in

Window Project-ში ჯგუფური გამოფენა “LOW LOWS TO HIGH HIGHS” იხსნება

25 აგვისტოს, 19:00-ზე, გალერეაში Window Project ჯგუფური გამოფენა “LOW LOWS TO HIGH HIGHS” იხსნება. კურატორი – დომენიკო დე კირიკო. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ანანო ჯანაშიას, ანდრო სემეიკოს, ალექსეი დუბინსკის, გიორგი გელაძის, ლევან ჭელიძის, რუსუდან ხიზანიშვილის, ტატო ახალკაციშვილის და ვატო ბაქრაძის ნამუშევრები.

 „ის, რაც ქვემოთაა, ზემოთ მყოფის ტოლია. და ის, რაც ზემოთაა, ქვემოთ მყოფს უდრის. ორივე კი ერთი სასწაულის მოხდენას ემსახურება“ – ჰერმეს ტრისმეგისტის, კლასიკური ხანის წინა პერიოდის სიბრძნის ოსტატად აღიარებული ლეგენდარული პიროვნების ეს სიტყვები ე.წ. ჰერმეტული ფილოსოფიის საფუძველს წარმოადგენს. ისინი გვამცნობს, რომ სამყაროს ნებისმიერ წერტილში, მაღლა, დაბლა, „სამოთხესა და დედამიწაზე“, მაკრო და მიკროკოსმოსში, გამოხატვის ნებისმიერ დონეზე ერთი და იგივე კანონები მოქმედებს. ეს ფრაზა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი კვლევა და დაკვირვება იმ სფეროებამდე დავავიწროვოთ, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, შემდეგ კი მიღებული გამოცდილება ანალოგის პრინციპით განუხორციელებელ სფეროებზეც განვაზოგადოთ. მყისეული და მოტივაციის მომნიჭებელი ანალოგური აზროვნების ეს პრინციპი ადამიანს მიერ მთელი სამყაროს თანაგრძნობის საშუალებით შესწავლას განაპირობებს“.

ამგვარად, ჰერმეტიზმის დოქტრინა იმ დროის მეცნიერებაში მიმდინარე ჩუმ რევოლუციას განსაზღვრავს და ადამიანს ემპირიული მიდგომის გამოყენებისკენ უბიძგებს, რომლის შთაგონებაც ჯადოქრობისა და ალქიმიის ტრადიციებიდან მომდინარეობს.

„გამოფენა “Low Lows to High Highs” მეტაფორულად ამ პრინციპს მისდევს და შემდეგ სტრუქტურას ექვემდებარება:

ანანო ჯანაშია თვითგამოხატვის ძირითად საშუალებად ნახატს იყენებს. ის ბუნებრივი და ქიმიური მასალებით ექსპერიმენტს ატარებს და პარალელურად ზეთის საღებავების, პიგმენტებისა და მელნის გამოყენებასაც მიმართავს. მასალებთან და თავად ტილოსთან პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი და მათზე საკუთარი დნმ-ის დატანა მისი მუშაობის პროცესს ხშირად “დაბადების” აქტად აქცევს. ხელოვანის სულიერი და ფიზიკური არსებობა ტილოს გადაეცემა. მისი საბოლოო მიზანი ტილოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გამყოფი ხაზის გადალახვა, ინსტინქტებისა და მგრძნობელობის სრული გამოხატვის სივრცის შექმნაა.

ალექსეი დუბინსკის ყურადღება იმგვარი ყოველდღიური ცხოვრებისკენაა მიპყრობილი, რომელიც პატარა და შეუმჩნეველი დეტალებისგან: ყვავილებისგან, ადამიანებისგან, მანქანებისგან, სახლებისგან და ყველაფერი მარტივი, გულწრფელი, ძალიან ძვირფასი და ახლობელისგან შედგება. მისი ნამუშევრები სუბიექტურ ფილმს მოგვაგონებენ, რომელიც მიზნად ფანტაზიის მოქმედებისა და მისი status quo-ზე გავლენის ეფექტის ანალიზს ისახავს.

ანდრო სემეიკო თავის შემოქმედებაში მრავალშრიანი თხრობის იმგვარი ფერწერული კომპოზიციების საშუალებით შექმნას ცდილობს, რომლებიც თეატრალურ მიზანსცენებს ყვებიან ან ააგებენ. მისი ძირითადი საქმიანობა ხატვაა, პროცესი, რომელიც სხვადასხვა დისციპლინებს მოიცავს და მას ახალი მიდგომებისა და კონცეფციების მუდმივი კვლევის საშუალებას აძლევს. მუშაობისას სემეიკო თავს მისი გარემომცველი კონტექსტის ნაწილად აღიქვამს, სადაც ისტორიული და არქიტექტურული კავშირები ხშირად პროექტების საფუძვლად იქცევა. ის ლიტერატურისა და თეატრისთვის დამახასიათებელ საშემსრულებლო, სატირულ და ზეწარმოსახვით მეთოდებს იყენებს.

