31
Jan
2020

დამსაქმებლის “სათნო კლანჭებიდან”, ღვინის პერსონალურ შეფუთვამდე – სტარტაპი Winecountry.ge

31 Jan 2020

Startauperi
Startauperi


“სამსახურს თავს დავანებებდი და ჩემს საქმეს დავიწყებდი” – ეს აზრი დროდადრო გაუელვებს ხოლმე ოფისის საქმეებში ჩაფლულ ადამიანს. საკუთარი საქმის წამოწყება კი, მეტ თავისუფლებასთან და მეტ ფინანსურ შესაძლებლობებთან ასოცირდება ხოლმე. თუმცა, თუკი ცოტათი შორს გავყვებით ამ ფიქრებს, შეიძლება აღმოვაჩინოთ – საკუთარი საქმის წამოწყება ბევრად დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ვიდრე წარმოგვედგინა. ხოლო, წარმოსახვითი “თავისუფლება” უფრო მეტად “დისკომფორტის ზონაა”, სადაც ყველაფერზე პასუხისმგებელიც თავად ხარ. ასეთ დროს, ხვდები, რომ სამსახური, რაც უნდა დატვირთული იყო საქმეებით, კომფორტის ზონაა, რომლის დატოვებაც ისეთივე რთულია, როგორც სუსხიან ზამთარში თბილი საბნის. ერთი წლის წინ, კომფორტის ამ ზონას გიორგი სიბაშვილმა ცივ წყალში გადახტომა არჩია და როგორც თავად ამბობს, “დამსაქმებლის სათნო კლანჭებისაგან” გათავისუფლდა. დღეს, ორ სტარტაპს ერთდროულად უძღვება, ამიტომ საკუთარ თავს ორ ფრონტზე მებრძოლ ჯარისკაცს უწოდებს.

“დიახ, მე გახლავართ ორ ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცი. მენეჯერი MBA ხარისხით ბარსელონადან, 10 წლიანი მენეჯერული სტაჟით და მეორე მხრივ, მუსიკალური პროდიუსერი და ოთხი პოპულარული მუსიკალური ჯგუფის თანადამაარსებელი. ერთი წელია, რაც თავს უფლება მივეცი, დამსაქმებლის სათნო კლანჭებისაგან განვთავისუფლებულიყავი. ამჟამად ერთმანეთს ვუთავსებ ამ ორ სტარტაპს, ორ მუსიკალურ პროექტს (ჯგუფი “არა” და ჯგუფი “ერთ-ერთი დირექტორი”) და მარკეტინგის ლექტორობას BTU-ში. რაც შეეხება სტარტაპებს, ვუძღვები Winecountry.ge-სა და #Addmusic-ს, რომელიც, წარმოადგენს კომერციული მუსიკის ლეიბლს. ჩვენს პორტფოლიოში ბრწყინავენ თიბისის, საქართველოს ბანკის, ჯეოსელის, ჩცდ-ს, იკანოს და სხვა არაერთი სარეკლამო რგოლისთვის შექმნილი ორიგინალური ქართული სიმღერები, Ad Black Sea-ს ოქროს, ADCE-სა და London International Awards-ის ვერცხლის მედლები.”

დღეს, სტარტაპ Winecountry-ზე მოგიყვებით. სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ონლაინ რეჟიმში შექმნათ ღვინის პერსონალური შეფუთვა, გიორგი სიბაშვილმა სასარგებლო ბიზნეს იდეად მიიჩნია, დიდი გეგმებიც აქვს და არც მისი შექმნისა და განვითარების დეტალებზე საუბარს დაგვზარდა.

M: ამ ბიზნესის წამოწყება რაიმე კონკრეტულ ამბავს უკავშირდება?

სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ძირითადად სპირტიანი სასმელებით ვიქცევდი თავს მეგობრებთან ერთად. ერთხელაც, მოხდა ისე, რომ ჩემს მეორე სტარტაპს, კომერციული მუსიკის ლეიბლ #Addmusic-ს, ღვინის კომპანია იკანომ, სააგენტო ლივინგსტონმა და გიორგი პოპიაშვილმა, რეკლამისთვის NIRVANA-ს Smells like teen spirit-ის ქართული გალობის სტილში ადაპტირება დაუკვეთა. ჩვენმა გაკეთებულმა ადაპტაციამ სამ საერთაშორისო ფესტივალზე ოქრო და ორი ვერცხლი მოაგროვა. ამის მერე იყო ღვინის ბოთლით სიარული და მუდმივად იმაზე საუბარი, რამდენი თვე სჯობს ღვინის ქვევრში ჭაჭაზე დავარგება და რა გემოვნური ტონები დაკრავს ნაფარეულის მიკროზონაში მოწეულ კახურ მწვანეს. ზემოხსენებული ბიზნეს შესაძლებლობაც მუდმივად თავში მიტრიალებდა და ვცდილობდი როგორმე გამომენახა გზა, რომ ამ ინდუსტრიაში შემეყო ცხვირი, რა თქმა უნდა, სიმბოლური საწყისი კაპიტალის პირობებში. ერთხელაც, როდესაც დაბადების დღეზე მოსული სტუმრების 75%-მა საჩუქრად ერთი ბოთლი ღვინო გადმომცა და საჩუქარს თავისი მოფიქრებული ორიგინალური ზეპირი ტექსტი წაუმძღვარა, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რასაც ვფიქრობდი.

M: რა პრობლემა დაინახეთ ბაზარზე, რის გამოც Winecountry-ის დაარსება გადაწყვიტეთ?

იმის შემდეგ, რაც, CNN-ის სიტყვები რომ გავიმეოროთ, “პუტინმა გაუთვითცნობიერებლად იხსნა ქართული ღვინის ინდუსტრია” რუსეთის ბაზრის დახურვის გზით, ქართველ მეღვინეებს სასწრაფო წესით მოუხდათ ხარისხის მაჩვენებლების თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებთან გათანაბრება. სხვათაშორის, ეს ძალიან კარგად გამოუვიდათ და ახლა ისინი მართლა საოცარ ღვინოს ამზადებენ, განსაკუთრებით მცირე, ბუტიკური მარნები, რომლებიც ბიომეღვინეობას და ნატურალურ მეღვინეობას მისდევენ. ქართველი მომხმარებელი, ჯერჯერობით, ამ ე.წ. ახალი თაობის ქართულ ღვინოს კარგად არ იცნობს, შესაბამისად, მიწოდება ბაზარზე აღემატება მოთხოვნას. სწორედ აქ დავინახე საბაზრო შესაძლებლობა – ვფიქრობ, ბალანსი მალევე აღდგება, ანუ მოთხოვნა საგრძნობლად აიწევს, რაც იწვევს დიდ ინტერეს ამ ბაზრის მიმართ კომერციული თვალსაზრისით.

M: ქართული ბაზარი მეღვინეებსა და ღვინის მაღაზიების სიმწირეს არ განიცდის. ამ მოცემულობის მიუხედავად, რატომ აირჩიეთ ბიზნესის სწორედ ეს ინდუსტრია?

მე ვიტყოდი, რომ სწორედაც სიმწირეს განიცდის. ჩვენ ღვინის ქვეყანა დღესდღეობით არ ვართ, მაგრამ ვიყავით და ვიქნებით. ღვინის ქვეყანაში უნდა მზადდებოდეს ნამდვილი, კარგი ღვინო, ღვინო უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ყველაზე მოხმარებადი და ექსპორტირებადი. ხვდებით ალბათ, რომ დღევანდელი რეალობა ერთი დიდი ქაოსია. რაც მეტი მოთამაშე შევა ბაზარზე, ინოვაციური თუ ტრადიციული მიდგომით და წვლილს შეიტანს ამ ქაოსის ალაგმვაში, მით მალე დავიბრუნებთ, ჩემი გაგებით, ღვინის ქვეყანის სტატუსს.

