in

ყვარელში $3.5 მილიონიანი „ღვინის სოფელი“ შენდება

ყვარელში, მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში „ქინძმარაული“, „ღვინის სოფელი“ შენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ჯამში, $3.5 მილიონია.

BOG
BOG

სოფელს კომპანია 7S აშენებს. სწორედ მათი და შემდგომ უკვე მესამე პირების საერთო ინვესტიცია შეადგენს  $3.5 მილიონის. კომპლექსში 5 ჰექტარზე 50 კოტეჯი, ერთი სახლის საერთო მიწის ფართი კი 900-დან 1200 კვ/მ-მდე იქნება. თითოეულს კი საკუთარი ვენახი [400-500 კვ/მ] ექნება.

კომპანია 7S-ის თანადამფუძნებელი და „ღვინის სოფლის“ იდეის ავტორი გიორგი ბეგაძე ამბობს, რომ ეს პროექტის მხოლოდ ერთი ეტაპია. ამჟამად შენდება სოფლის მეორე შესახვევი, მისი შუაგული, მომავალში კი აშენდება პირველი და მესამე შესახვევები – იგივენაირი დასახლება.

„პროექტის მთავარი კონცეფციაა, შევქმნათ თანამედროვე არქიტექტურისა და ტრადიციული, ეთნო კომპონენტების ნაზავი. სწორედ ამ ორ რამეს აერთიანებს „ღვინის სოფელი“. ვთვლით, რომ საქართველოში, ღვინის სამშობლოში ასეთი დასახლებები აუცილებლად უნდა არსებობდეს. გვსურს, ჩვენი პროექტი სხვა მუნიციპალიტეტებისა და კომპანიებისთვისაც მისაბაძი გახდეს და მათაც იფიქრონ ასეთი სოფლების მშენებლობაზე. წარმოიდგინეთ, ვინც „ღვინის სოფელში“ იყიდის სახლს, მხოლოდ ქონების მფლობელი კი არ ხდება, ამ ბიზნესში შემოდის, საშუალება იქნება თავად მოიყვანოს ღვინო. დიდი სურვილი გვაქვს, ღვინის წარმოების კულტურას შევუწყოთ ხელი. თანაც, საქართველოში, ღვინის სამშობლოში, ვენახთან და ზოგადად, ამ კულტურასთან დაკავშირებული არც ისე ბევრი ტურისტული პროდუქტია, ისეთი როგორიც მოიზიდავს ტურისტს. „ღვინის სოფლის“ კონცეფციაში ეს მიმართულებაც დევს “, – ამბობს გიორგი ბეგაძე.

მისი თქმით, პროექტის მიხედვით, თითოეული კოტეჯი ქართული კრამიტითაა დახურული, აქვს ენერგოეფექტური თეთრი კედლები და ფანჯრები, ვაზისა და ვენახის ორნამენტებით გაწყობილი რკინის კარი.

პროექტის ამ ეტაპის მშენებლობა, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში დასრულდება. გიორგი ბეგაძე ამბობს, რომ, ამ პერიოდში, აქ უკვე კეთილმოწყობილი დასახლება იქნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს პროექტის ეთნო ელემენტები და თან, თანამედროვე არქიტექტურაც უცვლელად შევინარჩუნოთ – ამიტომ ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ იქნება. უკვე დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები და პირველ ნაწილში წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ზოგიერთ სახლს ექნება მარანი, ზოგს – ღვინის შესანახი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახლის მფლობელი მარტივად შეძლებს უცხოელებზე, airbnb-ზე, booking-ზე განთავსებით გააქირავოს, – ამბობს გიორგი ბეგაძე.

მისივე თქმით, როგორც კი სახლებს მესაკუთრეები ეყოლება, „ღვინის სოფელს“ სპეციალურად შექმნილი მენეჯმენტ კომპანია მოემსახურება.

„ეს სერვისები იქნება: ვენახისა მოვლა, კოტეჯის გაქირავების შემთხვევაში, სტუმრების მიღება – გაცილება, ქონების მოვლა, დასუფთავება, დაცვა და ა.შ. რაც მთავარია, ამ კომპანიაში 20-25 ადგილობრივი დასაქმდება, ანუ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“.

 

როგორია ტიპური ამერიკელი? – Budweiser-ის რეკლამა სუპერთასისთვის

ჯინსის მეორადი ტანსაცმლისგან შექმნილი პეიზაჟები