გიორგი გელაძის ყურადღების ცენტრში ძირითადად აბსტრაქციებია მოქცეული. მუდმივი ინოვაციებითა და ექსპერიმენტებით გატაცებული ხელოვანი სხვადასხვა მასალის პრაგმატულ და კონცეპტუალურ კონტექსტში ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს. მისი ყველა ნამუშევარი ახალი აღქმების წყალობით მიღებული იმწუთიერი ორიგინალობისა და გააზრების გამოხატულებაა. დეტალებზე დაკვირვება და ბუნების პრინციპების გამოააშკარავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ვინც თავის თავთან ენერგეტიკული კავშირისა და ბუნებასთან დარღვეული ბმულების აღდგენასა და მასთან შერწყმას ესწრაფვის.

ლევან ჭელიძე ადამიანებისა და ცხოველების მრავალფეროვან ეკლექტურ პორტრეტებს, ნატიურმორტებსა და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის რაჭის ლანდშაფტებს ქმნის. იმ ეპოქაში, როცა თითქმის ყველა კამერით აღჭურვილი ელექტრონული აპარატურით სარგებლობს, ჭელიძე ჯერ კიდევ ტრადიციულ მიდგომას იყენებს და ძირითადი დამახასიათებელი თვისებების ოსტატურად გადმოცემის მიზნით დასახატ ობიექტს მის წინ ჯდომას სთხოვს. ჭელიძე ასევე “აღქმებითაც” თამაშობს და მათ “ნამდვილ” ფორმას წარმოსახვით ფონზე გამოსახავს. მის ნახატებში ნაჩვენები საგნები და ადამიანები ჩვეულებრივ ლამაზები, მომხიბვლელები და მედიდურები არიან. შესაძლოა, მისი პორტრეტები დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ხანდახან ეს სწორედ ასეცაა. ჭელიძის ნახატებს განმაიარაღებელი გულწრფელობა ახასიათებთ რაც მათ ემოციურად უფრო თავისუფალსა და ნაკლებად ოფიციალურს ხდის.

რუსუდან ხიზანიშვილი შედარებით უფრო ემოციურ ნახატებს ქმნის, რომლებშიც ფერი მის გონებაში მიმდინარე პროცესებს ერწყმის. ხელოვანი მაყურებელს წარმოსახვითი ცხოველების დახმარებით მრავალშრიან ამბავში ჩართვას სთავაზობს და ამ ცხოველებს კულტურებს, ერებს, ისტორიასა და იდენტობებს შორის არსებული სიმბოლური “შუამავლების” როლს აკისრებს. მისი ნახატები უპირობოდ ანიჭებს უკვდავებას ყოველდღიურობას: ადამიანებსა და მათ სურვილებს, ფანტასტიკურ ცხოველებს, სიკვდილსა და ხელახლა დაბადებას, ნიღბებს, გეომეტრიულ ელემენტებს, ღია ბარათებს, ფოტოებს, აზრებს, კარგ და ცუდ ხასიათზე ყოფნას. ეს და სხვა თემები მისი შემოქმედების უდავო პროტაგონისტებია.

ტატო ახალკაციშვილი პირისპირაა დარჩენილი დამაბნეველ რეალობასთან, გაურკვევლობასთან, ტკივილთან, მარტოობასთან, ნოსტალგიასთან, გენეტიკურად დაგროვილ გამოცდილებებთან, აღმატებულის ძიებასთან, იდუმალი მომავლის იმედთან, ბავშვობის ქვეცნობიერ ემოციებთან, თანაგრძნობის ცვლილებასთან. ეს ადამიანის ცხოვრების ის წარუშლელი კომპონენტებია, რომლებსაც ხელოვანი ვიზუალურ მეტაფორებად აქცევს. მისი ნამუშევრების მუდმივი ელემენტი, ლანდშაფტი, სცენის როლს ასრულებს და ცხოვრების განვითარების ყოველგვარ სცენარსა და საიდუმლოებას აერთიანებს.

ვატო ბაქრაძე ექსპერიმენტებს სხვადასხვა მედიის: ნახატის, ობიექტის, კოლაჟის, ვიდეოსა და ფოტოგრაფიის გამოყენებით ატარებს. ინტუიტიური და არა წინასწარ განსაზღვრული პროცესების წყალობით მისი ნამუშევრები სხვადასხვა მასალით ექსპერიმენტირებაზეა კონცენტრირებული და მისთვის ახლოს მდგომი თემების ძიებას, დაკვირვებას, სხვადასხვა ფორმის მქონე ელემენტების შეგროვებასა და ერთმანეთთან შერწყმას ითვალისწინებს.

“Mamba Forever” – Nike-მ კობი ბრაიანტს ახალი ვიდეორგოლი მიუძღვნა 

ქართული ჯაზის აწმყო და მომავალი შავი ზღვის ფესტივალზე!