M: თქვენს პროდუქტსა და სერვისებზე გვიამბეთ…

“უაინ ქანთრი” არის კომპანია, რომლის მიზანია სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ხელი შევუწყოთ საოცარი ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდას. ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა მცირე მარნების მიერ შექმნილ ბუტიკური ხარისხის ღვინოს მომხმარებლის მიერ პერსონალიზირებული ეტიკეტით. პერსონალიზაცია მარტივი ვიზუალური რედაქტორის საშუალებით ხდება ონლაინ, საიტზე Winecountry.ge. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შედიხარ საიტზე, ირჩევ ღვინოს, ქმნი ეტიკეტს (დააწერ რასაც გინდა ან ატვირთავ და დაადებ სურათს) და იღებ შენი შექმნილი ეტიკეტით დამშვენებულ და სასაჩუქრედ შეფუთულ ბოთლს კართან, იმავე დღეს!

 

M: რით ხართ კონკურენტუნარიანი?

როგორც ქართველ მომხმარებელს სჩვევია ხოლმე, გამოჩნდა ჭკვიანი ხალხი, რომელმაც მოიწერა, ვიყიდი ღვინოს მაღაზიაში, ავახევ ეტიკეტს, ვიყიდი წებოიან ქაღალდს, გავაკეთებ ეტიკეტს ფოტოშოფში, დავბეჭდავ ფერად პრინტერზე და მივაკრავ ბოთლზეო. რა თქმა უნდა, კი ბატონო, მიბრძანდით.

ჩვენ ღვინოს ვყიდით იმავე ფასად, რა ფასადაც ამავე მწარმოებლის ზუსტად ეს პროდუქტი ღვინის მაღაზიებში იყიდება. ეტიკეტის პერსონალიზაცია მომხმარებლისთვის უფასოა.

ჩვენთან შეძენილი ღვინო არის ნატურალური და გარანტირებულად ძალიან მაღალი ხარისხის. შეძენამდე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას, იხილოთ ვინ არის მეღვინე, დაათვალიეროთ მწარმოებელი მარნის ფეისბუქ-გვერდი და ა.შ. მისი ჩუქება ღვინის ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლისთვისაც კი თამამად შეგიძლიათ.

ეტიკეტის შაბლონური დიზაინები, სადაც შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა და მისი საჩუქრის ადრესატისთვის მორგება, პროფესიონალი დიზაინერების მიერ არის შექმნილი. ამ დიზაინერების სიას მალე ცნობილი სახელებიც შეემატება. წარმოიდგინეთ, მეგობარს აჩუქებთ ღვინოს, რომლის ეტიკეტიც სპეციალურად მისთვის მაშო მარგიშვილმა ან Zmudart-მა (ლევან ამაშუკელმა) შექმნა.

ღვინის ბოთლს უცვლელად, ადგილზე ექნება უკანა, საინფორმაციო ეტიკეტი, რომ საჩუქრის მიმღებმაც იცოდეს, რა საოცრებასთან აქვს საქმე.

M: სამიზნე სეგმენტზე გვიამბეთ. რომელი ბაზრისთვისაა გათვალისწინებული თქვენი ღვინო და როგორ აპირებთ მოიცვათ სამიზნე სეგმენტი?

ალკოჰოლი, კერძოდ კი ღვინო, დასავლურ ცივილიზაციაში ყველა დროის ყველაზე პოპულარული სადაბადებისდღეო საჩუქარია, დაბადების დღე კი ყველაზე ხშირად აღნიშვნადი დღესასწაული. აქედან გამომდინარე, საცალო ბაზარზე კომპანიის მიზნობრივი სეგმენტი საკმაოდ დიდია.

იგივე შეიძლება ითქვას კორპორატიულ სეგმენტზე. არსებობს ვინმე კორპორატიულ წრეებში, ვისაც დამსაქმებლისგან ან პარტნიორისგან ერთხელ მაინც ღვინო არ მიუღია საჩუქრად? ალბათ არა. აქვე ეს კითხვაც დავსვათ: არსებობს ვინმე, ვისაც მოწონებია ეს ღვინო? თითქმის დადგენილი წესია, რომ ის ყველაზე დაბალი ხარისხის უნდა იყოს, მისი გახსნა და დალევა აზრადაც არავის მოსდის. მოდით ვაღიაროთ, რომ დღეს, როცა ჩვენთან მეღვინეობა თითქმის ხელოვნების დონეზე ადის, მდარე ხარისხის ღვინის საჩუქრად გაგზავნა არც ის სახარბიელო საიმიჯო სვლაა.

