in

Windows – პროდუქტი, რომელმაც ჩვენი პირველი ვირტუალური რეალობა შექმნა

Windows ის სიტყვაა, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მოიპოვა დიდი პოპულარობა, ხოლო დღესდღეობით მას ყველანი ვახსენებთ სხვადასხვა კონტექსტში. ცნობილი ფრაზა – „ვინდოუსი გადამიყენე” ყველამ კარგად ვიცით და მაშინ ვამბობთ ხოლმე, როდესაც ჩვენს კომპიუტერულ მოწყობილობას პროგრამული გადატვირთვა ესაჭიროება.

ზოგჯერ სიტყვა „რევოლუციურს” ისეთ მოვლენებთან მიმართებით ხმარობენ, რომ ცოტა გადაჭარბებული გვეჩვენება, მაგრამ თავის დროზე Windows-მა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ტექნოლოგიებში. მიუხედავად linux-ისა და macbook-ების არსებობისა, ის მაინც უკონკურენტოდ შეიძლება ჩავთვალოთ კომპიუტერის ოპერაციულ სისტემებს შორის. ეს სტატიაც ახლა სწორედ Windows-ზე მორგებულ მოწყობილობაში იწერება და ფინჯანი ყავის თანხლებით საინტერესო ისტორიას მოგიყვებით, თუ როგორ შეიქმნა ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ამხელა ფუნქციას ასრულებს.

Windows-ის პირველი ვერსია Microsoft-მა 1985 წელს გამოუშვა, რითაც საშუალება მისცა საზოგადოებას, შეექმნა ვირტუალური სამუშაო გარემო, გაეხსნა „ფანჯრები”, შეენახა მონაცემები და დაეწერა ტექსტები. ამან გზა გახსნა კომპიტერთან მოქცევის ახალ წესებთან და დაიწყო განვითარება. რა თქმა უნდა, მომდევნო ვერსიები უფრო დახვეწილი იყო. დაემატა ფუნქციები, როგორიცაა: Windows File Manager, Print Manager და სხვა. 90-იან წლებში Windows-მა გააფართოვა საზღვრები და მომხმარებელს შესთავაზა ჩაშენებული ინტერნეტის მხარდაჭერა, მათ შორის მსოფლიო ინტერნეტ ბრაუზერი, Internet Explorer.

ოპერაციული სისტემის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ მას არასოდეს შეუწყვეტია განვითარებაზე ფიქრი. წლების განმავლობაში მომხმარებელმა Windows-ის არაერთი ვერსია იხილა. აქედან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განახლებებით სავსე იყო 2001 წელს გამოსული Windows XP, რომელმაც რამდენიმე პაკეტი ერთი ქუდის ქვეშ გააერთიანა და სისტემა ერთნაირად კომფორტული გახადა რიგითი მომხმარებლისთვის, ბიზნესისთვის თუ იმ ადამიანებისთვის, ვინც მულტიმედია სფეროთი იყო დაკავებული.

განვითარების გზაზე და ექსპერიმენტებში Microsoft-მა, რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომებიც დაუშვა. ერთ-ერთი ასეთი იყო Windows Vista, რომელმაც მომხმარებლის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ის მალე განახლებული ვერსიით, Windows 7-ით ჩანაცვლდა. ამის შემდეგ კი უფრო და უფრო დახვეწილი ვარიანტები შემოგვთავაზა, უფრო მარტივი ინტერფეისითა და დახუნძლული ფუნქციებით.

ბევრი ფიქრობდა, რომ სრულყოფილი Windows 10-ის შემდეგ ახალი ვერსია აღარ გამოვიდოდა, თუმცა Microsoft-მა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწყო სიურპრიზი. 2021 წელს Windows 11 გამოცხადდა, რითაც კიდევ ერთი ქვეთავი იწერება Windows-ის ისტორიაში.

პირველი, რაც განსხვავებულია წინამორბედისგან, არის ვიზუალური რედიზაინი. ამასთან, Windows 11 მოიცავს განახლებულ File Explorer-სა და Microsoft Store აპლიკაციებს.

სანამ Windows-ის ამბის თხრობას დავასრულებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი ცნობილი ლოგოც. როგორც ნებისმიერი ბრენდის შემთხვევაში, ლოგო აქაც დიდ როლს ასრულებს და მთელი თავისი განვითარების მანძილზე, Windows-ის მთავარი გამოსახულებაც რებრენდინგს განიცდიდა. სხვადასხვა წელს ოპერაციული სისტემის ლოგო სახეს იცვლიდა, თუმცა ძირითადი კონცეპტი უცვლელი რჩებოდა. ფერები, რომლებიც ლოგოზეა გამოყენებული Microsoft-ის სხვადასხვა პროდუქტს აღნიშნავდა. წითელი ნიშნავდა Office-ს, მწვანე XBOX-ს, ლურჯი იყო Windows-ისთვის და ყვითელი Bing-ისთვის. თუმცა, დროთა განმავლობაში ბრენდი ერთ ფერზე ჩამოყალიბდა და დღევანდელი ლოგო უშუალოდ Windows-ს გამოხატავს, ცისფრის სხვადასხვა ტონით და მარტივი დიზაინით, რომელიც 4 კვადრატის ბადეს მოგვაგონებს. ის შთაგონებული იყო Microsoft-ის 2012 წლის ლოგოთი, რომელიც ამჟამად იგივე ფორმისაა, მაგრამ Windows-ის ოთხ ტრადიციულ ფერშია მოცემული.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები ცოტა არაპროგნოზირებადი სამყაროა და არავინ იცის, როდის გამოჩნდება უფრო ძლიერი კონკურენტი, იმ ისტორიისა და მიმდინარე მოცემულობის გათვალისწინებით, რაც Windows-ის შესახებ გვაქვს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში უკონკურენტო ოპერაციულ სისტემად ჩაითვლება. მეტიც, არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ მის ალტერნატივებს, მაგრამ არ შეუძლიათ Windows-ის გარდა სხვა სისტემაზე მუშაობა. ალბათ სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ დღეს კომპიუტერის მომხმარებელთა უმეტესი, 80% სწორედ Windows-ის ბოლო ვერსიების მომხმარებელია და სხვა სისტემას არც განიხილავს.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

მკვლევრებმა საცეცებიანი რობოტი შექმნეს — მას მყიფე საგნების ასაღებად გამოიყენებენ

ღვინო Belitso-ს ბერძნული კულტურით შთაგონებული დიზაინი