდი ყოველ წელს განახლებებით ხვდება. ამჯერად, გუნდში პოზიციური ცვლილებებია. Windfor’s-ის გამოცდილმა წევრებმა ახალი როლები შეითავსეს და სააგენტოს წამყვან ძალას წარმოადგენენ. Windfor’s-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა მეფარიშვილი გახდა. ნინო გორდელაძე კრეატივის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. მარი სუხიშვილი აღმასრულებელი კრეატივ დირექტორის პოზიციას დაიკავებს. თეონა შელია – დიზაინის დეპარტამეტის ჯგუფს ჩაიბარებს. შეიძლება ითქვას, რომ Windfor’s-ისთვის ეს არის თაობის ცვლა მენეჯმენტში, რაც სააგენტოსთვის, როგორც მუდმივად განვითარებადი ცოცხალი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. თავად ვატო ქავთარაძე და ბიბი ასათიანი, რომლებიც ამ დრომდე სააგენტოს ხელმძღვანელობდნენ, კვლავაც რჩებიან გუნდში და Windfor’s-ის ეკოსისტემის განვითარებაზე იმუშავებენ.

Windfor’s-ის დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე ამ განახლებას სააგენტოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს:

ვატო ქავთარაძე

„დავინახეთ, რომ ადამიანებს, ვინც ამ კომპანიაში გაიზარდნენ, ვინც პრაქტიკულად წარმოადგენს ამ კომპანიას, არათუ შეუძლიათ, არამედ, შესაძლოა, ჩვენზე უკეთაც გამოსდით სააგენტოს ყოველდღიური პროცესების ორგანიზება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ ისინი აღმოჩენილიყვნენ ვინდფორსის მართვის სადავეებთან. ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში ჩვენ მივუძღოდით, ახლა აქეთ მიგვიძღვიან წინ, ახალი სიმაღლეებისკენ. და გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ამბავი, პირადად ჩემთვის, შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულის მომტანიც იყოს, რაც კი პროფესიულ საქმიანობაში განმიცდია.

ის შეგრძნება, თუ რა ხარისხით აკეთებენ ეს ადამიანები თავის საქმეს – იმ პროფესიული სტანდარტების თუ კულტურული კოდების ფარგლებში, რომლებსაც ერთად ვქმნიდით ამდენი წლის მანძილზე – შეუფასებელია.

მე და ბიბი არათუ არ ჩამოვშორდით საქმიანობას, არამედ პირიქით, უფორ გავაფართოვეთ ჩვენი მოქმედების დიაპაზონი. გარდა იმისა, რომ მე ვრჩები Windfor’s-ის Creative Chairman-ის პოზიციაზე, ბიბისთან ერთად უფრო აქტიურად და მიძღვნილად ვიმუშავებთ Windfor’s-ის ეკოსისტემის განვითარებაზე, რაშიც ამ წუთისთვის შედის ფესტივალი Ad BlackSea და Windfor’s-ის ახალი საგანმანათლებლო მიმართულება – Windfor’s Workshops.
იგეგმება ახალი ინიციატივებიც, რომლებზეც ჯერ ესე სახალხოდ ვერ ვისაუბრებ.“

ბექა მეფარიშვილი, ახლა უკვე, Windfor’s-ის CEO-ს სტატუსით, იმ ახალ ეტაპს აფასებს, რასაც სააგენტოსთვის გუნდური ცვლილება მოიტანს:

ბექა მეფარიშვილი

„გუნდური ცვლილებების გარდა, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს თითქმის 6-თვიან – მრავალეტაპიან პროცესზე, რომელიც არამხოლოდ როლების გადანაწილებას, არამედ სააგენტოს საფუძვლიან რესტრუქტურიზაციასა და ერთგვარ გადატვირთვას გულისხმობს.

შემოქმედებითი თავისუფლება და სააგენტოს, როგორც ბიზნესის განვითარება, არათუ ხელს უნდა უშლიდეს – პირიქით, უნდა ეხმარებოდეს ერთმანეთს. ეს კი პირველ რიგში კომპანიის კრეატულად მართვას საჭიროებს. გვინდა, რომ Windfor’s-ი გავხადოთ ადგილი, სადაც ადამიანები სამსახურისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ, თუმცა მუშაობა ხდება კონკრეტული სტანდარტებით და არა პროფესიული გადაწვის ხარჯზე.“

კრეატივ დირექტორი ნინო გორდელაძე სააგენტოსთვის ახლებურ შემოქმედებით ხედვაზე საუბრობს:

ნინო გორდელაძე

„ბოლო ორი წელი მთლიანად ინდუსტრიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. გარკვეული ცვლილებები, რომლებისთვის პანდემიამდე ისედაც ვემზადებოდით, კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით მოხდა. ჩვენი მხრიდანაც საჭირო გახდა ამ პირობებზე ადაპტირება. თუ აქამდე ციფრულ გაშლებზე კამპანიის დადასტურების შემდეგ ცალკე დეპარტამენტი მუშაობდა, ახლა შიდა გუნდები ისეა აწყობილი, რომ ციფრული ნაწილი კამპანიის იდეაში თავიდანვეა გათვალისწინებული. ეს კი ორმაგად ეფექტურია: გარდა იმისა, რომ საბოლოო ნამუშევარი უფრო ორგანული და მრავალფეროვანი გამოდის, ბრიფზე ფიქრისას გვიწევს ახალი საინტერესო ფორმატები და მედიუმები ვეძებოთ. ამასთან ერთად, გუნდის ყველა წევრისგან საკუთარი როლის როგორც კლასიკურ, ასევე ციფრულ ასპექტებში კომპეტენტურობა მოითხოვება.“

ვატო ქავთარაძის თქმით, სააგენტოს დიდი გეგმები აქვს საერთაშორისო მიმართულებითაც:

„გარდა ამისა, აქტიურად ვავითარებთ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გეგმებს. მას შემდეგ, რაც გასაგები მიზეზების გამო, უკრაინაში გახსნილი ჩვენი ფილიალის მუშაობა (დროებით) შეფერხდა, Windfor’s-ის საერთაშორისო ბაზარზე გაყვანის და იქ დამკვიდრების გეგმაზე ხელი არ აგვიღია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე, ისევე როგორც გარკვეული პროექტის ფარგლებში – რამდენიმე აფრიკული ქვეყნის ბაზარზე. ასე რომ, ხმები ჩვენი პენსიაზე გასვლის შესახებ გადაჭარბებულია და ალბათ უფრო ხუმრობის ხასიათს ატარებდა. სინამდვილეში აქაც პირიქითაა – ჩვენი, როგორც დატვირთვების, ისე გეოგრაფიული თუ შინაარსობრივი მოცვის არეალი საგრძნობლად გაიზარდა.

იმედი მაქვს ეს, კომპანიის შიგნით მიმდინარე ტრანსფორმაციასთან ერთად, სასურველ შედეგებს მოიტანს და ყველას ერთად – ვგულსხმობ მთელ ინდუსტრიას – თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს.“

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როცა იმ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც არ გვიყვარს…

Elago-ს ჭკვიანი საათების დამტენი მაკინტოშის შთაგონებით შეიქმნა