in

12 თვე, 12 ავტორი – #გამომყევიევროპაში მწერალთან ერთად

მწერლები ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე კარგად გადმოსცემენ ამბებს. სიტყვები: „მოგზაურობა”, „თავგადასავალი” და სხვა, ხშირად გამოიყენება მათ ლექსიკონში. მწერლები გვამოგზაურებენ დროში, სხვადასხვა ქვეყანასა და განზომილებაშიც კი. ვინ იცის, წიგნის კითხვისას რამდენჯერ გიოცნებიათ, საყვარელ მწერალთან ერთად დაგელაშქრათ ახალ-ახალი ადგილები, ქალაქები თუ ღირსშესანიშნაობები, ეს ალბათ ყველა მკითხველის ოცნებაა…

თუმცა ოცნებიდან რეალობამდე არც ისე შორია. ტურისტული კომპანია „ვინგლეთი”, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა, ამჯერად ახალი ინიციატივით გამოვიდა – #გამომყევიევროპაში, რომლის ფარგლებში, 12 თვის განმავლობაში 12 ცნობილ ავტორთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში გეპატიჟებათ. როგორც ნამდვილ ტურისტულ კომპანიას შეეფერება, ტური დაგეგმილია თავისი ფრენებით, სასტუმროს ჯავშნებითა და ტრანსფერით, თუმცა მას უნიკალურსა და ორიგინალურს ის ხდის, რომ ყველა ტურში მწერალთან ერთად იმოგზაურებთ და ევროპის კულტურასა თუ ისტორიას მასთან ერთად გაეცნობით. არჩევანი საკმაოდ დიდია, სასურველ ქვეყანაში სასურველ მწერალთან ერთად შეგიძლიათ წასვლა, თუმცა ამ ეტაპზე სამი ტურის შესახებ ვისაუბრებთ: პარიზი ნენე კვინიკაძესთან ერთად, ვენა ლაშა ბუღაძესთან ერთად და ბერლინი დათო გორგილაძესთან ერთად

ვინგლეთის დამფუძნებელი და დირექტორია ანა კირკიტაძე, რომელიც ტურების დეტალებს გვაცნობს და გვესაუბრება, ვის და რატომ უნდა გავყვეთ ევროპაში:

M: ანა, როგორ გაჩნდა მწერლებთან ერთად ტურების დაგეგმვის იდეა?

მწერლებთან ერთად მოგზაურობის იდეა მოგზაურებზე ზრუნვის შედეგად დაიბადა. ვფიქრობდით, თუ როგორ გაგვეხადა მოგზაურობა უფრო შინაარსიანი, მეტად საინტერესო. გვინდოდა, რომ შინ დაბრუნებულ ადამიანს უფრო მეტი განცდა, ემოცია და მეხსიერება გამოჰყოლოდა მოგზაურობისას. მივხვდით, რომ ამაში ამბის საუკეთესო მთხრობელები, მწერლები დაგვეხმარებოდნენ. გარდა თხრობის ოსტატობისა, ისინი დაკვირვებასა და აღმოჩენაშიც არიან გამოცდილები. შთაგონებისა თუ იდეების ძიებისას ქალაქების უფრო ჯადოსნურ ადგილებს, ქალაქის უფრო მეტ შრეებს აღმოაჩენენ ხოლმე. მწერლები ხშირად ისეთ ავთენტურ ადგილებს პოულობენ, რომლისკენ მისასვლელი გზებიც შეიძლება ტურისტმა ვერც კი შეამჩნიოს.

M: რის მიხედვით შეარჩიეთ მწერლები?

გულწრფელად გითხრათ, არჩევის პროცესი მარტივი არ იყო. საქართველოში არაერთი შესანიშნავი მწერალია, რომელთაც მკითხველთა მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს. საბოლოოდ, მწერლები ორი კრიტერიუმით შევარჩიეთ: კონკრეტულ ქალაქთან პირდაპირი თუ ირიბი ასოცირება და წერის გარდა, ზეპირსიტყვიერი თხრობის მანერა. ვფიქრობ, ვერავინ გიამბობთ უკეთესად ათენზე, ვიდრე, ლევან ბერძენიშვილი, ან ვენაზე – ვიდრე ლაშა ბუღაძე, ვერც სალომე ბენიძეზე უკეთ გესაუბრებათ ვინმე რიგასა და ვილნიუსზე. 

M: თავად მწერლების მხრიდან როგორი დაინტერესება ჰქონდა ამ იდეას?

