in

Window Project-ში როზმარი ტროკელის გამოფენის ნახვას 25 დეკემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით შეძლებთ

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და Window Project წარმოადგენს გამოფენას: „როზმარი ტროკელი. ნახატები, ობიექტები, ვიდეონამუშევრები“. გამოფენა 17 ოქტომბერს გაიხსნა და ის 30 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გალერიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, აუდიტორიას გამოფენის ნახვის შესაძლებლობა 18 იანვრამდე მისცენ. გამოფენის დასათვალიერებლად საჭიროა, 25 დეკემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით წინასწარ შეათანხმოთ ვიზიტი Facebook-ით ან მეილზე: [email protected] გამოფენის დათვალიერება ასევე შეგიძლიათ ონლაინ.

როზმარი ტროკელის (დაბადებული 1952 წ. შვერტეში, გერმანია) გამოფენა უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) პროგრამაში ზიგმარ პოლკეს, გეორგ ბაზელიცის და გერჰარდ რიჰტერის მონოგრაფიულ გამოფენათა რიგის გაგრძელებაა, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი თბილისში.

“როზმარი ტროკელის გამოფენა ვინდოუ ფროჯექთში გერმანიის საზღვარგარეთთან  ურთიერთიბის ინსტიტუტის (ifa) და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა და დიდი მადლობა მინდა, ჩვენი გუნდის სახელით ვუთხრათ მათ. ეს გამოფენა გარდა იმისა, რომ იდეურად არის საინტერესო, ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. საქართველოში ხშირად არ გვაქვს შესაძლებლობა, ამ დონის არტისტების  გამოფენების ნახვის – ახალგაზრდა არტისტებისთვის და არა მარტო მათთვის, კარგი შესაძლებლობაა, ამ შედევრების პირისპირ დგომა. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ეს არის ხარისხის უმაღლესი დონე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იდეა, რომლითაც თითოეული ნამუშეშევრია შექმნილი, შემდეგ ასევე მნიშვნელოვანია მათი პრეზენტაცია, მასალა “art of framing” და თუნდაც ის როგორ არის შეფუთული (art handling). როზმარი ტროკელის გამოფენები შეიძლება ნახოთ ნიუ იორკის MOMA -ში, Mew Museum-ში, პარიზის Centre Pompidou-ში  და მსოფლიოს სხვადასხვა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში. მას წარადგენენ ისეთი გალერეები, როგორიც არის Gladstone gallery , Sprüth Magers . 2020 წელს კი მისი ერთ-ერთი ბოლო გამოფენა არის საქართველოში “Window Project-ში” და გვიხარია, რომ საქარველოც შევიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენების ჩამონათვალთა სიაში, ასეთი გამოფენის   ნახვა მხოლოდ მუზეუმებშია შესაძლებელი. ჩვენ ვაპირებთ, მომავალშიც  გავაგრძელოთ ifa-სთან და საქართველოს გოეთეს იმსტიტუტთან თამამშრომლობა და დიდი სურვილი გვაქვს, ჩამოვიტანოთ მაგალითად გერხარდ რიხტერი, ზიგმუნდ პოლკე. Ifa ეს არის გერმანული ინსტიტუცია, რომელიც ფლობს გერმანელი არტისტების კოლექციებს და გერმანული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, მთელ მსოფლიოში, ძირითადად, მუზეუმებში ანახებს საკუთარ კოლექციებს. როზმარი ტროკელის ეს გამოფენაც ifa-ს კოლექციაა, მათ მოეწონათ სივრცე და სურვილი გამოთქვეს მომავალში თამამშრომლობაზე.. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გავაკეთეთ სივრცის დივერსიფიკაცია და გადავწყვიტეთ, ერთ  სივრცეში წარმოვადგინოთ ქართველ არტისტებთან ერთად საერთაშორისო მეგა ხელოვანები. ჩვენ ორიენტიერებულები ვართ ხარისხზე და ეს ყველაფერი მთლიანობაში კარგია ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის,”თამუნა ღვაბერიძე, Window Project.

როზმარი ტროკელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გერმანელი კონცეპტუალისტი ხელოვანია, რომელსაც დიდი როლი უჭირავს თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში. ტროკელმა თავისი ხელოვნებით, განსხვავებული მედიუმით, ვიდეო ნამუშევრებითა და ინსტალაციებით მკაფიოდ, იუმორისტულად და, ამავდროულად, არა კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებით, გამოხატა მისი პოზიცია გენდერულ თანასწორობაზე, ფემინისტურ საკითხებზე და საზოგადოებაში ფესვგადგმულ  სტერეოტიპებზე.

როზმარი ტროკელის ნამუშევრები მსოფლიოს სამუზეუმო კოლექციებში ინახება. 2010-იანი წლებიდან ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვანად ითვლება, მის ნამუშევრებს მსოფლიოს წამყვანი აუქციონები რამოდენიმე მილიონად ყიდიან.

გალერეა Window Project-თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შედგა ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა როგორიცაა “ifa” (უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი) და გოეთეს ინსტიტუტი. „ifa” – ს პრაკტიკა მოიცავს ისეთ საგამოფენო ისტორიებს, როგორიცაა ზიგმარ პოლკეს, ჯორჯ ბაზელიცი და გერჰარდ რიხტერის გამოფენები. ეს პროექტი უდავოდ დიდი წარმატებაა “Window Project-თვის” და მთელი ქვეყნისათვის. ჩვენი თანამშრომლობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი პროექტით, და ყოველ წელს “ifa”-სთან თანამშრომლობით გალერეა ახალ გამოფენას წარმოადგენს საქართველოში.

გამოფენა მნიშვნელოვანია იმითაც რომ მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტს, სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის და სად ჩატარდა საქართველოში, როგორც წესი, ყველანი მივეჩვიეთ, რომ მსგავს სახელებს მხოლოდ საზღვარგარეთ მუზეუმებში ვნახულობთ. კულტურული ცნობიერების განვითარება ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფუნდამენტია ქვეყნის განვითარებისათვის, დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება სახელმწიფო და სულ უფრო ხშირად ვიხილავთ მსოფლიოს სახელოვნებო სივრცის წამყვანი ხელოვანების გამოფენებს თბილისში,” თამუნა არშბა, Window Project.


თანამედროვე გერმანიის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვანი ქალის შემოქმედება ვერც ხელოვნების რაიმე მიმართულებით, ვერც რაიმე ჟანრობრივი თუ სტილისტური ჩარჩოებით ვერ განისაზღვრება. მისი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, ინსტალაცია, ქანდაკება, ფოტო და ვიდეონამუშევრები შლის საზღვარს პიროვნულს, ლოკალურსა და გლობალურს შორის და დისკურსთა ფართოდ განშტოებულ ქსელს ქმნის, რომელიც გერმანიის სოციალური და პოლიტიკური ისტორიის ასპექტებს ისევე მოიცავს, როგორც დასავლური ფილოსოფიის, თეოლოგიისა და მეცნიერების ამოსავალ დისკურსებს, კულტურულ კოდებს, როლურ მოდელებსა თუ სახელოვნებო სიტემის ნორმატივებს.

მისი ერთ-ერთი ცენტრალური თემატიკა ქალთა ცხოვრებისეული კონტექსტისა და გენდერული განსხვავებების საკითხების კრიტიკული ანალიზია; მისი უფროსი კოლეგების არტისტული პოზიცია, შეფარულად, პროგრამულ ამოსავალ წერტილს ქმნის როზმარი ტროკელის საკუთარი თვალთახედვისთვის. მამაკაცთა გაბატონებული მდგომარეობა სახელოვნებო სივრცეში, რაც 1980-იან წლებშიც კი ჯერ კიდევ აშკარად შეიმჩნეოდა, ხელოვანი ქალის პროტესტს იწვევს. იგი ისევ და ისევ, დაბეჯითებით აყალიბებს საწინააღმდეგო პოზიციას და მამაკაცის შემოქმედებით გენიას ქალურ როლებსა და თემებს უპირისპირებს. მისი ნამუშევრების ცალკეული ციკლები მისთვის დამახასიათებელ, ხაზგასმით ქალურ მიდგომას ასახავს ხელოვნებაში.

