in

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, 13-15 ივნისს, „ექსპოჯორჯიაში“

13-15 ივნისს, „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, წელს გამოფენაში ყველაზე მეტი ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. ღონისძიებაზე, თითქმის, ყველა სახეობისა და კატეგორიის ღვინო იქნება წარმოდგენილი, საქართველოს რეგიონებიდან.

„WinExpo Georgia 2019 არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, ინოვაციებსა და მრეწველობის განვითარების ტენდენციებს.

სამდღიან ღონისძიებაში 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას, აქედან 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელია.

„WinExpo Georgia საინტერესოა არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რადგან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები“.

გამოფენის ფარგლებში, 11-12 ივნისს ღვინის, მე-11 საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება.

ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენს. რჩეული ღვინოები მიიღებს  უმაღლეს ჯილდოს „ტროფი“. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 13 ივნისს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

„გამოფენაში მონაწილე ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გაიმართება ტატიანა მანის მასტერკლასი „ქართული ღვინო და ბრიტანეთის ბაზარი“. WinExpo Georgia 2019-ის მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო“.

[R]

“სუფთა სახლი” 5 წლისაა!

„გალერია თბილისში“ სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა