ფრანგებს აქვთ გამოთქმა: “Esprit de l’escalier”, „კიბის ეფექტი“, რომელიც აღწერს მომენტს, როცა საუკეთესო პასუხი მოიფიქრე, მაგრამ უკვე გვიანია. კიბეზე ჩამოსვლისას, თავში შესაძლო პასუხების არაერთი მშვენიერი ვარიანტი მოგდის, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ რომ დაგცდენოდა, შესაძლოა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარებულიყო, ან უბრალოდ, სულ მცირე, კმაყოფილების შეგრძნება მაინც დაგეუფლებოდა…
ეს ეფექტი, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია და არაერთხელ გვინატრია, კონკრეტულ სიტუაციაში უკან დაბრუნება, არა?
და რას იტყვით ასეთ შემთხვევაზე, როცა საჭირო დროს, ვერ ვთქვით „მიყვარხარ“?!.
ვერთქმული ან თუნდაც, არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად, ორმა სტუდენტმა გამოსავალი მოძებნა ასე: „საფერავი, პირდაპირი მნიშვნელობით, ავალაპარაკეთ“.
და რას ნიშნავს „ავალაპარაკეთ“? – მათს ღვინოზე დატანილი ეტიკეტი ამბობს ჩვენს სათქმელს: „მიყვარხარ“, “Should Have Kissed You Longer” („შენთვის უფრო ადრე უნდა მეკოცნა“), “Drunk Enough To Say Love You” („საკმარისად მთვრალი ვარ, რომ გითხრა, მიყვარხარ“), “I Like You More Than I Planned” („იმაზე მეტად მომწონხარ, ვიდრე ვიფიქრებდი“) და სხვა…
ეს მათი ღვინის “For Lovers” ხაზიდანაა, თუმცა, რომანტიკული შინაარსის გარდა, სიტუაციის განსამუხტ, არაერთ სახალისო ეტიკეტსაც მოვიძიებთ: “Jesus touched my water”, “wine is the answer! What was the question?” და ა.შ. ასევე, მომხმარებელს თავადვე შეუძლია სასურველი ეტიკეტის მოფიქრება და მისი ბოთლზე დატანა.
სტუდენტები 20 წლის დავით მიგინეიშვილი და ანა ქურდაძე არიან, რომლებმაც პროფესიული – საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებებისგან დამოუკიდებელი ინტერესების აღმოჩენის პროცესში, საკუთარი თავის ძიებამ იქამდე მიიყვანა, რომ აუცილებლად შეექმნათ რაღაც, რაც ადამიანებს დაგვეხმარებოდა, „ვიყოთ ის, ვინც ვართ“.
ინიციატივას კი, Wine Ness დაარქვეს.
ხშირად ადამიანებს გვიჭირს პირდაპირ ვთქვათ სათქმელი, ემოციები გავაზიაროთ, ვუთხრათ ერთმანეთს ის, რასაც და როგორც ვგრძნობთ… ხშირად ყველაფერს ვართულებთ და გვერდზე ყველაზე მნიშვნელოვანი გვრჩება ხოლმე… Wine Ness ღვინოა, რომელიც აბსოლუტურად ყველა სიტუაციას ერგება და თავად წარმართავს – „რა იქნება შემდეგ“, – დავით მიგინეიშვილი.
ხოდა ასე, კახეთიდან, სოფელ ძველი ანაგიდან, ქვევრში შენახული, სუფთა საფერავის მისიაც გადაითარგმნა შემდეგში: ურთიერთობების გამარტივება, ღვინის მნიშვნელობის ყოველდღიურ ცხოვრებაში გაზრდა და ზოგადად, ქართული კულტურის ახალგაზრდებში პოპულარიზაცია.
კითხვაზე, რა გამოარჩევს WINE NESS სხვა ღვინოებისგან? – დავით მიგინეიშვილი გვპასუხობს, რომ ალბათ, მისი საფერავი ყველაზე გულწრფელია, რაც კი ოდესმე შექმნილა, რადგან „თითოეულ საფერავს იმ ადამიანის გულწრფელი ემოცია აქვს – ვინც მას ყიდულობს. ვფიქრობ, აქამდე არ ყოფილა ისეთი საფერავი, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა თამამად და ხმამაღლა, ასე ღიად“.
Wine Ness-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური შეკვეთით – ადგილზე მიტანით, ასევე ბარნოვის 64 ში – ღვინის ბარ „ზილიკოში“.
M: დავით, თქვენს გეგმებს რაც შეეხება, როგორ წარმოგიდგენიათ Wine Ness-ის მომავალი ბიზნესის, კომუნიკაციის, ემოციების კუთხით?
ეს არის დასაწყისი, რომელიც გვინდა, რომ დიდ თავგადასავლად იქცეს. ჩვენი ვენახებიდან დაწყებული – საკუთარი ღვინის ბარის გახსნით დამთავრებული, რომელსაც იგივე სახელწოდება, WINE NESS ექნება, სადაც ადამიანებს უფრო მეტი ემოციის გაზიარების, სიყვარულის გავრცელების შესაძლებლობას მივცემთ.
უფრო ახლო მომავლის გეგმებს რაც შეეხება, სულ მალე, თეთრი ღვინის „ტვიშის“ დამატებას ვაპირებთ.
Wine Ness უკვე არსებობს და რატომაც არა, იქნებ, როგორ დაგვეხმაროს სხვებისთვის სათქმელის უფრო შესაფერისი ფორმით მიწოდებაში.
სტატიას რაც შეეხება, იმედი მაქვს, Esprit de l’escalier-ის ეფექტი ამჯერად მაინც არ იმოქმედებს და უკეთესი შესავლის ვერსია, გაშვების შემდეგ, არ მომაფიქრდება…
ავტორი: თიკა გეგენავა