ტროკელი არ ერიდება არსებული სახელოვნებო სისტემის ფუნდამენტურ კრიტიკას. უკვე მის ერთ-ერთ ადრეულ შედევრს, გამოფენაზე წარმოდგენილ 1990-იანი წლების „სახატავ მანქანას“, ვირტუოზულად მიჰყავს ad absurdum საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენა ქალთა ხელით შექმნილი ხელოვნების მაამებლური, ხელოსნურ-მექანიკური ბუნების შესახებ. მხატვრული ჟესტის მექანიკური რეპროდუცირებით „სახატავი მანქანა“ შემოქმედებითი გენიის ტოპოსის პაროდიულ განსხეულებად იქცევა.

კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, როზმარი ტროკელის ნამუშევრები დამთვალიერებელს ფანტაზიით ფრთაშესხმულ აზროვნებით კონსტრუქტებად, თვალსაჩინოდ დამაჯერებელ მხატვრულ პროექტებად ევლინება. ამგვარი მიდგომით ხელოვანი ახერხებს, უმძიმეს აზრთა ტვირთის ვიზუალიზაციასაც კი იუმორითა და ირონიით მოეკიდოს, თავი აარიდოს დოგმატურ დაპირისპირებას და, მით უმეტეს, პოლემიკას. ყველაზე უფრო მკაფიოდ ეს სტრატეგია, ალბათ, მის მიერ 1991 წლიდან გამოყენებულ, მინიმალისტური ქანდაკებების მსგავსად კედელზე ჩამოკიდებულ სამზარეულოს ელექტროქურების ხუფებსა და, მოგვიანებით, როზმარი ტროკელის სავაჭრო ნიშნად ქცეულ ნაქსოვ სურათებში შეიძლება ამოვიკითხოთ. ქალთა ყოველდღიური ყოფიდან ნასესხებ რეკვიზიტებს ხელოვანი მათი თანდაყოლილი ფუნქციისგან განძარცვავს და, ამგვარად, ბანალურ-დიასახლისური/ხელსაქმის კონტექსტის მიღმა აყენებს.

ხელოვანი თავის ნამუშევრებში სწორხაზოვნად არ ვითარდება, იგი გააზრებულად, განზრახ შემოვლითი შემოქმედებითი გზით სიარულს ამჯობინებს, ყოველ ნაპოვნ პასუხს ლამის დეკონსტრუქტივისტული მეთოდით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ან სულაც უარჰყოფს. მოუმზადებელ დამთვალიერებელს მისი შემოქმედება ამის გამო შეიძლება ჰეტეროგენული და, შესაბამისად, ძნელად მისაწვდომიც მოეჩვენოს. მაგრამ სინამდვილეში მის ნამუშევართა ყოველ ციკლს ასოციაციათა ფაქიზი ქსელი ახვევია, ერთხელ ფორმულირებული მოტივები წლების მანძილზე სხვადასხვა მედიუმში მრავალგვარ ვარიაციას განიცდიან და ამით ამჟღავნებენ თავიანთ არსს.

ტროკელის ნამუშევრებში ტრადიციული და ახალი მედია ისევ და ისევ ქმნის დამთვალიერებლისთვის განმაცვიფრებელ კომბინაციებს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ტუშით, ნახშირით, ფანქრით, კოლაჟის ტექნიკის ან კომპიუტერის გამოყენებით შექმნილ გრაფიკულ ნამუშევრებში, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მის შემოქმედებაში: გრაფიკული ნამუშევრები მისი შემოქმედების ყოველ ფაზას თან სდევს, როგორც საცდელი პოლიგონი და მოსაზრებებისა და კონცეფციების მონახაზები; მაგრამ ისინი, ამავე დროს, ნამუშევართა დამოუკიდებელ ჯგუფსაც წარმოადგენს – რაც განსაკუთრებით ბოლო დროს შესრულებული დიდფორმატიანი ნამუშევრებიდანაც კარგად ჩანს. ამიტომ ამ გამოფენაში, ვიდეონამუშევრებთან ერთად, ამ მედიუმს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

როზმარი ტროკელი ცხოვრობს და მუშაობს კიოლნში.

