თუ ახალი კომპიუტერის აწყობას ან Windows 11-ის შეძენას გეგმავთ, ალბათ, უკვე გაგიჩნდათ კითხვა: Windows 11 Home საკმარისია თუ Windows 11 Pro-ის არჩევა ჯობს? მიუხედავად იმისა, რომ Pro-ვერსია უფრო მეტ ფუნქციასა და უსაფრთხოების შესაძლებლობებს გვთავაზობს, მომხმარებლების უმეტესობისთვის Home სრულიად საკმარისი იქნება.
განსხვავებები საკმაოდ მცირეა. Windows 11 Home და Pro ერთნაირ ინტერფეისს, Copilot-ს, ვიჯეტებს, Bluetooth-ის სწრაფ დაკავშირებას, ფანჯრების მართვის Snap Layouts ფუნქციას და Game Bar-ს გვთავაზობს. პრაქტიკულად, ყოველდღიური გამოყენებისას მათ შორის განსხვავებას თითქმის ვერ იგრძნობთ.
მთავარი განსხვავებები
ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ფასსა და ბიზნესზე ორიენტირებულ ფუნქციებშია.
თუ უკვე Windows 10-ს იყენებთ, Windows 11 Home-ზე გადასვლა უფასოდ შეგიძლიათ.
რას გვთავაზობს Windows 11 Pro
Pro-ვერსიის მთავარი უპირატესობები უსაფრთხოებასა და პროფესიონალურ შესაძლებლობებს უკავშირდება.
მათ შორისაა:
BitLocker – დისკის დაშიფვრის სისტემა, რომელიც მონაცემების უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს;
Remote Desktop – კომპიუტერთან დისტანციური დაკავშირების შესაძლებლობა;
Hyper-V – ვირტუალური მანქანების შექმნისა და Linux-ის მსგავსი ოპერაციული სისტემების უსაფრთხოდ გაშვების ფუნქცია;
Windows Sandbox – იზოლირებული Windows გარემო, სადაც უცნობი პროგრამებისა და სკრიპტების უსაფრთხოდ გაშვებაა შესაძლებელი.
ეს ფუნქციები განსაკუთრებით სასარგებლოა დეველოპერებისთვის, სისტემური ადმინისტრატორებისა და კომპანიებისთვის.
ოპერატიული მეხსიერება (RAM)
Windows 11 Pro-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერაა.
Windows 11 Home მაქსიმუმ 128 GB RAM-ს უჭერს მხარს.
Windows 11 Pro კი – 2 ტერაბაიტ RAM-ს.
2-ტერაბაიტიანი ლიმიტი უფრო AI მონაცემთა ცენტრებისთვის, ვირტუალური ინფრასტრუქტურისთვის და რთული 3D რენდერის კომპანიებისთვის არის გათვლილი.
ღირს თუ არა Windows 11 Pro-ზე გადასვლა
თუ კომპიუტერს ძირითადად ინტერნეტისთვის, საოფისე პროგრამებისთვის, თამაშებისთვის, ფილმების საყურებლად ან ფოტო-ვიდეოს მსუბუქი რედაქტირებისთვის იყენებთ, Windows 11 Home სრულად აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას.
აღსანიშნავია, რომ Windows 11 Pro არ მუშაობს უფრო სწრაფად, ვიდრე Home. თამაშებში, პროგრამების გაშვებასა და სისტემის მუშაობაში ორივე ვერსია, პრაქტიკულად, იდენტურ შედეგს აჩვენებს.
ვისთვის არის Windows 11 Pro
Pro-ვერსია მიზანშეწონილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც:
- მუშაობენ კომპანიების IT-ინფრასტრუქტურასთან;
- ხშირად იყენებენ Remote Desktop-ს;
- სჭირდებათ BitLocker-ის უსაფრთხოების დამატებითი შესაძლებლობები;
- მუშაობენ ვირტუალურ მანქანებთან ან Linux-თან;
- ავითარებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და იყენებენ Windows Sandbox-ს.
საბოლოოდ
მომხმარებლების უმრავლესობისთვის Windows 11 Home საუკეთესო არჩევანია. ის მოიცავს ყველა საჭირო ფუნქციას და დამატებით ხარჯსაც აგარიდებთ.
Windows 11 Pro კი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გჭირდებათ მისი პროფესიონალური ინსტრუმენტები, უსაფრთხოების გაფართოებული შესაძლებლობები და ვირტუალიზაციის ფუნქციები. სხვა შემთხვევაში, დამატებითი 60 დოლარის გადახდა, სავარაუდოდ, საჭირო არ იქნება.
წყარო: engadget