ჩვენ გვინდა, კომპანიებს მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენ მათ ვთავაზობთ ინდივიდუალური მოთხოვნისა და ბიუჯეტის შესაბამისი ნატურალური ღვინის მოძიებას ბაზარზე, სასაჩუქრე ეტიკეტისა და შეფუთვის შექმნას. ერთი სიტყვით, ჩვენ თავზე ავიღებთ იმას, რომ ღვინო იყოს ისეთი, როგორიც მათ სახელს და სახეს შეეფერება. გაუმარჯოს!

M: რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს საქმე და რამდენად მოგებიანია როგორც ბიზნესი?

ბიზნესის პირველი მტერი (ფორს-მაჟორის შემდეგ) რეგულაციაა. მეღვინეობას წამოდგომა სწადია და დიდი იმედი მაქვს, რომ გამოკვეთილ კონტურებს უაზრო რეგულაციები ისევ არ გაბლარავს. კონკურენციაც, რა თქმა უნდა, განვითარებასთან ერთად ჩნდება და მძაფრდება, მაგრამ ეს ჯანსაღი პროცესია და თუ გარე ჩარევა არ შეგვიშლის ხელს, ჩვენ თვითონვე მშვენივრად დავლაგდებით.

რადგან ჯერ უაინ ქანთრის მხოლოდ ერთი მიმართლება, ღვინო სასაჩუქრე ეტიკეტით არის გააქტიურებული, ბიზნესი ზუსტად ისეთი მომგებიანია, როგორიც სიმბოლური საწყისი კაპიტალით საფუძველჩაყრილი 2 თვის ასაკის სტარტაპი უნდა იყოს. თუმცა გეგმები, ამბიციები, მადა და განსხვავებული სასმისები დიდი გვაქვს.

M: გაგვაცანით თქვენი ბიზნეს ხედვა, როგორ აპირებთ განვითარებას?

სასაჩუქრე ეტიკეტების მიმართულებას სწრაფადვე დავამატეთ ორი ახალი პროდუქტი:

ღვინო უზარმაზარი სასაჩუქრე ბოთლით (3000ml): მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს ჩვენს საიტზე მოცემული ღვინის სახეობებიდან მებისმიერი ამ ფორმით, პლიუს სასაჩუქრე ეტიკეტით. ეს ისეთი ეფექტური საჩუქარია, რომ ერთი სული მაქვს, როდის მოვა ოქტომბერი, რომ მეც ვიჩუქო ჩემი სურათით დამშვენებული სამლიტრიანი ხაშმის საფერავი.

ღვინის კოლექცია: ერთი კოლექცია, ათი სხვადასხვა ღვინო, ათი სხვადასხვა მცირე მარანი, 25%-ით უფრო იაფად, ვიდრე ღვინის მაღაზიებში. წამოიდგინეთ, იხდით 333 ლარს და იღებთ 10 ბოთლ ძალიან მაგარ ღვინოს, მათ შორის, ხვანჭკარას, ხაშმის საფერავს, ჩხავერს და ა.შ., მხოლოდ საუკეთესო, გამორჩეული ბუტიკური მარნებისგან, არანაირი ქარხანა, დანადგარი, შეწამვლა, გოგირდი, ქიმიური ფილტრაცია და ა.შ.

სულ რამდენიმე დღეში, შევაბიჯებთ HoReCa სექტორში ძალიან ორიგინალური და ინოვაციური გზით – რესტორნებს, კაფეებს, ბარებს საშუალებას მივცემთ, რომ ლამაზი და მარტივი ციფრული მენიუს გამოყენებით, რომელიც პლანშეტის ეკრანზე იქნება მოცემული, სტუმრებს ბუტიკური ხარისხის ბიო და ნატურალური ქართული ღვინის არჩევანი შესთავაზონ. პლანშეტსა და ღვინის შესანახ მაცივარს ჩვენ უფასოდ ვუზრუნველყობთ. ასე რომ, ველით გამოხმაურებას პრემიუმ სექტორზე მომუშავე HoReCa ობიექტებისგან – დაგვიკავშირდით და დავიწყოთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა