in

ღვინო, რომელიც ქალაქის სახელს ატარებს — ძველი თბილისის დიზაინის ტრანსფორმაცია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შექმნილი ერთ-ერთი პირველი ბრენდი — ძველი თბილისი — გემოებისა და ხასიათის ავთენტურობით გამოირჩევა, რომელიც ფეხს უწყობს დედაქალაქს, გრძნობს მის პულსაციას და ირეკლავს ტემპერამენტს, უნიკალურსა და იშვიათს.

ძველი თბილისი, ქართული ღვინის წამყვანი ბრენდი, ქართული კულტურის სავიზიტო ბარათია და მუდმივად ახლდება. ამჯერად მის კიდევ ერთ, ვიზუალური სტილის ცვლილებაზე გიამბობთ.

ბრიფის დეტალებსა და მთავარ ამოცანას ბრენდის მარკეტინგის დირექტორი თეა კიკვაძე გვიზიარებს. შემოქმედებით პროცესზე კი თავად პროფესიონალები გვიყვებიან. ლოგოს დიზაინსა და ვიზუალური იდენტობის განახლებაზე დიზაინერმა გია ბოხუამ იმუშავა, რომელიც კონკრეტულ ეტიკეტებში დიზაინერმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, გიორგი პოპიაშვილმა თარგმნა. 

რებრენდინგის პროცესში ბევრი ცვლილება მოხდა და ახალი ელემენტებიც შეიქმნა.

შენარჩუნდა მისი ძირითადი ნაწილი, ლათინური ასო-ბგერა „T“, რომელიც თბილისის სიმბოლოდ არის ქცეული და ბრენდს 23 წლის განმავლობაში აძლევდა სიძლიერეს. მუშაობის შედეგად, ეს ელემენტი დაიხვეწა, ბევრად კითხვადი გახდა და განახლებულ ვიზუალში მთავარ ობიექტს წარმოადგენს. ამრიგად, ბრენდს ახალი ელფერი მიეცა და ზუსტად იმ ასოციაციას მიუახლოვდა, რომელიც მომხმარებელმა მოითხოვა.

„დიდი პასუხისმგებლობაა, შეცვალო ბრენდი, რომელიც შენი დედაქალის სახელს ატარებს. მუშაობის პროცესში კვლევა არა მხოლოდ ქართულ, არამედ პოპულარულ საექსპორტო ბაზრებზეც ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ თანამედროვე მომხმარებელი სხვა თბილისს იცნობს და ეს ურთიერთობა განსხვავებულ ხასიათს ატარებს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ბრენდის პოზიციონირებისა და ვიზუალური იდენტობის შეცვლა, რათა ბრენდი მაქსიმალურად დაგვეახლოებინა ახალგაზრდა მომხმარებელთან“,თეა კიკვაძე, ბრენდის დირექტორი.

ისტორიული ბრენდისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების ვიზუალური ამოცანა ლოგოს დიზაინერმა გია ბოხუამ ამოხსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძველი სიმბოლო იმდროინდელი თბილისის აურას გამოსახავდა, ვიზუალურად გადატვირთული იყო. ამიტომ ბრიფის ამოხსნა ამ ელემენტებისგან გათავისუფლებითა და ვიზუალური სტილის უფრო მსუბუქი, სუფთა ხასიათის შექმნით შევძელით. ბრენდისთვის დამახასიათებელი, ისტორიული თიხის ფერიც, ახალ იდენტობაში უფრო დახვეწილი და სუფთაა“.

გია ბოხუას მიერ შექმნილი გრაფიკული სტილი კონკრეტულ ეტიკეტებში დიზაინერმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა გიორგი პოპიაშვილმა თარგმნა.

„ჩემთვის რელევანტურ პროდუქტზე მუშაობა განსაკუთრებულად სასიამოვნო შემოქმედებითი პროცესია. ძველ თბილისზე, როგორც დიდ, ისტორიულ ბრენდზე მუშაობა დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. ხანგრძლივი და კომპლექსური ინტერაქციით დამკვეთთან, შევძელით, კარგად გაგვერთვა თავი მოცემული ამოცანისთვის და ზუსტად მიგვეგნო იმ ვიზუალური გადაწყვეტისთვის, რომელიც კარგად ასახავს თანამედროვე თბილისის ხასიათს“.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი მიღწეულია. ერთი მხრივ, ბრენდი ვიზუალურად განახლდა, შეინარჩუნა დედაქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეული სიმბოლო, ისტორიული ელემენტები და დაემატა ახალი, თანამედროვე თბილისის ავთენტურობის გამომხატველი სიმბოლიკები, რაც ბრენდს შესამჩნევსა და დასამახსოვრებელს ხდის. ახლა უკვე მომხმარებელზეა დამოკიდებული, რამდენად აღიქვამს და მიიღებს ამ ნამუშევარს.

 


Credits:

Design Case: Design Institute
Production & Post Production: ADHD
Design Blog: Nini Papashvili

[R]

“ხუთშაბათის შეხვედრების” მეექვსე დისკუსია კრიზისების მართვას მიეძღვნება

ფრაზები, რომლებიც გაყიდვების წარმომადგენელმა არ უნდა თქვას