in

„სრულიად უცხო ადამიანებს თითქოს შაბლონურად, სულ სიყვარულზე ვესაუბრებოდით“ – „ვაინესი“

„ვიპოვეთ გზა და ვაქციეთ ერთი შეხედვით ტოქსიკური კომუნიკაცია ყველაზე გამაჯანსაღებელ, საკუთარ თავზე ორიენტირებულ და მამოტივირებელ ურთიერთობად“.

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, ყველაზე გულწრფელი საფერავი, რომელიც გვაკავშირებს – Winess-ის თანადამფუძნებელი, დავით მიგინეიშვილი გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:

გულწრფელად მჯერა, რომ შეცდომების დაშვების გარეშე არცერთი საქმის კეთებას აქვს აზრი. შეცდომების დაშვება გულისხმობს, რომ მოძრაობ, ვითარდები და მუდმივად რაღაც ახლის ძიებაში ხარ.

ამ ორწლიან – ყველაზე გულწრფელ ამბავშიც იყო შეცდომები, ახლა რომ ვიხსენებ – ბევრი და სასაცილოც, ისეთიც, მთლიანად რომ შეგვიცვალა ხედვა და გაგვიასმაგა მოტივაცია. აი, ისეთიც, მთლიანად რომ დაგვიკარგა რაღაც ახლის შექმნის, მიღწევის სურვილი. ახლა, როცა რაღაცები ჩავლილია – დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს შეცდომები რომ არა – „ვაინესი“ ის არ იქნებოდა, რაც დღესაა.

პირველი შეცდომა, რომლის გამოსწორებაზეც დღესაც ინტენსიურად ვმუშაობთ, არის ის, რომ ღვინოზე, როგორც პროდუქტზე ძალიან ცოტას და იშვიათად ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელიც, ლოგოც, ფერებიც – არცთუ ისე ცოტა ფოტოც, ღვინოსთან არის დაკავშირებული – ადამიანების არცთუ ისე ცოტა ნაწილს მაინც რჩება კითხვა – „ბოლოს და ბოლოს“ რისი სტარტაპი ხართ? რა გინდათ ჩვენგან???“ ზოგიერთი მოდის და პირდაპირ გვეუბნება, რომ საკუთარ ღვინოს მოიტანს და ჩვენ, უბრალოდ, სტიკერი უნდა დავუკრათ, ამის შემდეგ გვიწევს ინდივიდუალურად ახსნა, რომ სპეციალურად „ვაინესისთვის“ ვქმნით ღვინოს, კახეთში – სოფელ ძველ ანაგაში.

არადა, ჩვენთვის თავიდანვე მთავარი ის იყო, რომ შეგვექმნა საფერავი, რომელიც იქნებოდა საუკეთესო, როგორც ვიზუალურად, ასევე გემოვნური თვისებებით. წავედით კახეთში – ვეძებეთ და ვიპოვეთ. ახლა კიდევ ისე გამოდის, რომ ამ ამბავს რატომღაც ხმამაღლა და ამაყად არ ვამბობთ. ან ვერ. მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი ერთი დიდი პრობლემაცა და შეცდომაც, არ ვსაუბრობთ საკმარისად პროდუქტზე, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ, არ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ყველაზე გულწრფელ საფერავს – ყველაზე დიდი გულწრფელობით.

მეორე შეცდომა, რაც გვახსენდება – დაკავშირებულია იმასთან, რომ სრულიად უცხო ადამიანებს თითქოს შაბლონურად, სულ სიყვარულზე ვესაუბრებოდით. რაღაც მომენტში ეს პათეტიკურადაც კი იქცა. რაღაც, აი ისე, „გამარჯობის“ ნაცვლად – „მიყვარხარს“ რომ მოგაძახებენ.

„ვაინესი“ როცა იქმნებოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშისა და კონკრეტული სპეციფიკის დამკვირდება იყო. მგონია, რომ სწორია, როცა ადამინები კონკრეტული რაღაცებით გცნობენ, კომუნიკაციით, ფერით, რაღაც განსხვავებული სპეციფიკით –  მგონია, რომ ამას მივაღწიეთ, მაგრამ კინაღამ (დიდი გულწრფელობის მიუხედავად) პათეტიკურ კომუნიკაციაში გადავცვივდით, რომელიც სასიამოვნო კი არა, გამაღიზინებელიც კი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციის ფორმა შეგვეცვალა – თემები გაგვეფართოებინა, მოვდებოდით, აბსოლუტურად, ყველაფერს, გვესაუბრა ყველაფერზე – რაც ჩვენ, თავად გვაწუხებდა, მოგვეყოლა ამბები, რომლებსაც ინბოქსში ვისმენდით. გადავწყვიტეთ, რომ პირდაპირ დავმეგობრებულიყავით სრულიად უცხო ადამიანებთან და გვეთქვა, რომ იმ ამბავში, რომელშიც ახლა ცხოვრობენ – მარტო არ არიან და წინ დიდი გზაა. მგონია, რომ ეს ამბავი ყველაზე გულწრფელ ამბად იქცა, ვიპოვეთ გზა და ვაქციეთ ერთი შეხედვით ტოქსიკური კომუნიკაცია ყველაზე გამაჯანსაღებელ, საკუთარ თავზე ორიენტირებულ და მამოტივირებელ ურთიერთობად.

მესამე შეცდომა, რომელიც „ვაინესში“ შეცდომა არ გვგონია, მაგრამ ზუსტად ვიცი – შენ შეცდომად მიიჩნევ, არის ის, რომ „ვაინესს“, როგორც ბიზნესად არ აღვქივამთ – ჩვენთვის ყველანაირ მატერიალურ ღირებულებაზე მაღლა იდეა დგას. ჩვენთვის, ცხადია, ხარისხიან პროდუქტთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ის იდეაა, რაზეც „ვაინესს“ ვაშენებთ. სწორედ ამიტომ გვაქვს მუდმივად ყველა პროდუქტი ლიმიტირებული. 

ჩვენთვის არასდროს ყოფილა საინტერესო ბიზნესგეგმა, შესაძლო აუდიტორია, სტატისტიკა და მსგავსი, რუტინული რაღაცები – ჩვენ მუდმივად მივყვებით ადამიანებს, ვისმენთ მათ გულწრფელობას და ვქმნით პროდუქტს, რომელიც ამ ყველა გულწრფელ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს.

2021 წლის 5 ივნისს ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

ევროპის ჩემპიონატი და სოციალური მედია