ჩემდა გასახარად, აბსოლუტურად ყველა ავტორი პირველივე შეთავაზებაზე დაგვთანხმდა, რადგან მსგავსი ამბები საქართველოში ხშირი არ არის. ტურისტული ბაზარი მრავალფეროვანი და მრავალშრიანია, თუმცა, ძირითადად, მოგზაურებს გართობა და ხანგრძლივი მოგზაურობები იტაცებთ. ცხადია, ამ პროექტს ბუნებრივად თან ახლავს განტვირთვა, საუკეთესო ემოციები და არაერთი დაუვიწყარი თავგადასავალი, თუმცა ეს პროექტი ინტელექტუალური ტურიზმის სახეობას განეკუთვნება, სადაც მოგზაურებს მოსმენა, ყურის მიგდება, დიალოგში შესვლა და ახალი შემეცნებითი ამბების გაგება მოუწევთ. 

 
M: როგორ შეიქმნა კამპანიის კონცეფცია?

კამპანიის კონცეფციას სააგენტო ვინგლეთი დიდხანს ამუშავებდა. ერთი მხრივ, ჩვენი სურვილი იყო, ხელი შეგვეწყო ინტელექტუალური ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში, ხოლო, მეორე მხრივ, გვინდოდა, ჩვენი მოგზაურებისათვის კიდევ უფრო მეტი წარმოდგენა შეგვექმნა ევროპულ ღირებულებებსა და ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქების იმ ისტორიულ გზაზე, რომლებიც თითოეულმა მათგანმა, მათმა საზოგადოებამ და მოქალაქეებმა, ევროკავშირამდე გაიარეს. ვინაიდან, ამჟამად საქართველოც იმავე გზას გადის, ვფიქრობ, ამ კონცეფციითა და მოწოდებით – #გამომყევიევროპაში, ხელს ვუწყობთ, როგორც ჩვენს პირველ მიზანს – ინტელექტუალური ტურიზმის განვითარებას, ასევე, პატივი გვაქვს, ჩვენი აგური დავდოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში.

 
M: რა ხანგრძლივობისაა ტური და რა შედის მის საფასურში? 

აღნიშნული ტურები ხუთდღიანია. მოგაზურებს ვთავაზობთ თურქეთის ავიახაზების ფრენებს, რომლებიც ხარისხითა და სტაბილურობით გამოირჩევა. 

სასტუმროები ქალაქის გულშია შერჩეული. იმისთვის, რომ ჩვენს ტურისტებს ავტორთან ერთად ჰქონდეთ საშუალება, ქალაქში ისეირნონ და არ მოუწიოთ ყოველდღიურად დიდი მანძილების ტრანსპორტით გავლა.

ცხადია, შიდა გადაადგილება სრულად ორგანიზებულია – ყველა ტურს, ავტორთან ერთად, ჰყავს გამყოლი, რომელიც ტექნიკურ საკითხებს აგვარებს. 

ჩვენი ავტორები მოგზაურებს 2 სრული დღე დაათვალიერებინებენ ქალაქს თავიანთი შეხედულებიდან გამომდინარე, ქუჩაც კი, რომელსაც გაივლიან, შესაძლებელია ძალიან საინტერესო ისტორიას ატარებდეს, ამიტომ ავტორები მოუყვებიან ამ ყველაფრის შესახებ.

გარდა ამისა, მოგზაურებს ვთავაზობთ ვახშმებს, რომლებსაც წინაწარ ვგეგმავთ შერჩეულ კაფეებსა თუ რესტორნებში, რადგან ევროპის ქალაქებში წინასწარი ჯავშნის გარეშე ძალიან რთულია, ხარისხიან რესტორანში შეხვიდე.

 
M: რით იქნება ეს ტურები მოგზაურებისთვის გამორჩეული სტანდარტული ტურებისგან? 

„12 თვე – 12 თავგადასავალი” მოგზაურებს არასტანდარტულ ტურებს სთავაზობს. მაგალითად, პარიზში, ცხადია, ნახავენ ეიფელის კოშკს, პარიზის სავიზიტო ბარათს, თუმცა, ავტორთან ერთად, ისინი სხვა, ისეთ ადგილებსაც დაათვალიერებენ და გაიცნობენ, სადაც, დიდი ალბათობით, არასოდეს ყოფილან. დაისვენებენ ტუილრის ბაღში, გზად შეხვდებათ და ისაუბრებენ კინოფილმებიდან ნაცნობ ადგილებზე; ისადილებენ Les Deux Magots-ში, ლიტერატურულ კაფეში, რომელსაც სტუმრობდნენ ალბერ კამიუ, ბორის ვიანი, პიკასო, აპოლინერი, ჰემინგუეი. შესაბამისად, პროექტი მოგზაურებისათვის, არამხოლოდ დასვენებისა და გართობის, ამასთანავე, შემეცნების საშუალებაც იქნება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ბესიკის ქუჩა 4, „ბესიკის ბიზნეს ცენტრი” – ოფისი: 104

ტელეფონი: 032 205 43 88

ვებგვერდი

[R]

100 Reasons To Rise — კამპანია დილის რუტინის მნიშვნელობაზე

ანტარქტიდას არაოფიციალური დროშა „პლასტმასის ნაგავსაყრელად“ იქცა