ნახატები

ტროკელის არტისტული კარიერის დასაწყისიდანვე ნახატი მისთვის იდეების ფიქსაციის, ფორმების ვარიაციებით თამაშის, „ამბიციურისა“ და „ტრივიალურის“ კატეგორიათა მორღვევის ინსტრუმენტია. მის ნახატებში თავს იყრის და ურთიერთქმედებს მისი შემოქმედების სხვადასხვა თემატური ასპექტი. ტროკელის ქანდაკებებისა და ვიდეონამუშევართა უმეტესობისგან განსხვავებით, მისი ნახატების კომპოზიცია ზუსტად გათვლილი არაა. ისინი უფრო ხელოვანის ექსპერიმენტით, გამომსახველობით შესაძლებლობათა ფართო სპექტრის კვლევით გატაცებაზე მეტყველებენ. ტროკელის ნახატებისთვის ორი თვისებაა დამახასიათებელი: გამოსახვის ინტიმურობა და ხელოვანის ცნობიერების/შემოქმედებითი პროცესის უშუალობა. მისი ნახატების მთავარი მიმართულების განმსაზღვრელი მნიშვნელობის ურთიერთგადამფარავი შრეებით, ნიშნების ცვალებადობით შექმნილი დაძაბულობაა, რომელიც ხანდახან მის მახვილ, დამცინავ მზერაში გამოსჭვივის. მუდმივად ხდება ატრიბუტების – ხშირად სქესობრივის – შეფარული წანაცვლება, დაკნინება ან გაზვიადება. სწორედ ეს მანიპულაციები იძლევა ათვლის წერტილს ყველა შესაძლო ინტერპრეტაციისთვის.

ცხვირი/პენისი

ტროკელის ნამუშევრებში ერთი მონასმი ქმნის ხატს და შეტყობინებას; სიცარიელე გარდაიქმნება სხეულის განმსაზღვრელ სივრცედ და, შესაბამისად, სხეულითა და მისი მრავალგვარი ფორმებით ერთგვარი თამაშის კატალიზატორად. ეს ხდება არა მარტო იმიტომ, რომ მოკლე მორკალული ხაზი ვიღაცის თავზე გამონაზარდ ხორთუმს მოგვაგონებს, არამედ იმიტომ, რომ ამ ხაზის ყურებისას ჩვენ, დამთვალიერებლები, „ვთანხმდებით“, რომ მასში ცხვირი ამოვიცნოთ. და, ასევე, ვთანხმდებით, რომ ის პენისსაც მოგვაგონებს. ცხვირი/პენისი: ტროკელისთვის ეს თამაშის სახელია. შემდეგ რაუნდში ის აწყვლიებს ლარნაკს/საშვილოსნოს სხვადასხვა ვარიაციებით: საშვილოსნო/თავი, თავი/ლარნაკი, და თემის ვარიაციებს ციკლურად გარდაქმნის. ამგვარი დუალიზმი მისი ნახატების მთელ სერიებს ავსებს.

ფორმები/ნაქსოვი სურათები

ტროკელს ყოველთვის იზიდავდა არამკაფიოდ განსაზღვრული ლაქები, რომლებიც განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ლაქები და ფორმები სრულიად ღია სისტემას ქმნიან, რომლის დაშლა, დამსხვრევა და ხელახლა აშენებაა შესაძლებელი. ეს ფორმები სივრცეში იშლება და დეცენტრალიზაციის პროცესს ექვემდებარება. მათი შემთხვევითობის პროდუქტად აღქმა უშუალოდ ააქტიურებს დამთვალიერებლის წარმოსახვის უნარს და ტროკელი, სხვა მრავალი ხელოვანის მსგავსად, ამ ფაქტს თავისი ნამუშევრებისთვის იყენებს. აქ საქმე გვაქვს ხელოვნების გააზრებასთან, რომლისთვისაც გამოგონება უფრო ფასეულია, ვიდრე იმიტაცია. ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენების შედეგად შემთხვევითი ფორმების ფორმალურმა ინტერპრეტაციამ სისტემატური ხასიათი შეიძინა
ტროკელი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების მსვლელობისას გენერირებულ შემთხვევით გამოსახულებებს ნაქსოვ სურათებად თარგმნის, რომლებიც კომპიუტერულად მართული საქსოვი მანქანებით იქსოვება. შედეგად მიღებული ფორმები დამთვალიერებელს ისე მიეწოდება, თითქოს ისინი თვითონ იყვნენ ტესტები. ამავე დროს, მანქანაზე შალით ნაქსოვი ეს მოტივები უნდა გავიგოთ, როგორც კომენტარი ფერწერის ტრადიციული ჟანრის მიმართ. ტროკელი გამოხატავს პატივისცემას იმ ხელოვანთა მისამართით, რომლებიც, თავად ტროკელის მსგავსად, ეცადნენ, ფერწერის ჟანრი შემოქმედებითობის შესახებ მყარად დამკვიდრებული წარმოდგენების და ღირებულებების ჩარჩოებს გარეთ განევრცოთ. ნამუშევრები ასევე იკვლევენ მიმართებას ორიგინალურსა და იმიტაციას, უნიკალურსა და რეპროდუქციას შორის. და ბოლოს, ქსოვის ტექნიკის გამოყენებით ავტორი მიანიშნებს საშინაო სივრცეზე და ხელსაქმეზე, როგორც ხელოვნების მთლიანად ფემინიზირებულ ჟანრზე. ამგვარად, ტროკელი ასახელებს და მონიშნავს მამრობითის/მდედრობითის, კულტურის/ბუნების, ორიგინალის/რეპროდუქციის, თავისუფალი/გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციულ იდეებს, რომლებიც დამკვიდრებულია ხელოვნების ისტორიაში. დაპირისპირებათა ამგვარი ირონიული მარკირებით იგი ღირებულებითი შეფასებების დეკონსტრუქციას ახდენს და აშკარად წარმოაჩენს წარმოსახვით იდენტობებს, რომლებიც საპირისპიროს გამორიცხვითაა მიღებული.

სერა, დუგლასი, კელი, სტელა

თავის შემოქმედებაში როზმარი ტროკელი ხშირად თამაშობს ეგრეთწოდებული მამრობითი და მდედრობითი სფეროების კატეგორიებით და ძირს უთხრის მათ მინიმალიზმის ენის მეშვეობით, სწორედ იმ ენის, რომელსაც ეგრეთწოდებული „რიჩარდ სერას ტიპის ძალიან ხისტი, სახიფათო მაჩო-მინიმალიზმი“ იყენებს. ტროკელის კრიტიკული დამოკიდებულება მინიმალიზმისა და მინიმალისტების მიმართ თვალნათლივ ჩანს მის მრავალ ნამუშევარში. მეტიც, ტროკელი ზოგიერთ მათგანს პირდაპირ ასახელებს. “KELLEY”, “STELLA”, “DOUGLAS”, “SERRA” – ის ამ ოთხ სახელს ქაღალდზე წერს, თითქოს მათი მარკირება უნდოდეს. ამგვარი ხრიკით ის მასხრად იგდებს მამრობითი დომინაციით გამოწვეულ საფრთხისა და აგრესიის გრძნობას და, ამავე დროს, მიანიშნებს საერთაშორისო ხელოვნების რანგების სისტემაზე, როდესაც ელსვორთ კელის, ფრენკ სტელას, სტენ დუგლასის და რიჩარდ სერას პოზიციაზე მიუთითებს და გავლენიანი არტ-კრიტიკოსების გამოსახულებებს ქმნის. ის გამოწვევას უგზავნის მთელს არტ-სცენას და ხელოვანთა და ხელოვნების შეფასების მექანიზმებს, მაგრამ ასევე ყოველთვის კრიტიკულად განიხილავს თავის საკუთარ პოზიციას, როგორც ქალი ხელოვანი მამაკაცთა მიერ დომინირებულ სახელოვნებო სივრცეში.

ობობების უჩვეულო ქცევა კოსმოსურ სივრცეში

როცა ხელოვნება მიდის ხალხთან – ოლეგ ტიმჩენკოს ბაზრის აქცია-გამოფენა